მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელთან შედარებით გაყიდვები 90%-ით შემცირდა - ჩაი "კონა"

608be4074f172
ინგა მურუსიძე
30.04.21 16:53
849
ივნისში პრემიუმ კლასის ჩაის მწარმოებელი კომპანია "კონა“ GTC-ის სავაჭრო ცენტრში მაღაზიას გახსნის. როგორც bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა ნატალია ფარცხალაძემ განუცხადა, მაღაზიაში აბსოლუტურად ყველა დასახელების და საფასო სეგმენტის ქართული ჩაი და ხელნაკეთი აქსესუარები, მათ შორის ჩაიდანი და ჭიქები გაიყიდება. ამჟამად „კონას“ ჩაის შეძენა „ბადაგის“ მაღაზიათა ქსელშია შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ პანდემიამდე „კონა“ ექსპორტზე 4 ქვეყანაში - საფრანგეთში, ჰოლანდიაში, ლატვიასა და გერმანიაში გადიოდა. ნატალია ფარცხალაძე bm.ge-სთან ყვება, რომ ჩაი ექსპორტზე ახლაც გააქვთ, მაგრამ - მცირე რაოდენობით.

„გაყიდვების უდიდესი წილი ლოკალურ ბაზარზე მოდიოდა. პანდემიამ კი გამოაჩინა, რომ ექსპორტი უფრო სტაბილურია. ახლა ვმუშაობთ ცივი ჩაის წარმოებაზე, რომელიც ჩვენს მაღაზიაში გამოჩნდება“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

რაც შეეხება პანდემიის გავლენას პროდუქციის ჯამურ რეალიზაციაზე, ნატალია ფარცხალაძის ინფორმაციით, გაყიდვები 2019 წელთან შედარებით 90%-ით შემცირდა.

„ახლა ვართ stand by-რეჟიმში, რადგან 2019 წელთან შედარებით გაყიდვები 90%-ით შემცირდა. გადავრჩით იმიტომ, რომ კომპანიას გარკვეული დანაზოგი ჰქონდა და უხელფასოდ არ დავრჩენილვართ, თუმცა ძალიან გვიჭირს. ჩაის წარმოება 10-ჯერ შევამცირეთ, რადგან მოთხოვნამ იკლო. პროდუქციის გაძვირება რომ თავიდან აგვეცილებინა, კომპანიამ მოგების მარჟაც შეიმცირა, რადგან ვაკვირდებით და ვხედავთ მომხმარებლის ქცევას - თუ ადრე 5 შეკვრა ჩაის ყიდულობდნენ, ახლა ერთს ყიდულობენ“, - ყვება „კონას“ მწარმოებელი.

კომპანიისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ლარის კურსის გაუფასურებაც.

„ჩვენთვის პრობლემაა ლარის კურსი; მაგალითად, შესაფუთ მასალას ვყიდულობ საფრანგეთში და 5 წლის წინანდელი ფასი ახლანდელისგან რადიკალურად განსხვავდება. მართალია, გაზრდილი ხარჯები პროდუქციის ფასში არ ავსახეთ, მაგრამ ეს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას ურტყამს“, - აღნიშნა ნატა ფარცხალაძემ.

„კონა“ ადგილობრივ ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა.