არავინ ითხოვს, რომ უცხოური პროდუქცია აიკრძალოს, უბრალოდ თანაბარ მდგომარეობაში გვინდა ყოფნა, - ამის შესახებ bm.ge-ის ჩაის მწარმოებელი კომპანია „კონას“ დამფუძნებელმა, ნატალია ფარცხალაძემ განუცხადა.
მეწარმე მცირე ბიზნესების წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და მათგან ორ მთავარს ასახელებს: ჰიპერმარკეტების მოთხოვნა, რეალიზაციაზე შეიტანონ პროდუქცია, წინასწარი გადახდის გარეშე და იმპორტირებული პროდუქციის დაბალი ფასი.
„სხვა მრავალ გამოწვევასთან ერთად მინდა ერთ კონკრეტულზე ვისაუბრო და ეს არის ზოგიერთი ქსელური მარკეტის ქმედება, რაც უკავშირდება რეალიზაციაზე პროდუქციის შეძენას. მე არ შემაქვს ჩაი მაგალითად „აგროჰაბში“ და სხვა დიდ ჰიპერმარკეტებში. პრობლემა არის ასეთი: თავად სურთ ეს თუ არა, უცხოელი მწარმოებელი არის უპირატეს მდგომარეობაში, ვიდრე ქართველი, რადგან მათი მწარმოებლისთვის ღირებულება უკვე გადახდილი აქვთ, ხოლო ჩვენს შემთხვევაში ასე არ არის, რეალიზაციაზე უნდათ პროდუქტი. ეს მიდგომა კი პატარა ბიზნესებს კლავს.
ჩვენ გვაქვს ხარჯები, რომლებიც უნდა გადავიხადოთ და რეალიზაციაზე პროდუქციის შეტანა, ანუ გაყიდვის შემდეგ ანაზღაურების, არ შეგვიძლია. რაც შეეხება სიტუაციიდან გამოსავალს, არავინ ითხოვს, რომ უცხოური პროდუქცია აიკრძალოს, უბრალოდ უნდა ჩავდგეთ თანაბარ სიტუაციაში. თუ უცხოელს უხდი პროდუქციის ღირებულებას, მაშინ ადგილობრივსაც უნდა გადაუხადონ. როგორ უნდა განხორციელდეს რეფორმა ზუსტად არ ვიცი, თუმცა ფაქტია, რომ ქართველ მწარმოებელს არავინ უდგას მხარში. არავინ ითხოვს უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებას, თანაბარ პირობებს ვითხოვთ. პრობლემაა ასევე იმპორტირებული ჩაის დაბალი ფასი, რასაც ადგილობრივი წარმოება კონკურენციას ვერ უწევს“, - თქვა მან.