მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პირველ ბრენდირებულ მაღაზიას ვხსნით“ - „კონა“

64539e834ca96
სალომე ხიდურელი
04.05.23 22:30
756
„რითეილ“ მაღაზიებში პროდუქციის რეალიზება ძალიან რთულია, ამიტომ ვცდილობთ, პრიორიტეტად ბრენდირებული მაღაზია ვაქციოთ,“ - ამის შესახებ BM.GE-ს პრემიუმ კლასის ჩაის მწარმოებელი ქართული ბრენდ „კონას“ დამფუძნებელმა, ნატალია ფარცხალაძემ განუცხადა. მისი განმარტებით, ახალ მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება მათი წარმოების 12 სახეობის ჩაი და ასევე სრულიად ახალი პროდუქციაც.

„ამჟამად „კონა“ აწარმოებს 12 სახეობის ჩაის, რომელიც შეგვაქვს ჰორეკა-ში, თუმცა ჩვენს მაღაზიაში, რომელიც „ბაზარში ორბელიანზე“ 12 მაისს გაიხსნება, უამრავი სახეობა გვექნება. მაღაზია ტექნიკურად უკვე მზადაა, თუმცა მალე მისი ოფიციალური გახსნა გვექნება. „კონას“ მაღაზიას განსხვავებული ფორმატი ექნება, რაც გულისხმობს სივრცეს, სადაც გაიყიდება როგორც ჩვენი ქართული ჩაი, ასევე ჩვენივე წარმოების ქართული ტრადიციული ტკბილეული (არა მხოლოდ ჩურჩხელა და ტყლაპი) და თაფლი, რა თქმა უნდა, ხარისხის გარანტიით“, - აღნიშნავს ნატალია ფარცხალაძე.

„კონას“ დამფუძნებლის განმარტებით, პრემიუმ ჩაის დასამზადებლად ბრენდი ნედლეულს მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებს.

„ჩვენ საკუთარი პლანტაციები არ გვაქვს, თუმცა ვიბარებთ საუკეთესო ხარისხის ქართულ ჩაის, ძირითადად გურიიდან, და შემდეგ რეალიზაციას ვუწევთ საქართველოში და საზღვარგარეთ. გარდა ამისა, მოგვყავს და ვაგროვებთ ბალახეულს მთელი საქართველოდან, დაწყებული კახეთით, დასრულებული სვანეთით, და შემდეგ მათ კომპოზიციებს ვქმნით“, - ამბობს ნატალია ფარცხალაძე.

მისი განმარტებით, კომპანია „რითეილ“ მაღაზიებიდან საკუთარი პროდუქციის გამოტანაზე მუშაობს, ამის მიზეზი კი მაღაზიების გადახდის პოლიტიკაა.

„ვცდილობთ, რომელ მაღაზიებშიც ვიყავით წარმოდგენილი, იქიდანაც გამოვიდეთ. „რითეილ“ ბაზარზე გადახდა პროდუქციის გაყიდვის შემდეგ ხდება, რაც მცირე ბიზნესისათვის დიდი ტვირთია და თანხის ბრუნვაშია სერიოზულ გარღვევებს იწვევს. მაღაზიებს მიაქვთ შენი პროდუქცია და ფულს ძალიან დაგვიანებით იხდიან, ან თუ იხდიან საერთოდ. ამ დროს ბიზნესს პროდუქტის წარმოება ფული უჯდება - ნედლეული, შესაფუთი, შრომა - ამ ყველაფერს პლუს დღგ, თანხის უკან ჩაბრუნება კი ძალიან გვიან ხდება“, - აცხადებს ნატალია ფირცხალაძე.

რაც შეეხება „კონას“ სამომავლო გეგმებს, დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ახალი მაღაზიის კონცეფცია გაამართლებს, ბრენდი მას საზღვარგარეთაც გაიტანს.

„ჩვენი ჩაი საზღვარგარეთ უკვე გაგვიტანია, მათ შორის საფრანგეთსა და გერმანიაში, თუმცა ძალიან მცირე მასშტაბებით. არ მინდა წინასწარ ვისაუბრო ამაზე, თუმცა თუ მაღაზიის კონცეფციამ გაამართლა, და წესით უნდა გაამართლოს, საზღვარგარეთ ასეთი ფორმატის მაღაზიების გახსნაზე ვიფიქრებთ“, - ამბობს ნატალია ფირცხალაძე.

„კონა“ ადგილობრივ ბაზარზე 2016 წლიდან გამოჩნდა. კომპანიის საწყისი ინვესტიცია 27 000 ლარს შეადგენდა. რაც შეეხება პროდუქციის ღირებულებას, 50გრ. ჩაის შეძენა, საშუალოდ, 12 ლარად შეგეძლებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები