მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბრენდული მაღაზია ჩვენთვის საუკეთესო ფორმატი აღმოჩნდა" - "კონას" გეგმები

კონა

ქართული პრემიუმ ჩაის მწარმოებელი კომპანია "კონა" ასორტიმენტს აფართოებს და მომხმარებელს ქართული ტკბილეულის ახლებურ ვარიაციას სთავაზობს. სტარტაპი მცენარეული ჩაის, თაფლისა და ტკბილეულის სხვადასხვა შემადგენლობის ყუთების წარმოებაზე გადადის - ამის შესახებ BMG-ს "კონას" დამფუძნებელმა, ნატალია ფარცხალაძემ განუცხადა.

მისი თქმით, კომპანიას ქართული ტკბილეულის განვითარების საშუალება ბრენდირებული მაღაზიის გახსნამ მისცა.

"ფიზიკური სივრცის გახსნამ ჩაის ბაზაზე შექმნილი ტკბილეულის განვითარების საშუალება მოგვცა, რაც თავიდან ექსპერიმენტულ რეჟიმში დავიწყეთ. შეიძლება ითქვას, ინოვაციაა ქართულ ბაზარზე ეს ტკბილეული. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ქართულ ტკბილეულად მხოლოდ ჩურჩხელა და ტყლაპი მოიაზრება და, სადაც არ უნდა წახვიდე, არჩევანი ყველგან იგივეა. ის რომ იყოს თან ქართული, ჯანსაღი, გემრიელი და თან საქართველოდან საჩუქრად შეგეძლოს უცხოეთში წაღება, აქამდე ყოველთვის ჭირდა და, სწორედ ამიტომ, ჩაის ბაზაზე შევქმენით რამდენიმე სახეობა ტკიბეული. მაგალითად “ჩაის კოკლოზინა” - სხვადასხვანაირი ქართული ტრადიციული ჩირეული და თხილეული, რომელიც ჩვენსავე ჩაიშია ჩახარშული. ასევე გვაქვს არაჩვეულებრივი, ნარჩევი თაფლის ხაზი და, გარდა იმისა, მაცერირებული ბალახეულის ჩაი, რაც ნაყენს ძალიან საინტერესო გემოს აძლევს - ამ ყველაფერმა ერთად ძალიან გაამართლა.

ამიტომ ვაპირებთ, რომ სასაჩუქრე ყუთების წარმოებაზე გადავიდეთ. წინა წლებში მხოლოდ ჩაის მაინც უჭირდა გაყიდვა, ამიტომ სხვა კომპანიები თავიანთ სასაჩუქრე "ბოქსში" ხშირად იყენებდნენ “კონას”, ახლა თავად გავაკეთებთ, რადგან ტკბილეულის მრავალფეროვნებაც გვაქვს და ყველაფერი ერთად ლამაზად შეიფუთება - ახალ წლამდე ამ პროდუქტზე ვიმუშავებთ", - აღნიშნავს ნატალია ფარცხალაძე.

მისივე თქმით, მომხმარებელს სასაჩუქრე ყუთის შიგთავისისა და გაფორმების არჩევის საშუალება თავად ექნება, რის გამოც ყუთების ფასი განსხვავებული, თუმცა ხარისხის შესაბამისი და კონკურენტუნარიანი იქნება.

ნატალია ფარცხალაძე აღნიშნავს, რომ "კონას" პრემიუმ ხარისხის ჩაი სუპერმარკეტების ქსელებში ხელმისაწვდომი არ არის, რადგან შემოსავლის გენერირების კუთხით, ადგილობრივი წარმოებისთვის ბრენდული მაღაზია უფრო შედეგიანი აღმოჩნდა.

"მაღაზიის გახსნა იყო გადასარევი ფორმატი "კონასთვის", იმიტომ რომ, რადგან თვითონ კონას მთელი კონცეფცია ის არის, რომ მთელი საქართველოდან საუკეთესო და ყველაზე საინტერესო ჩაი აწარმოოს, რომელსაც დიდ ქსელებში ვერ იყიდი. ამით ჩაის მეწარმეებსაც ვუწყობთ ხელს, რაც ცალკე სასიხარულოა.

მაღაზიამ ძალიან გაამართლა, თვითონ “ბაზარი ორბელიანი” არ არის თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმზე, მოლოდინი გვაქვს რომ ხალხი უფრო მეტად დაიწყებს სიარულს, რადგან ძალიან კარგი ადგილია", - ამბობს "კონას" დამფუძნებელი.

სიახლეებზე საუბრისას კომპანიის დამფუძნებელი ასევე აღნიშნავს, რომ ფრანგულმა მაუწყებელმა Arte "კონასთან" ერთად ქართული ჩაის შესახებ დოკუმენტურ ფილმზე მუშაობა გასულ კვირას დაასრულა.

"სასიხარულო სიახლე ის გვაქვს, რომ ახლახან დავასრულეთ 10-დღიანი გადაღებები ფრანგულ არხ “არტესთვის”. დოკუმენტური ფილმი ქართულ ჩაიზე, 150-მილიონიანი აუდიტორიისთვის მომდევნო თვეებში გამოვა - ძალიან სასიამოვნო იყო, რომ დაინტერესდნენ ქართული ჩაით და ამხელა აუდიტორია გაიგებს, რამდენად კარგია ის", - ამბობს ფარცხალაძე.

ცნობისთვის, "კონა" 12 სახეობის ჩაის, მათ შორის, ტრადიციულ გემოებთან ერთად, სხვადასხვა ბალახეულის კომპოზიციებს აწარმოებს. კომპანიას საკუთარი პლანტაციები არ აქვს, ქართულ ჩაის კი ქვეყნის ყველა რეგიონიდან იბარებს.

„კონა“ ადგილობრივ ბაზარზე 2016 წლიდან გამოჩნდა. საწყისი ინვესტიცია 27 000 ლარს შეადგენდა. რაც შეეხება პროდუქციის ღირებულებას, 50გრ. ჩაის შეძენა, საშუალოდ, 12 ლარადაა შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები