ჩაის მწარმოებელი კომპანია Greengold-ი 500,000 ევროს ინვესტიციას ელოდება - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილის“ კომპანიის დამფუძნებელმა და ჩაის მწარმოებელთა გაერთიანება „საქართველოს ჩაის რესპუბლიკის“ წევრმა ნიკა სიორიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კომპანია ევროპელ პარტნიორთან მსხვილი საინვესტიციო შეთანხმების ფინალურ ეტაპზეა, რაც ქართული ჩაის სექტორისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
"დაახლოებით, ნახევარ მილიონ ევროზეა საუბარი. [...] ეს ევროპული კომპანია თუ შემოვიდა ქართულ ბაზარზე, მარტო Greengold-ისთვის კი არა, მთლიანი ჩაის სექტორისთვის ძალიან დიდი ნაბიჯი იქნება. უკვე მოითხოვა ბაზარმა და ჩვენი კომპანია მზად არის, დაახლოებით 40-დან 50 ჰექტარამდე პლანტაცია კიდევ აიღოს იჯარით, მოუაროს და აწარმოოს ორგანული ჩაი“, - აღნიშნა ნიკა სიორიძემ.
მისივე თქმით, Greengold-ში უკვე განხორციელებულია 600 000 ლარამდე ინვესტიცია და დამატებით, 500 000 ევროს მოზიდვა კომპანიას საშუალებას მისცემს, ჩაის კრეფისა და გადამუშავების სეზონი 5 თვიდან 9 თვემდე გაზარდოს და ადგილობრივი მუშახელი უფრო ხანგრძლივად დაასაქმოს. ამჟამად საწარმოში მუდმივად 7 ადამიანია დასაქმებული, ხოლო სეზონურად - 40-მდე ადგილობრივი ქალბატონი.
Greengold-ის ისტორია 2017 წლიდან იწყება, როდესაც ორმა მეგობარმა გურიაში, სოფელ მშვიდობაურში, ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამისა და შეღავათიანი აგროკრედიტის/გრანტის მხარდაჭერით 25 ჰექტარი გაველურებული პლანტაცია იჯარით აიღეს. სამწლიანი შრომისა და შესაბამისი დანადგარების შეძენის შემდეგ, საწარმომ ჩაის გამოშვება დაიწყო.
“მთავარი არც ჩაის პლანტაციები არ არის, არც მანქანა-დანადგარები, გააჩნია რას აკეთებ და როგორ აკეთებ. ჩვენი ძირითადი წარმატება მაშინ მოვიდა, როდესაც მეგობრები, პარტნიორები და ცოდნა შევიძინეთ”, - აცხადებს ნიკა სიორიძე.
ამჟამად კომპანია წლიურად 7-დან 10 ტონამდე პრემიუმ/ელიტარულ ორგანულ ჩაის აწარმოებს, საიდანაც პროდუქციის, დაახლოებით, 85% ექსპორტზე გადის.
როგორც ნიკა სიორიძემ “წერტილთან” ინტერვიუში თქვა „გრინგოლდის“ ორგანული ჩაი ევროპის 15-მდე ქვეყანაში გადის. ექსპორტის ძირითად ბირთვი სამი ქვეყანაა: საფრანგეთი, გერმანია და ჩეხეთი. ევროპელი პარტნიორები ჩაის ნედლეულის სახით ყიდულობენ და საკუთარი ბრენდის ქვეშ ყიდიან, თუმცა შეფუთვასა თუ ვებგვერდებზე მკაფიოდ უთითებენ წარმოშობის ადგილს - გურიას.
„საფრანგეთში თვითონ შეფუთვებზე ჩემი და ჩემი პარტნიორის სახელებიც აწერია. ევროპა განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევს ყველა დეტალს - ჩვენი არტიზანული ჩაი მართლაც განსხვავებულია და თავისი უნიკალური გემოთი გამოირჩევა“, – აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
ევროპის გარდა, “გრინგოლდის” ჩაი აშშ-შიც იყიდება. როგორც ნიკა სიორიძემ თქვა, Organic და FDA სერტიფიკატების წყალობით, „გრინ გოლდის“ საწარმოშივე ხდება აზიური პარტნიორი კომპანიის ჩაის შეფუთვა და საქართველოდან აშშ-ში გაგზავნა.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, პროდუქცია "La Familia"-ს ბრენდის ქვეშ იყიდება, სადაც შეფუთვის უკანა მხარეს მითითებულია, რომ ჩაი გურიაში, „გრინ გოლდის“ მიერ არის წარმოებული.























