მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრ [დავით სონღულაშვილს] პირდაპირ ვუთხარი, რომ თუ რამე სჭირდება ქართულ ჩაის, ეს ცნობადობის ამაღლებაა|ნიკა სიორიძე

ნიკა სიორიძე

„მინისტრ დავით სონღულაშვილს პირდაპირ ვუთხარი, რომ თუ რამე სჭირდება ქართულ ჩაის, ეს ცნობადობის ამაღლებაა“ – ამის შესახებ გადაცემა „წერტილის“ ეთერში ჩაის მწარმოებელი კომპანია Greengold-ის დამფუძნებელმა და ჩაის მწარმოებელთა გაერთიანება „საქართველოს ჩაის რესპუბლიკის“ წევრმა ნიკა სიორიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამამ, რომლითაც Greengold-მაც ისარგებლა, თავისი მისია შეასრულა და ახლა დროა, სახელმწიფომ რესურსები არსებული საწარმოების მარკეტინგულ მხარდაჭერასა და ცნობადობის გაზრდას მოახმაროს.

საქმე ის არის, რომ ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა 2016-2024 წლებში იყო აქტიური და სოფლის განვითარების სააგენტოს თანახმად, დაახლოებით, 8 წელიწადში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის 3 მლნ ლარი დაიხარჯა. სულ რეაბილიტირებული იქნა 1,489 ჰექტარი ჩაის ფართობი იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში. პროგრამის მონაწილეებს უფინანსდებოდათ რეაბილიტაციის ხარჯების 70%, მაქსიმიმუმ 2,500 ლარის ფარგლებში 1 ჰექტარზე გაანგარიშებით.

„რამდენიმე კვირის წინ ჩაის მწარმოებლები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ვესწრებოდით, სადაც მეც ვთქვი, რომ დროებით შეჩერდეს ჩაის სექტორის რეაბილიტაციის მიმდინარე სახელმწიფო პროგრამები. მიმაჩნია, რომ აღნიშნული მიმართულებით გამოყოფილი ფინანსური და მატერიალური რესურსი არსებული პლანტაციებისა და მოქმედი საწარმოების მხარდაჭერას, კერძოდ კი, მარკეტინგულ აქტივობებსა და პროდუქციის ცნობადობის ამაღლებას უნდა მოხმარდეს. მინისტრთან კომუნიკაციისას ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ამ ეტაპზე ქართული ჩაის სექტორის განვითარების მთავარი პრიორიტეტი სწორედ მარკეტინგული პოზიციონირების გაძლიერებაა… ჩემი აზრით, ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა გაგრძელდება თუ ჩაის სექტორი შედეგებს დადებს”, - განაცხადა ნიკა სიორიძემ.

Greengold-ის დამფუძნებლის თქმით, დღესდღეობით, ქართული ჩაის სექტორს სამი ძირითადი საყრდენი სჭირდება, რათა წარმოება ეფექტიანი და მომგებიანი გახდეს:

შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის, “რაც ჩაის მწარმოებლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”.

მარკეტინგი, პიარი და ცნობადობის ამაღლება – როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე;

ცოდნისა და ტექნოლოგიების ამაღლება – უცხოური გამოცდილების გაზიარება და ხარისხის მუდმივი დახვეწა.

რაც შეეხება ჩაის მწარმოებლების გამოწვევებს ადგილობრივ ბაზარზე, Greengold-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ უმთავრესი დაბრკოლება სუპერმარკეტების ქსელებში შესვლა და მომხმარებლის ცნობადობაა.

ქართული ჩაის პოპულარიზაციისა და საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირებისთვის მნიშვნელოვანი შეიქმნა ახალი სექტორული გაერთიანება – „საქართველოს ჩაის რესპუბლიკა“. შვეიცარიული ორგანიზაცია „ჰელვეტასის“ (Helvetas) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით შექმნილი პლატფორმა 35-ზე მეტ ადგილობრივ მწარმოებელს აერთიანებს და მათ შორისაა Greengold-ი.

„საქართველოს ჩაის რესპუბლიკის” მთავარი მიზანი ჩაის სექტორში თანამშრომლობის გაძლიერება, ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესება და ქართული ჩაის ერთიანი იდენტობით პოპულარიზაციაა.

„ჩაის რესპუბლიკის“ წევრები გეგმავენ საერთო ბრენდის შექმნასაც, რომელსაც ადგილობრივ და საერთაშორისო მომხმარებელს, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან წარუდგენენ.

„როდესაც სარეალიზაციო ქსელში ქართულ და იმპორტირებულ ჩაის იდენტური საფასო კატეგორია აქვს, ვფიქრობ, მომხმარებელი უპირატესობას ადგილობრივ პროდუქციას მიანიჭებს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ მაღალი ხარისხისა და გამორჩეული გემოვნური თვისებების მქონე პროდუქტი, რომლის საფასო პოლიტიკაც ხელმისაწვდომი იქნება ფართო მომხმარებლისთვის. სწორედ ამ ეტაპზე ხდება აუცილებელი სახელმწიფოს მხარდაჭერა, კერძოდ, პროდუქციის ცნობადობის გაზრდისა და მარკეტინგული პოზიციონირების მიმართულებით“, – განმარტავს მეწარმე ნიკა სიორიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები