მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოწვევებია ჩაის წარმოებაში?

6453ac380a915
სალომე ხიდურელი
07.05.23 20:30
643
„სახელმწიფო საერთოდ არ სვამს კითხვას, თუ რა პრობლემები აქვთ ქართველ მეწარმეებს“, - ამის შესახებ BM.GE-ს ჩაის მწარმოებელი ქართული კომპანიის, „კონას“ დამფუძნებელმა ნატალია ფარცხალაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, მცირე მეწარმეებისათვის ორი მთავარი პრობლემა დგას.

„ერთი ის, რომ ქართული ბაზარი არ არის მაღალმსყიდველუნარიანი და მეორე ის, რომ რეალიზაცია ხდება After Sale [გაყიდვების შემდეგ] პრინციპით, ანუ მაღაზიას მიაქვს შენი პროდუქტი და თანხას გაყიდვის შემდეგ გიხდიან - ეს წარუმატებლობის ფორმულაა, თუ რამე არ მოიფიქრე. სხვანაირი რეგულაციებია საჭირო იმისთვის, რომ მცირე მეწარმე უბრალოდ გადარჩეს. შესაძლებელია, ვიღაცას ჰქონდეს იმის უნარი, რომ თანხის ბრუნვაში ამხელა გარღვევას გაუძლოს და ამ სისტემით იმუშაოს, თუმცა მცირე ბიზნესს ამის ფუფუნება არ აქვს“, - ამბობს მეწარმე.

კიდევ ერთ გამოწვევად „კონას“ დამფუძნებელი ინვესტიციებისა და სამუშაო ძალის ნაკლებობას ასახელებს.

„ასეთი შეკრული წრე გვაქვს: ჩაი სეზონზე უნდა მოიკრიფოს, რისთვისაც საჭიროა ადამიანი, რომელიც ამას გააკეთებ და ფული, რომელსაც მას გადაუხდი. აქ უკვე აწყდები პრობლემას მკრეფავი აღარ არის. სტატისტიკა ჯიუტია, ის ადამიანები, ვინც რეგიონებიდან ემიგრაციაში მიდიან, აქამდე ჩაის ფოთოლს კრეფდნენ. თუმცა კადრს ყოველთვის იპოვი, თუ გაქვს ფული, რომ გადაუხადო. ეს ფული მეჩაიეებს არ აქვთ, ძალიან ღატაკი ინდუსტრიაა. ჩაის მოსავალი რომ მოიკრიფოს ერთი თვის განმავლობაში, ერთბაშად ძალიან დიდი ინვესტიციაა საჭირო, რომელიც მცირე მეწარმეებს არ აქვთ. აქ გამოსავალი შესაძლოა, იყოს არა გრანტები, არამედ შეღავათიანი სესხები მცირე მეწარმეებისთვის, რომლის პროცენტის გადახდასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს, მაგრამ ეს არ ხდება“, - ამბობს ნატალია ფარცხალაძე.

ჩაის მწარმოებელი ქართული პროდუქციის იმპორტულ ჩაისთან კონკურენტუნარიანობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ადგილობრივი წარმოების ჩაი, ფასისა და ხარისხის კომბინაციით, შემოსულ პროდუქციას კონკურენციას ვერ უწევს.

„რა თქმა უნდა, იმპორტული ჩაის პრობლემა არის, მაგრამ ის, რომ „მარიამი“, „ლიპტონი“.. ყოველთვის უფრო იაფი დაჯდება, არახალია და გასაკვირი არ არის. მათ სხვა საწარმო საშუალებები და ერთეულებზეც ნაკლები ხარჯი აქვთ. იმხელა ინდუსტრიაზეა საუბარი, რომ ქართული ჩაი ამ ინდუსტრიის კონკურენტი არ არის.

გარდა ამისა, ჩვენთან ბაზარიც არასტაბილურია. არიან ისეთები, ვინც აფასებს ხარისხიან ჩაის, თუმცა არ აქვს საშუალება, ამაში მაღალი ფასი გადაიხადოს. მხოლოდ განწყობა და ყიდვის სურვილი არ არის საკმარისი, რომ მაღალხარისხიანი ქართული ჩაი ბაზარმა მთლიანად შეიწოვოს“, - აცხადებს ნატალია ფარცხალაძე.

რაც შეეხება „კონას“ პროდუქციას, ბრენდი 12 სახეობის პრემიუმ ჩაის 2016 წლიდან აწარმოებს. მათი შეძენა შესაძლებელია როგორც „ჰორეკა“ სექტორის კომპანიებში, ასევე „კონას“ ბრენდირებულ მაღაზიაში. 50 გრ.-ს ფასი კი, საშუალოდ, 12 ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები