მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წლის ინფლაციის მაჩვენებლები ძირითადი სამომხმარებლო ჯგუფების მიხედვით

5e14cad5ae536
ირაკლი მაკალათია
07.01.20 22:16
4592
2019 წელს საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 7,0% შეადგინა. ბოლოს 7%-ზე მაღალი ინფლაცია 2010 წელს იყო, როდესაც ის 11.2% შეადგენდა. ინფლაციის განხილვისას აუცილებელია ერთ მნიშვნელოვან ფაქტს მივაქციოთ ყურადღება, წლიური ინფლაციის დონე გვიჩვენებს თუ როგორ გაიზარდა ფასების საშუალო მაჩვენებელი მოცემულ წელს წინა წელთან შედარებით, ხოლო გრძელვადიან პერიოდში ეს ნიშნავს მოსახლეობის მყიდველუნარიანობის კლებას. მაგ; 2017 წელს მაღალი ინფლაციის შემდეგ 2018 წელს ინფლაციის დონე ნიშნავს შემდეგს: 2017 წელს ფასების დონე მკვეთრად გაიზარდა წინა წელთან შედარებით, ხოლო 2018 წელს ფასები შედარებით მცირედით გაიზარდა უკვე მკვეთრად გაზრდილ ფასებთან მიმართებით. ამიტომაც ინფლაციის დონის მაჩვენებლები გრძელვადიან პერიოდში უნდა განვიხილოთ და ვნახოთ თუ როგორ იცვლება ვალუტის მყიდველუნარიანობა.



ინფლაციის დათვლის მეთოდოლოგიის სამომხმარებლო კალათაში, ყველაზე დიდი ხვედრითი წონით წარმოდგენილია: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (30,8%); ტრანსპორტი (12,1%); საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (8.8 %); ჯანმრთელობის დაცვა (8,0%) და ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (6,6%).

სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სურსათისა და ჯანდაცვის ხარჯებია, რადგანაც მათ სამომხმარებლო კალათაში ამ ჯგუფების ხვედრითი წონა კიდევ უფრო მაღალია. 

ბოლო 5 წლის განმავლობაში ფასების ყველაზე მაღალი ცვლილებებით, სწორედ სურსათი და უალკოჰოლო სასმელების; ჯანმრთელობის დაცვის; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოსა და ტრანსპორტის ჯგუფები გამოირჩევიან.



სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (30,8%)

მოსახლეობაში ყველაზე მეტად მოხმარებადი სამომხმარებლო ჯგუფი სწორედ სურსათის ჯგუფია, შესაბამისად მაღალი ფასები და გაძვირებული პროდუქტები მგრძნობიარედ აღიქმება მოსახლეობაში. ხოლო რაც უფრო დაბალ შემოსავლიანი მოსახლეობის ჯგუფს ვიხილავთ, აქ განსაკუთრებით მტკივნეულაად აღიქმება თითოეული გაძვირებული პროდუქტი.

2019 წელს ამ ჯგუფში ფასები გაიზარდა 12.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.78 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (31.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (14.8 პროცენტი), თევზეული (14.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (14.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (13.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (10.7 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (9.1 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (6.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5.0 პროცენტი), ასევე ზეთი და ცხიმი (4.6 პროცენტი).

როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, წარმოდგენილი ინფლაციის მაჩვენებლები მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში გაძვირებულ პროდუქტების ფასებს გვიჩვენებს, ხოლო გრძელვადიან პერიოდში ინფლაცია კიდევ უფრო მაღალია, რაც უარყოფითად აისახება კიდეც მოსახლეობის მყიდველუნარიანობაზე. მოგეხსენებათ საქსტატი ახალი მეთოდოლოგიით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშებისას საბაზისო წლად 2015 წელს იყენებს. ეკონომიკური განვითარების კვალდაკვალ, ინდივიდუალურ დონეზე განვიხილოთ რამდენიმე ძირითადი პროდუქტის ფასები 5 წლიან პერიოდში.



როგორც ვხედავთ ძირითადი მოხმარების პროდუქტების ფასები მკვეთრად არის მომატებული, თუმცა რიგ პროდუქტებზე, მიმდინარე წელს უფრო მეტად გაიზარდა ფასები ვიდრე 5 წლის განმავლობაში, რაც დაკავშირებულია ამ პროდუქტებზე გასული წლებში ფასების კლებასთან.

ინფლაციის მეტად პრობლემატური საკითხის გამომწვევი მიზეზები მარტივი ეკონომიკური ჭეშმარიტებაა. ქვეყანაში დაბალია წარმოების დონე. შემცირებული წარმოება ან გაზრდილი მოთხოვნა განაპირობებს სასაქონლო დეფიციტსა და ამ პროდუქტებზე ფასების ზრდას, ხოლო ქვეყნის იმპორტდამოკიდებულების (იმპორტის წილი საგარეო სავაჭრო ბრუნვაში შეადგენს 71%-ს) გამო, ლარის კურსის ყოველი გაუფასურება აძვირებს იმპორტირებულ პროდუქციას, რაც შესაბამისად აისახება სამომხმარებლო ბაზარზე.

ტრანსპორტი (12,1%)

ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.9 პროცენტიანი მატება, რაც 0.35 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (4.6 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.5 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.2 პროცენტი). ბოლო პერიოდში აქციზის ზრდითა და ლარის გაუფასურებით გამოწვეული იყო საწვავის ფასის ზრდა, რამაც თავისი გავლენა ასახა მგზავრობის ღირებულებაზე, ხოლო ოქტომბერში თბილისის მასშტაბით ტაქსების რეგულაციამ გააძვირა ტაქსის მომსახურება და შესაბამისი გავლენა იქონია ინფლაციის მაჩვენებელზე.



ჯანმრთელობის დაცვა (8,0%)

ჯანდაცვის ჯგუფი მოსახლოებისათვის ერთ-ერთი მგრძნობიარე სამომხმარებლო ჯგუფია, დაბალ შემოსავლიან მოსახლეობის ჯგუფებში კი სურსათის ჯგუფის შემდეგ ყველაზე მეტად მტკივნეული და პრობლემატურია. მედიკამენტებზე მაღალ ფასებს განსაზღვრავს ორი ფაქტორი: 1. ლარის კურსის გაუფასურება, რაც აძვირებს იმპორტირებულ პროდუქტებს და მაღალ ფასებს განსაზღვრავს ადგილობრივ ბაზარზე და 2. ოლიგოპოლიური ფარმაცევტული ბაზარი, მაშინ როცა არ არის ბაზარზე კონკურენცია, როცა რამდენიმე კომპანია განსაზღვრავს ბაზარზე ფასებს, როცა ამ ბიზნესში მყოფი ადამიანები სხედან პარლამენტში და გავლენა აქვთ პოლიტიკურ მონოპოლიაზე, ცხადია გვაქვს ის საფასო პოლიტიკა რასაც ყოველდღე ვუყურებთ ბაზარზე. ამასთან მედიკამენტები და ჯანდაცვის მომსახურება არაელასტიკური პროდუქტებია, ანუ მასზე ფასის ცვლილება დიდ გავლენას ვერ ახდენს მომხარებელთა მოთხოვნაზე. გაძვირების მიუხედავად ადამიანები იძულებულნი არიან იყიდონ მაღალფასიანი პროდუქტები, რითაც სარგებლობს კიდეც ფარმაცევტული კომპანიები და ფასების შემცირებით თავს არ იწუხებენ. პრობლემის გადასაჭრელად, ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, ეროვნული ვალუტის კურსის დასტაბილურების, პოლიტიკური მონოპოლიების გაქრობისა და ჯანდაცვის სფეროში კონკურენციის დამკვიდებით. ჯანდაცვის სფეროში გაზრდილ ფასებზე თავის მხრივ გავლენა იქონია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამაც. საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, როცა სახელმწიფო ახდენს კლინიკების სუბსიდირებას, ეს მოტივაციას აჩენს ტარიფებისა და მომსახურების ფასების გაზრდაზე. როცა კერძო თუ სახელმწიფო კლინიკები თუ ფარმაცევტული კომპანიები ხედავენ, რომ პაციენტების თანადაფინანსებაში შემოდის სახელმწიფო, მოტივაცია ექმნებათ, რომ მეტი მოგებისა და დამატებითი შემოსავლების მისაღებად ხელოვნურად გაზარდონ ფასები.

მაღალი ინფლაციით ხასიათდება სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების ძირითად ჯგუფები: სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები, ტკვილგამაყუჩებელი მედიკამენტები, ანტიბიოტიკები, საჭმლის მომნელებელი სისტემის და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები.



ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (6,6%)

მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო ჯანმრთელობისთვის არარეკომენდირებული პროდუქტებია, ჩვენს რეალობაში მაღალია მათი მოხმარების ხვედრითი წონა, ხოლო აქციზის განაკვეთის ზრდა იმ მოტივით რომ ადამიანები მოწევას თავს დაანებებენ, არ ამართლებს, პირიქით ადამიანები გადადიან იაფიან პროდუქტებზე, რაც კიდევ უფრო საზიანოა მათი ჯანმრთელობისათვის. ასევე ამ პროდუქტებზე დამოკიდებულება იწვევს საომხმარებლო ხარჯების ზრდას და სხვა პროდუქტების შეძენისთვის დანაზოგების შემცირებას. თამბაქოზე ფასების ზრდა იწვევს კონტრაბანდული პროდუქტების მომრავლებას, რითაც მხოლოდ ერთეული კონტრაბანდისტი იღებს სარგებელს, სამაგიეროდ ადგილობრივი წარმოების განვითარებას უშლის ხელს.

ცხადია 5 წლიან დინამიკაში პროდუქტებზე საგრძნობლად არის ფასები გაზრდილი, რაც პირველ რიგში აქციზის ზრდით არის გამოწვეული, ასევე ლარის კურსის გაუფასურებითა და იმპორტირებული პროდუქტების გაძვირებით.