მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ: აპრილში იმპორტირებული საქონლის ფასებზე დეფლაცია დაფიქსირდა

6453cce0eed0e
BM.GE
04.05.23 19:29
575
აპრილში საქართველოში წლიური ინფლაციის დონე 2.7%-მდე შემცირდა - ასეთი დაბალი ინფლაცია ქვეყანაში 2021 წლის იანვრის შემდეგ არ ყოფილა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვის მიხედვით, ფასების კლებას ძირითადად იმპორტირებული საქონლის დეფლაცია განაპირობებს, რაც ლარის გამყარებით და საერთაშორისო ფასების კლებით არის გამოწვეული. ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზე კი 10.6%-იანი ინფლაცია ნარჩუნდება

“ინფლაციის შემცირებას მეტწილად იმპორტული ინფლაციის კლება განაპირობებს. ბოლო თვეებში იმპორტულ ინფლაციას მკვეთრად კლების ტენდენცია აქვს, რასაც საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქტების ფასების და საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებასთან ერთად ლარის კურსის გამყარება უწყობს ხელს. აპრილში იმპორტირებული საქონლის წლიური 6.4%-იანი დეფლაცია დაფიქსირდა. დაახლოებით ასეთივე დინამიკას აქვს შერეულად წარმოებული პროდუქტების ფასებს, რომელთა დეფლაცია აპრილში 2.4%-ს გაუტოლდა.

ჯერ ისევ მაღალია, თუმცა ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების წლიურმა ინფლაციამ წინა თვესთან შედარებით, ძირითადად სურსათის ხარჯზე, 1.4 პპ-ით მოიკლო და 10.6% შეადგინა. მაღალი ადგილობრივი ინფლაცია ზოგიერთი ადგილობრივად ნაწარმოები სურსათის (პირველ რიგში პური, ყველი, ხორცი) და მომსახურების წლიურ გაძვირებას (10.8%) უკავშირდება. თავის მხრივ, მომსახურების მაღალი ინფლაცია დიდწილად უცხოელთა რაოდენობის მკვეთრი მატების შედეგად მომსახურებაზე გაზრდილი ფასებით შეიძლება აიხსნას. აქედან ყველაზე გამოსარჩევი, ბინის ქირაა, რომლის წვლილი მომსახურების ინფლაციაში 2.3 პპ-ია,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები