მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს ყველაზე მეტი პრემია სებ-სა და სემეკში გაიცა - IDFI

60b1431b8620e
თამთა ჯიჯავაძე
28.05.21 23:17
983
2020 წელს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში და სხვა დამოუკიდებელ უწყებებში ფულადი ჯილდოებისა და სახელფასო დანამატების გაცემის პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისი არაერთგვაროვნად აისახა სხვადასხვა უწყების სახელფასო პოლიტიკაზე. სსიპ-ებსა და დამოუკიდებელ უწყებებში 2020 წელს გაცემული პრემიების და სახელფასო დანამატების შესახებ IDFI-მ კვლევა მოამზადა, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2020 წელს, კვლევის ობიექტი 77 უწყებიდან, საშტატო თანამშრომლებზე ფულადი ჯილდო (პრემია) ან/და სახელფასო დანამატი 44 საჯარო დაწესებულებაში ჯამში 21,5 მილიონი ლარის ოდენობით გაიცა, საიდანაც ფულადი ჯილდოს (პრემია) ოდენობაა – 9,5 მილიონი ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის - 12 მილიონი ლარი.

ამასთან, IDFI-ს კვლევის მიხედვით, 2020 წელს, ყველაზე მეტი თანხა საშტატო თანამშრომლებზე ფულადი ჯილდოს (პრემიის) სახით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (5,5 მილიონი ლარი) და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (3 მილიონი) გასცა. ხოლო სახელფასო დანამატის სახით - საქართველოს პროკურატურამ (3,5 მილიონი ლარი) და სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა - (2,3 მილიონი ლარი).

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ და 4-მა წევრმა 2020 წელს პრემიის სახით მიიღო სულ 218,176 ლარი. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ და კომისიის 3-მა წევრმა 2020 წელს ჯამში 128 208 ლარი, ხოლო ეროვნული ბანკის ორმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯამში 94 760 ლარი;

საქართველოს პროკურატურაში, თანამდებობის პირებზე სახელფასო დანამატის სახით გაიცა - 731 60 ლარი, ხოლო სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში - 228 440 ლარი.

2020 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს თანამდებობის პირებზე ფულადი ჯილდო ან დანამატი აღარ გაუცია. მაშინ როდესაც, 2019 წლის ივლისის თვეში გენერალური აუდიტორის მოადგილეებზე ფულადი ჯილდოს სახით გაიცა თანამდებობრივი სარგოს ოთხმაგი ოდენობა, ხოლო დეკემბრის თვეში ხუთმაგი ოდენობა“, - აღნიშნულია კვლევაში.

ამასთან, IDFI-ს შეფასებით, პანდემიასთან ბრძოლაში ჩართული უწყებების თანამშრომლებს, არ ეძლევათ მათ მიერ გაწეული ზეგანაკვეთური შრომის ადეკვატური ანაზღაურება. მაგალითად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებზე, 2020 წელს ფულადი ჯილდოს და სახელფასო დანამატის სახით გაცემულია მხოლოდ წლიური სარგოს 6%.

როგორც IDFI წერს, კვლევის ობიექტი 100 საჯარო დაწესებულებიდან, კვლევისთვის საჭირო ინფორმაციის მოწოდება მხოლოდ 77-მა უწყებამ უზრუნველყო.

ცნობისთვის, 2018 წელს ძალაში შევიდა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლითაც განისაზღვრა საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების საკითხი. კანონის მიხედვით, შეიზღუდა პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემა. კერძოდ, წლის განმავლობაში გაცემული სახელფასო დანამატის მაქსიმალური ოდენობა, წლიური სარგოს 20%-ით, ხოლო ფულადი ჯილდო (პრემია) - წლიური სარგოს 10%-ის ოდენობით შემოიფარგლა. ამასთან, სახელმწიფო-პოლიტიკურ და პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე როგორც სახელფასო დანამატების, ასევე პრემიების (ფულადი ჯილდო) გაცემა აიკრძალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები