მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს ნაგავსაყრელზე 600 000 ტონა სურსათის ნარჩენი მოხვდა - დეპუტატი

63f37856f2d35
მარიამ დემეტრაშვილი
20.02.23 23:35
952
2021 წელს საქართველოში ნაგავსაყრელზე 600 000 ტონა სურსათის ნარჩენი მოხვდა. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია მაშინ, როდესაც ბევრ ადამიანს სჭირდება უსაფრთხო და უვნებელ სურსათზე წვდომა, - ამის შესახებ დეპუტატმა, ხატია წილოსანმა განაცხადა.

პარლამენტის წევრმა BMG-სთან „სურსათის ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“ კანონპროექტზე ისაუბრა. მისი განმარტებით, დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ, სავაჭრო ობიექტებს შესაძლებლობა ეძლევათ, სურსათის ბანკს/საქველმოქმედო ორგანიზაციას გადასცენ ჭარბი სურსათი, რომლის რეალიზაცია აღარ ხდება, თუმცა ადამიანის მოხმარებისთვის ვარგისი და უსაფრთხოა.

„ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა, უსასყიდლოდ მიიღონ უვნებელი პროდუქტი. მინდა, ასევე ხაზი გავუსვა პროდუქტის ვარგისიანობას. ძალიან ხშირად სურსათზე ერთი ვადა არის დატანილი და აწერია, რომ პროდუქტი ვარგისია კონკრეტულ თარიღამდე. აღსანიშნავია, რომ გარკვეული კატეგორიის პროდუქციაზე არსებობს ეტიკეტირების მეორე წესიც, რომელიც გულისხმობს, რომ პროდუქტი უმჯობესია გამოყენებულ იქნას კონკრეტულ თარიღამდე, მაგალითად, ყავა, ჩაი, ბურღულეული და ა. შ. ეს პროდუქტები თავიანთ კვებით ღირებულებას არ კარგავენ, უბრალოდ ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები უსუსტდებათ. ასევე, ხშირად ხდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც პროდუქტს შეფუთვა უზიანდება და იხსნება მაღაზიის თაროდან. სწორედ ამგვარი პროდუქტების შეწირულობას შეეხება კანონპროექტი“, - თქვა წილოსანმა.

მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ძირითადი სამიზნე სასურსათო მაღაზიებია, დაბალი რისკის, მშრალი პროდუქციის სურსათის ბანკებისთვის გადაცემას კვების ობიექტები და რიგითი მოქალაქეებიც შეძლებენ.

კანონპროექტის ინიციატორები მოელიან, რომ ცვლილებებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათები კერძო სექტორს ჭარბი სურსათის შეწირულობის მოტივაციას გაუჩენს. უფრო კონკრეტულად, შემოწირულობის სახით გაცემული სურსათი დღგ-თი (15%) და მოგების გადასახადით (18%) აღარ დაიბეგრება, როგორც ეს დღეს ხდება.

თავად ბიზნესი საკანონმდებლო ცვლილებებს მიესალმება და საქველმოქმედო აქტივობაში მონაწილეობის მზადყოფნას გამოთქვამს.

„უკვე რამდენიმე წელია, ამაზე მიდის საუბარი. მოხარული ვარ მეც და დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩემი კოლეგაც, რომ ასეთი ცვლილებები იგეგმება. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ჩვენ შევძლებთ სურსათის ნარჩენების სწორად მართვას არა მხოლოდ საგადასახადო კუთხით, არამედ მორალურადაც ძალიან დიდი შეღავათი იქნება ჩვენთვის. ყველასთვის ნათელია, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური ვითარებაა და როდესაც რესტორნებში იყრება დიდი რაოდენობით საკვები, გაუმართლებელია ყველა თვალსაზრისით. ამიტომ ასეთი ცვლილებები იქნება ძალიან დიდი დახმარება ჩვენთვისაც და იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც ეს სჭირდება“, - ამბობს რესტორატორი მერიკო გუბელაძე

„ეს კანონპროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური პროექტების განვითარებას. ასევე, აღსანიშნავია ის საგადასახადო შეღავათები, რომელიც თან ახლავს ამ ცვლილებებს. ეს მეწარმეს წაახალისებს და უბიძგებს იქითკენ, რომ ეს პროდუქტები კი არ გადაიყაროს, არამედ ბენეფიციარებამდე მივიდეს“, - ამბობს მაღაზია „ზღაპრის“ დირექტორი.

ცნობისთვის, პარლამენტში „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“ კანონპროექტი დარეგისტრირდა.