სურსათის ნარჩენების ცენტრალური ბანკი იქნება თბილისში, საიდანაც შეწირული სურსათი შემდეგ საპილოტედ წყალტუბოში გადანაწილდება. ამის შესახებ ორგანიზაცია People in Need Georgia-ს პროექტის “სურსათის ბანკი საქართველო” მენეჯერმა, სოფია თვარაძემ “საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, პროექტის ფარგლებში უკვე შეირჩა შესაბამისი შენობა-ნაგებობა, სადაც სურსათი მოიყრის თავს, შეირჩა თანამშრომლებიც, რომლებიც დატრენინგდებიან და დაიწყება სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების პროცესი, რომლებიც სურსათის დონაციის სურვილს გამოთქვამენ. საუბარია არა მალფუჭებად საკვებ პროდუქტებზე, არამედ ისეთ პროდუქტებზე, რომელთა მოხმარებაც ვადის გასვლის შემდეგაც გარკვეული პერიოდი შესაძლებელია
“მსგავსი ბანკების წარმატებული მაგალითები ევროპაში ბევრია. არსებობს სურსათის ბანკების ფედერაციაც, რომელშიც ევროპის ბევრი ქვეყანაა გაერთიანებული და რომლებიც ერთი იდეით არიან გაერთიანებული. ჩვენი ორგანიზაცია - People in Need (PIN) მეგობრობს ამ ორგანიზაციასთან, მათგან ბევრ რჩევას ვიღებთ იმასთან დაკავშირებით, რომელი მოდელი შეიძლება უფრო მისაღები იყოს საქართველოში, რა უფრო იმუშავებს ქვეყანაში არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, ასევე ტექნიკურ საკითხებზეც ვიღებთ რჩევებს, მაგალითად, რა ტიპის სურსათი შეიძლება გაიცეს დონაციისთვის, ვინაიდან მალფუჭებად პროდუქტების დონაციაზე საუბარი არ არის”, - აღნიშნა სოფია თვარაძემ.
როგორც მან აღნიშნა, მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად წარმოებული საკვები პროდუქციის 1/3 საბოლოო ჯამში ნაგავსაყრელზე ხვდება. ამ მოცულობის სურსათი იკარგება წარმოებიდან საბოლოო მომხმარებლამდე მისვლამდე პერიოდში. სწორედ ეს გახდა საქართველოში პროექტის წამოწყების ინსპირაციაც.
“წარმოიდგინეთ, ეს რამხელა მოცულობაა, როცა მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში არის შიმშილის ზღვარს მიღმა. საქართველოში რამდენიმე წელია დაიწყო მუშაობა სურსათის ნარჩენების შემცირების შესახებ კანონზე. წინა წლებში ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო საქართველოში სურსათის შეწირულობა. დონაციის გაკეთების მსურველ სავაჭრო ობიექტს, ამისთვის საშემოსავლო, მოგების და დამატებითი ღირებულების გადასახადი უნდა გადაეხადა. ამიტომ ამას არავინ აკეთებდა.
დაახლოებით ოთხი წლის წინ კანონი შეიცვალა და გადასახადები დონაციის მსურველს მოეხსნა. თუმცა ქვეყანაში დონაციისთვის საჭირო მექანიზმი არ არსებობდა”, - განაცხადა სოფია თვარაძემ. მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, ასევე, იგეგმება ცნობიერების ამაღლების კამპანიები წყალტუბოში.
ცნობისთვის, საქართველოში პირველი სურსათის ბანკი ევროკავშირისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ამოქმედდება. ჩეხეთის საელჩომ 13 მარტს პროექტის პრეზენტაცია გამართა, სადაც აღინიშნა, რომ პროექტი ხორციელდება 2023-2026 წლებში და იგი სურსათის უსაფრთხოების, ნარჩენების მართვისა და კლიმატის ცვლილების შერბილების სფეროებში PIN-ისა და წითელი ჯვრის მოძრაობის გლობალურ გამოცდილებას ეყრდნობა.
პარლამენტმა „სურსათის დანაკარგების, სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ“ კანონი, გასული წლის ოქტომბერში რამდენიმეწლიანი განხილვის შემდეგ მიიღო. მისი სრულად ამოქმედება 2025 წლის 1 იანვრამდე იგეგმება. იქამდე კი, იქნება საპილოტე პროგრამები.