მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს თბილისის ბიუჯეტი 840 მლნ ლარი იქნება

5fb632f26862e
შოთა ტყეშელაშვილი
19.11.20 22:30
2392
თბილისის საკრებულო დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს. პირველადი დოკუმენტის მიხედვით, 2021 წელს მერია, ჯამში, 840 მილიონ ლარს დახარჯავს, რაც 2020 წლის მოქმედ ბიუჯეტთან შედარებით 261 მილიონი ლარით ნაკლებია.

პროექტიდან ირკვევა, რომ ხარჯების კლების მთავარ მიზეზს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენის პროგრამის დაფინანსების 170 მილიონი ლარით შემცირება წარმოადგენს. პროგრამაზე მერია 2021-ში 72.2 მილიონი ლარის მიმართვას გეგმავს. 

ახალი ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობასა და ავარიული შენობების გამაგრებაზე თბილისის მერია მომდევნო წელს 140 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც 2020 წელთან შედარებით 96 მილიონი ლარით ნაკლებია.

სხვა პროგრამებზე გამოსაყოფი თანხები ასე ნაწილდება:

● ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება - 106 მლნ ლარი;
● ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა - 4 მლნ ლარი;
● ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება - 39 მლნ ლარი;
● ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 164 მლნ ლარი;
● განათლება - 162 მლნ ლარი;
● კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა - 38 მლნ ლარი;
● საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება - 4 მლნ ლარი.
● თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები - 107 მლნ ლარი.

2021 წლისთვის თვითმმართველობის დაფინანსების ძირითადი წყარო საგადასახადო შემოსავლები იქნება, რაც 657 მილიონი ლარით არის განსაზღვრული. ეს 2020 წელთან შედარებით 66 მილიონი ლარით მეტია. გადასახადებიდან 160 მილიონი ლარი საწარმოთა ქონების გადასახადი, 462 მილიონი ლარი კი დღგ-დან მიღებული შემოსავალი იქნება.

ბიუჯეტის პროექტს 24 ნოემბრამდე საკრებულოს ფრაქციები და კომისიები განიხილავენ; 24 ნოემბერს ბიუჯეტი საკრებულოს შენიშვნებით და რეკომენდაციებით მერიას გადაეგზავნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები