26.ოქტომბერი .2020 14:00

2021 წლიდან დღგ-ის ჩათვლის პროპორციის გაანგარიშების წესი მნიშვნელოვნად იცვლება

2021 წლიდან  დღგ-ის ჩათვლის პროპორციის გაანგარიშების წესი მნიშვნელოვნად იცვლება
views 11189
უკან

2021 წლის იანვრიდან საგადასახადო კოდექსში დღგ-ის ნაწილი მნიშვნელოვნად იცვლება. დღგ-ის კარის ახალი რედაქცია უკვე გამოქვეყნებულია საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ყვითლად მონიშნული ტექსტი) და მრავალი ნორმის, მათ შორის, დღგ-ის ჩათვლის მიზნებისთვის პროპოციის გამოანგარიშების წესის შეცვლასაც ითვალისწინებს.

რა არის დღგ-ის ჩათვლის პროპორცია

დღგ-ის პროპორციის გამოანგარიშების წესის სწორად ცოდნა უმნიშვნელოვანესია, რადგან თუ შეძენილი საქონელი/მომსახურება გამოყენებულ იქნა როგორც ჩათვლის უფლების მქონე, (დასაბეგრი ან/და ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული) ასევე, ჩათვლის უფლების გარეშე გათავისულფებულ ოპერაციებში, ხოლო მათი გამიჯვნა შეუძლებელია, მაშინ ასეთ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლის მიღება ხდება არა მთლიანად, არამედ - პროპორციის წესის დაცვით.

მაგალითისთვის,  დავუშვათ, რომ დღგ-ის გადამხდელ კომპანიას დღგ-ის ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციები აქვს განხორციელებული. ასეთი კომპანიის ადმინიტრაციულ ხარჯებზე (მაგალითად, კომუნალური გადასახადები, ადმინისტრაციული შენობის რემონტი და ა.შ.) გადახდილი დღგ-ის ჩათვლა პროპორციის წესით უნდა მოხდეს, რადგან შეუძლებელია,  მაგალითად, ადმინისტრაციულ შენაბაში ანთებული ნათურის განათებისთვის  დახარჯული ელექტროენერგია და მასზე გადახდილი დღგ  ამ კომპანიის მიერ განხორციელებულ რომელიმე კონკრეტულ ოპერაციას ან ოპერაციებს დავუკავშიროთ.

განათება და სხვა ადმინისტრაციული ხარჯის უმეტესობა მთლიანი საწარმოს მიზნებს ემსახურება და მისი კონკრეტულ, ჩათვლის უფლების მქონე ან ჩათვლის უფლების გარეშე, ოპერაციებთან დაკავშირება შეუძლებელია. ამიტომ გამოიყენება პროპორციული ჩათვლის წესი.

თავად პროპორცია შემდეგნაირად გაიანგარიშება:

დღგ-ის ჩათვლის უფლების მქონე ოპერაციები/(ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციების ჯამი)

საილუსტრაციო მაგალითი 1

კომპანია X დღგ-ის გადამხდელია. 2019 წელს მის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 170 000 ლარს. გარდა ამისა, კომპანია X-ს ფულადი სახსრები საბანკო ანაბარზე ქონდა განთავსებული, საიდანაც 2019 წელს მიიღო საპროცენტო შემოსავალი 30 000 ლარის ოდენობით.

ამ შემთხვევაში კომპანია X-ის დღგ-ის ჩათვლის პროპორცია მთლიანი 2019 წლისთვის განისაზღვრება შემდეგნაირად:

170 000/200 000(170 000+30 000)=85%

ეს ნიშნავს იმას, რომ 2019 წელს კომპანია X-ს გაუმიჯნავი ჩასათვლელი დღგ-ის (ზემო მაგალითში ელექტრო ენერგიის ხარჯი) მხოლოდ 85%-ის ჩათვლის უფლება ექნება.

განხორციელებული ცვლილებების შესახებ

ცვლილება #1

დღგ-ის კარის ახალი რედაქციის შესაბამისად (მუხლი 177. 3. „ა“ და „ბ“), დღგ-ის ჩათვლის მიზნებისთვის გამოანგარიშებულ პროპორციაში გათვალისწინებული აღარ იქნება ფინანსური ოპერაციებიდან მიღებული შემოსავალი, თუ ისინი პირის ძირითადი საქმიანობის ნაწილს არ წარმოადგენს.

საილუტრაცო მაგალითი #2

დავუშვათ, პირობები იგივეა, რაც პირველ საილუსტრაციო მაგალითში, იმ განსხვავებით, რომ 2019 წლის ნაცვლად ოპერაციები 2021 წელს ხორციელდება.

2021 წლიდან შპს X-ს იმავე გარემოებებში შეეძლება დღგ-ის 100%-ის ჩათვლა, რადგან 30 000-ლარიანი საპროცენტო შემოსავალი პროპორციის გამოანგარიშებაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

პროპორცია გამოიანგარიშება შემდეგნაირად:

170 000/170 000=100%

ზემოთ მოყვანილ პირველ საილუსტრაციო მაგალითში შპს X-ს გაუმიჯნავი დღგ-ის მხოლოდ 85%-ის ჩათვლა შეეძლო, რადგან კომპანიის საპროცენტო შემოსავალი (ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვა) მთლიანი ბრუნვის 15%-ს შეადგენდა. ეს კი ჩასათვლელი დღგ-ის პროპორციაზე უარყოფითად მოქმედებდა. 2021 წლიდან ფინანსური ოპერაციები კვლავინდებურად გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე, თუმცა პროპორციაში მონაწილეობას აღარ მიიღებს, შესაბამისად, დღგ-ის მთლიანი თანხის ჩათვლა გახდება შესაძლებელი.

აღნიშნული ცვლილება ცალსახად დადებითია, თუმცა აქვე ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ახალი ნორმა არ შეეხება გადასახადის ისეთ გადამხდელებს, რომელთა ძირითადი საქმიანობაც ფინანსური ოპერაციების განხორციელებაა (მაგალითად ფინანსური ინსტიტუტები).

მეორეს მხრივ, დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, დღგ-ის პროპორციაში აღარ გაითვალისწინება საკუთარი საქმიანობისთვის გამოყენებული ძირითადი საშუალების მიწოდება, და უძრავ ნივთთან დაკავშირებული ოპერაციები (თუ ეს უკანასკნელი ძირითადი საქმიანობის ნაწილი არ არის).

ეს კი ცალსახად უარყოფითი სიახლეებია, რადგან ზემოთ მოცემული ორივე ოპერაცია დღგ-ით იბეგრება და პროპორციაში მათი არგათვალისიწინება პროპორციაში ჩათვლის უფლების მქონე ოპერაციების წილს შეამცირებს. შესაბამისად, გაუმიჯნავი ჩასათვლელი დღგ-ის ოდენობაც შემცირდება. ამასთან, კანონმდებლის მხრიდან მეტ განმარტებას საჭიროებს ის, თუ რა იგულისხმება ტერმინში „უძრავ ნივთთან დაკავშირებული ოპერაციები“, რომლებიც ფინანსურ ოპერაციებს არ წარმოადგენენ.

ცვლილება #2

პროპორციის ნაწილში შემდეგი სიახლე შეეხება იმ პერიოდის ცვლილებას, რომლის მიხედვითაც გაიანგარიშება პროპორცია.

არსებული ნორმა:

კოდექსის დღევანდელი (2021 წლამდე მოქმედი) რედაქციის 174-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, საქონლზე/მომსახურებაზე გადახდილი დღგ, რომლის გამიჯვნა შეუძლებელია, ჩაითვლება იმ საანგარიშო პერიოდში (თვეში) დაფიქსირებული პროპორციის შესაბამისად, რომელშიც ოპერაცია განხორციელდა. დეკემბრის თვეში კი ხდება ჩასათვლელი (ან აღსადგენი) დღგ-ის თანხის დაზუსტება მთლიან კალენდარულ წელში დაფიქსირებული პროპორციის შესაბამისად.

საილუსტრაციო მაგალითი 3

კომპანია X-მა 2020 წლის ივლისის თვეში გასწია ელექტროენერგიის ხარჯი 1000 ლარის ოდენობით, რაზე გადახდილი დღგ-იც 180 ლარს შეადგენს (გაუმიჯნავი დღგ). აღნიშნულ თვეში კომპანია X-ის მიერ განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების ჯამი 20000 ლარია, ხოლო ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციების - 5000 ლარი. წინა, 2019 წელს, კომპანია X-ის დღგ-ის ჩათვლის მიზნებისთვის გამოანგარიშებული პროპორცია არის 85%.

ქეისის ანალიზი

აღნიშნულ თვეში დღგ-ის ჩათვლის მიზნებისთვის გამოანგარიშბეული პროპორცია შეადგენს 80%-ს (20000/25000). შესაბამისად, ივლისის თვეში მხოლოდ 180 ლარის 80%-ის ჩათვლა მოხდება. მიღებული ჩათვლა დაზუსტდება 2020 წლის დეკემბერში, მთლიანი 2020 წლის მიხედვით გამოანგარიშენული პროპორციის შესაბამისად.

რა იცვლება:

დღგ-ის კარის ახალი რედაქციის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბასად (უნდა აღინიშნოს, რომ მუხლების ნომერაცია მთლიანად შეცვლილია ახალ რედაქციაში) ნაცვლად ჩათვლის მიღების საანგარიშო პერიოდში (თვეში) გამოანგარიშებული პროპორციისა (#3 მაგალითში ივლისის თვე), მხედველობაში მიიღება წინა კალენდარული წლის მიხედვით დაფიქსირებული პროპორცია (#3 მაგალითში - 2019 წელი).

ჩათვლის მიღების თვის პროპორცია კი გაითვალისწინება მხოლოდ მაშინ, როცა წინა საგადასახადო წლის შესაბამისი პროპორცია დაფიქსირებული არ არის.

მიღებული ჩათვლა კვლავინდებურად ზუსტდება დეკემბრის თვეში მიმდინარე წელს დაფიქსირებული პროპორციის შესაბამისად.

საილუსტრაციო მაგალითი 4

პირობები იგივეა, რაც საილუსტრაციო მაგალით #3-ში იმ განსახვავებით, რომ შპს X-მა ელ. ენერგიაზე ჩათვლა 2021 წლის ივლისში მიიღო (როდესაც პროპორცია 80% დაფიქსირდა), ხოლო წინა, 2020 წლის მიხედვით დაფიქსირებული პროპორცია არის 85%.

ქეისის ანალიზი

ახალი ნორმის მიხედვით, 180 ლარის დღგ-ის 85%-ის ჩათვლა მოხდება (წინა წლის პროპორციის გათვალისწინებით) ნავლად ივლისში დაფიქსირებული 80%-სა. ასევე, ჩათვლილი თანხა კვლავინდებურად დაზუსტდება 2021 წლის დეკემბერში, მთლიანი 2021 წლის პროპორციის გათვალისწინებით.

შენიშვნა: თუ შპს X-ის ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვა იქნებოდა საპროცენტო შემოსავალი, აღნიშნული ბრუნვა 2021 წლიდან აღარ მიიღებდა პროპორციაში მონაწილეობას.

შეჯამება

პროპორციის ნაწილში ცვლილება როგორც დადებით, ისე უარყოფით სიახლეებს ითვალისწინებს, თუმცა, სავარაუდოდ, ახალი ნორმები გადასახადის გადამხდელთა უმრავლესობისთვის შემამსუბუქებელი უფრო იქნება, ვიდრე - დამამძიმებელი ეფექტის მქონე.

ამის მიზეზი ისაა, რომ ფინანსური ოპერაციების პროპორციაში არგათვალისწინება სხვა ცვლილებებთან შედარებით, სავარაუდოდ, ყველაზე მეტ გადასახადის გადამხდელს შეეხება. ბევრი კომპანია თავისუფალ ფულად რესურსებს საბანკო დეპოზიტებზე/ანაბრებზე ათავსებს, საიდანაც საპროცენტო შემოსავლებს იღებს. ასეთი ოპერაციები კი დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშეა გათავისუფლებული და 2021 წლამდე ჩასათვლელი დღგ-ის პროპორციაზე უარყოფითად მოქმედებს. ასეთ კომპანიებს ახალი საკანონმდებლო ნორმა საგადასახადო შეღავათს მიანიჭებს და დღგ-ის ჩათვლის გამოანგარიშებას ტექნიკურად გააადვილებს.


ავტორის შესახებგელა ბარშოვი არის სადაგადასახადო კონსულტანტი და აუდიტორული/საკონსულტაციო ფირმა „თიფი სოლუშენის“ მმართველი პარტნიორი. გელა სპეციალიზებულია როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო საგადასახადო სამართლის მიმართულებაში. ელ.ფოსტა: gela.barshovi@tpsolution.ge

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა