მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წლის 10 თვეში ქართულმა ბანკებმა რეკორდული - 1.76 მილიარდის მოგება მიიღეს

619df6173da66
შოთა ტყეშელაშვილი
24.11.21 12:21
1087
2021 წლის 10 თვეში ქართული ბანკების წმინდა მოგება რეკორდულად გაიზარდა. მთლიანობაში 14-მა კომერციულმა ბანკმა 1.76 მილიარდი ლარის მოგება გამოიმუშავა, რაც არამხოლოდ 2020 წელთან, არამედ 2019 წელთან შედარებითაც მეტია.

მთლიანობაში 2021 წლის 10 თვეში ბანკებმა მთლიანი შემოსავლის სახით 4.90 მილიარდი ლარი მიიღეს; შედარებისთვის ეს თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 23%-ით მეტია. ჯამურად, სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავლის მოცულობა 3.42 მილიარდი ლარია. უფრო კონკრეტულად ბანკების შემოსავალი ფიზიკური პირების სესხებიდან 2.02 მილიარდი ლარი იყო, ეს თანხა წლიურად 22%-ით არის გაზრდილი. იურიდიული პირების სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავალი კი წელს 18%-ით გაიზარდა და 1.36 მილიარდი ლარი შეადგინა.

საკომისიოებიდან, ჯარიმებიდან და საკონვერსიო ოპერაციებიდან ბანკებმა 656 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს. წინა წელთან შედარებით ეს თანხა 107%-ით არის გაზრდილი. მათ შორის ყველაზე მაღალი 1400%-იანი ზრდაა საკონვერსიო ოპერაციების მიმართულებით, საიდანაც წელს ბანკებმა 218.7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.

რაც შეეხება ბანკების ხარჯებს – ყველაზე დიდი ხარჯი მოქალაქეებისა და ბიზნესების დეპოზიტებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი იყო, რომლის მოცულობამაც 1.06მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, ბანკებმა თავიანთი სესხების მომსახურებაზე (უცხოური და ადგილობრივი ფინანსური ორგანიზაციების მიმართ) 625 მილიონი ლარი დახარჯეს.

ქვეყანაში მოქმედმა ბანკებმა თავიანთ თანამშრომლებზე ხელფასების სახით 642 მილიონი ლარი გასცეს. ბანკების ადმინისტრაციის და აპარატის შენახვის ხარჯები წელს 15%-ით არის გაზრდილი.

მთლიანობაში საბანკო სისტემამ 1.97 მილიარდი ლარის მოგება დააგენერირა, ხოლო მოგების გადასახადის სახით 210.2 მილიონი ლარი გადაიხადა. შედეგად, ბანკების მესაკუთრეებსა და აქციონერებს 1.76 მილიარდი ლარის წმინდა მოგება დარჩათ.

კონკრეტული თვეების განმავლობაში საბანკო სექტორის მოგების მაჩვენებელი ასეთი იყო:

იანვარი – 113.4 მილიონი ლარი;
თებერვალი – 132 მილიონი ლარი;
მარტი – 166.3 მილიონი ლარი;
აპრილი – 173 მილიონი ლარი;
მაისი - 204 მილიონი ლარი;
ივნისი - 294.6 მილიონი ლარი;
ივლისი - 178 მილიონი ლარი;
აგვისტო - 233.1 მილიონი ლარი;
სექტემბერი - 171.2 მილიონი ლარი;
ოქტომბერი - 117.5 მილიონი ლარი.

ამჟამად საბანკო სექტორის აქტივების ზომა 59.6 მილიარდ ლარს შეადგენს, ოქტომბერში საბანკო აქტივები ჯამში 1.03 მილიარდით გაიზარდა.