მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წლის ბიუჯეტით მთავრობა ანტიკრიზისულ ღონისძიებებზე 1.14 მლრდ ლარს დახარჯავს - გეგმა

5fc5e953e78c2
შოთა ტყეშელაშვილი
01.12.20 11:06
877
2021 წლის ბიუჯეტის მესამე წარდგენის დოკუმენტის თანახმად, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად ჯამურად გათვალისწინებულია 1 420.0 მლნ ლარი, მათ შორის, 2020 წელს 280 მლნ ლარი, ხოლო 2021 წელს - 1 140 მლნ ლარი.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯანდაცვის ხარჯების დასაფინანსებლად გათვალისწინებულია 450 მლნ ლარი, მათ შორის 400 მლნ ლარი ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებებში, ხოლო 50 მლნ ლარი ეკონომიკის სამინისტროს ასიგნებებში;

ჯანდაცვის სამინისტროსთვის განსაზღვრული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც დაავადებულთა მკურნალობის ხარჯები, ასევე ტესტები, ვაქცინის შესყიდვასთან და გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ხარჯები.

"მოქალაქეთა სოციალური მხარდაჭერისთვის გათვალისწინებულია 540 მლნ ლარამდე, საიდანაც 230 მლნ ლარამდე მიმართული იქნება 2020 წელს (კომუნალური ხარჯების სუბსიდირებისთვის და ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციებისთვის) ხოლო 310 მლნ ლარამდე 2021 წელს, მათ შორის:

• მოსახლეობისათვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისათვის განსაზღვრული ასიგნება შეადგენს 60 მლნ ლარი, 200 მლნ ლარამდე მიმართული იქნება 2020 წელს;

• 65 000 – 100 000 ქულამდე სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებისთვის 55 მლნ ლარამდე;

• სოციალურად დაუცველი იმ ოჯახებისათვის, რომელთაც ყავთ 3 და მეტი 16 წლამდე შვილი - 15 მლნ ლარამდე;

• შშმ ბავშვებისა და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისათვის - 27 მლნ ლარი;

• 6 თვის მანძილზე 200 ლარიანი დახმარება პანდემიის გამო სამსახურიდან დათხოვილ პირებზე - 150 მლნ ლარი;

• გარდა ამისა, მიმდინარე წლის დეკემბერში ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციები მიეცემათ იმ პირებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან იმ ობიექტებში, რომლებიც დამატებით შეზღუდვების გამო ვერ იფუნქციონირებენ. ამ მიზნით 2020 წელს მიიმართება დამატებით 30 მლნ ლარი.

ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით გათვალისწინებული თანხა შეადგენს 430 მლნ ლარს, მათ შორის:

• საშემოსავლო გადასახადის შეღავათი - 260 მლნ ლარი (დეკემბერი-მაისის თვეებში), 2021 წლის შემოსავლების ნაწილში დანაკლისი გათვალისწინებულია 220 მლნ ლარის ოდენობით;

• ტურიზმის სექტორის ქონების გადასახადის შეღავათი - 45 მლნ ლარი;

• სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის მიზნით იპოთეკური სესხების სუბსიდირება - 35 მლნ ლარი (2020 წელს მოქმედი პროგრამის გარდამავალი ხარჯი);

• მცირე მეწარმეების საგრანტო დახმარება - 35 მლნ ლარი;

• საკრედიტო-საგარანტიო ფონდი - 50 მლნ ლარი;

• გაგრძელდება დღგ-ის ავტომატური დაბრუნება, რაც ბიზნესის ხელშემწყობი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ჯამში, 2021 წელს მოსალოდნელია რომ დაბრუნდება 1 მილიარდ ლარზე მეტი. აღსანიშნავია, რომ დღგ-ის ზედმეტობის ავტომატური დაბრუნების შედეგად, 150 000-ზე მეტი გადასახადის გადამხდელს მომდევნო 4 წლის განმავლობაში სწრაფად, მარტივად და ყოველგვარი ბარიერის გარეშე, 4 მილიარდ ლარზე მეტი დაუბრუნდება ( ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიარდი ლარი)", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.