მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არავის აქვს ილუზია, რომ საქართველოში პროდასავლური ხელისუფლებაა...ყველაფერი რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე კეთდება“ - შოთა ღვინერია

648ec66519528
ლიკა მეგუთნიშვილი
18.06.23 13:05
933
“ყველაფერი, რასაც ამბობენ და აკეთებენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე კეთდება. ეს არის ცალსახად ასე და ამაზე ჩამოყალიბებული აზრი აქვთ ჩვენს პარტნიორებსაც“ - ამის შესახებ EPRC-ს ანალიტიკოსმა, შოთა ღვინერიამ BMGtv-ის გადაცემაში „ანალიტიკა“ სტუმრობისას ისაუბრა.

მისი თქმით, ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, არც ჩვენი ქვეყნის და არც დასავლეთის ინტერესების ამსახველი არ არის და თანხვედრაში მხოლოდ რუსულ საგარეო პოლიტიკასთან არის.

მისი შეფასებითვე, დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი პრობლემა, სწორედ საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული ეს საგარეო კურსია.

„რასაც ჩვენ ვაკვირდებით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ბოლო წლების განმავლობაში, თუმცა უფრო გამოკვეთილად უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, არის ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ცვლა საქართველოს საგარეო პოლიტიკისა. რაც არ უნდა ილაპარაკოს საქართველოს ხელისუფლებამ და რაც არ უნდა ჩაწეროს დოკუმენტებში, დასავლეთი, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი იყო, ვერ აღიქვამს ამ ხელისუფლებას, როგორც სანდო პარტნიორს. არავის აღარ აქვს ილუზია, რომ საქართველოში არის პროდასავლური ხელისუფლება. ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც დღეს ჩვენ ვუყურებთ, თეთრზე შავის ძახილი, რომ ჩვენ ყველაფერი შევასრულეთ და ამას უბრალოდ ვერ ხედავენ და არ აფასებენ იმიტომ, რომ ომში არ ჩავერთეთ - არის რუსული საგარეო პოლიტიკა. ეს არის ზუსტად ის, რასაც რუსეთი სთავაზობს თავის პარტნიორებს“, - აღნიშნავს შოთა ღვინერია.

შოთა ღვინერია ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველო რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კამპანიას ერთი-ერთში იმეორებს.

მისი თქმით, ამ პროპაგანდიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ იმის გააზრება, თუ რას წარმოადგენს რუსეთი და რას დასავლეთი.

„აქ იმაზე კი არ არის საუბარი, ვინ გაიმარჯვებს საქართველოში, დასავლეთი თუ რუსეთი. უფრო დიდ სურათს რომ შევხედოთ, რუსეთი დღეს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას, ჩვენს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომსა და დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მძლავრ კამპანიას ახორციელებს. ბოლო თვეების განმავლობაში ვხედავთ, რომ ამ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კამპანიებს სარკისებურად იმეორებს საქართველოს ხელისუფლება და სრულ თანხვედრაშია იმ რუსულ ნარატივსა და გზავნილებთან, რომლებიც რუსეთის პროპაგანდიდან მოდის. მეორე მხრივ არის დასავლეთი, რომელიც სადმე კი არ გექაჩება ან ომს კი არ გიწყებს, არამედ გეუბნება, რომ თუ მათი ოჯახის წევრობა გვინდა, ეს რეკომენდაციები უნდა შევასრულოთ. თუ ჩვენ ისე გავაგრძელებთ ცხოვრებას, როგორც ვცხოვრობთ, მაშინ ამ ოჯახში ჩვენი ადგილი არ იქნება“, - აცხადებს EPRC-ის ანალიტიკოსი, შოთა ღვინერია.

EPRC-ის ანალიტიკოსის თქმით, ის შანსი, რაც ევროკავშირმა მოგვცა არა საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის, არამედ მხოლოდ ქართველი ხალხის დამსახურებაა.

„ევროკავშირმა ეს შანსი, მხოლოდ იმის გამო მოგვა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი პროდასავლურად და პროდემოკრატიულად არის განწყობილი და ქვეყნის მომავალს სწორედ ევროკავშირში ხედავენ. თუმცა, ისიც მკაფიოდ გვითხრეს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში მომდევნო ნაბიჯების გადადგმა შეუძლებელი იქნება“, - განაცხადა შოთა ღვინერიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები