მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს საქართველოში 7%-იანი ინფლაცია იქნება - ეროვნული ბანკი

61c44eec199d6
შოთა ტყეშელაშვილი
23.12.21 15:02
3065
საქართველოში ამჟამად ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი 12.5%-იანი ინფლაციაა. ინფლაციის სამომავლო ტენდენციებთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მაკროეკონომიკური საპროგნოზო სცენარები გამოაქვეყნა. დოკუმენტის საბაზისო სცენარის თანახმად, მომდევნო წელს ქვეყანაში წლიური ინფლაცია 7%-მდე შემცირდება, რის პარალელურადაც ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას დაიწყებს.

ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს რეფინანსირების განაკვეთი 2 პროცენტული პუნქტით, 8.5%-მდე შემცირდება. 2023 წლისთვის კი სებ-ი 5%-იან ინფლაციას მოელის, ხოლო რეფინანსირების განაკვეთი, დამატებით 7%-მდე შემცირდება.

“ქვეყანაში პროდუქტების ფასების ზრდას გაზრდილი ნავთობისა და ტრანსპორტირების ხარჯებიდან და პანდემიით გამოწვეული მიწოდების ჯაჭვის პრობლემებიდან მომდინარე ინფლაციური წნეხიც ემატება. გაზრდილი მოთხოვნის გამო, ვეღარ ხდება ინფლაციაზე ამ ფაქტორების გავლენის განეიტრალება. აქედან გამომდინარე ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან შედარებით ხანრძლივად გადახრის შედეგად, მოკლევადიანი ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა. დროებითი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში 2022 წლის მეორე კვარტლიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და საშუალოვადიან პერიოდში სამიზნე მაჩვენებელს დაუბრუნდება.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებული რეჟიმიდან გამოსვლის ტემპი ინფლაციური მოლოდინების შემცირების დინამიკაზე იქნება დამოკიდებული. მოსალოდნელია, რომ ინფლაციური მოლოდინების შემცირების კვალდაკვალ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი თანდათანობით შემცირდება და საშუალოვადიან პერიოდში ნეიტრალურ დონეს დაუბრუნდება,”- ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.

სებ-ის მაკროეკონომიკური ანალიზი ალტერნატიულ სცენარებსაც ითვალისწინებს. ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, ქვეყანაში ინფლაციის დონე 5.5%-მდე მცირდება, რის პარალელურადაც ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 2.5 პროცენტული პუნქტით, 8%-მდე შეამცირებს.

პესიმისტური პროგნოზის მიხედვით კი 2022 წელს ინფლაცია მხოლოდ 8%-მდე მცირდება, რის გამოც სებ-ი რეფინანსირების განაკვეთს პირიქით, 0.5 პროცენტული პუნქტით ზრდის.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 8 დეკემბერს სებ-მა ქვეყანაში მონეტარული პოლიტკის განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 10.5%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ის შეფასებით, თუკი ისინი ჯერ კიდევ ოქტომბერში 2022 წლის გაზაფხულიდან ინფლაციის მნიშვნელოვან კლებას პროგნოზირებდნენ, განახლებული პროგნოზის მიხედვით, ინფლაციის შემცირება უფრო დაბალი ტემპით მოხდება.