მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წლის გაზაფხულზე სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi გაიხსნება - ინვესტიცია $15 მლნ-ია

617834469fd8d
ვიქტორია მღებრიშვილი
26.10.21 22:42
5427
თბილისში, 2022 წლის გაზაფხულზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi გაიხსნება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 15 მილიონი დოლარია და მას საინვესტიციო კომპანია Block Group-ი ახორციელებს. სამასი არაგველის ქუჩაზე განთავსებული სასტუმროს დიზაინზე, რომლიდანაც მტკვრისა და თბილისის ხედები იშლება, „ნოა სტუდიომ“ ცნობილი პორტუგალიელი დიზაინერის ცეზარ რიბეიროს ხელმძღვანელობით იმუშავა.

BM.GE-სთან საუბრისას სასტუმროს გენერალური მენეჯერი ელენე ოთარაშვილი აღნიშნავს, რომ სასტუმროს საინტერესო კონცეფცია ექნება. 77-ნომრიანი სასტუმროში სტუმრებს რესტორანი, ლობი ბარი, ტერასა ბარით, ორი საკონფერენციო ოთახი და სპორტული დარბაზი მოემსახურება. სასტუმროში 100 ადამიანი დასაქმდება. 


„სასტუმროს თითოეულ ნომერი კედელზე ხელით შესრულებული სხვადასხვა ნახატითაა დამშვენებული, რომელიც საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან ამბებს გვიყვება. ხოლო სასტუმროს ლობის დიზაინი ქართული ანბანის ელემენტებით იქნება გამშვენებული. აქვე მუდმივად გვექნება თანამედროვე არტისტების ციფრული „არტების“ გამოფენა. ნამუშევრების შეძენა NFT პლატფორმებზე იქნება შესაძლებელი.



სასტუმროს შენობა Mood Light კონცეფციის დამსახურებით ცოცხალი ორგანიზმი იქნება. ყველა სტუმარს შეეძლება ოთახის განათების ფერი სასურველი განწყობის მიხედვით შეარჩიოს. შესაბამისად, სასტუმროს ფასადი, სტუმრების განწყობის მიხედვით, ყოველთვის სხვადასხვანაირი იქნება. თვითონ შენობის ფორმაც ორიგინალურია. აღსანიშნავია, რომ შენობის ერთი კედელი გახდება "არტ ვოლი", სადაც ვიდეო პროექციით წარმოვაჩენთ თანამედროვე არტისტების ნამუშევრებს.



რაც შეეხება ჩვენს რესტორნებსა და ბარებს, მათთვის განსხვავებულ კონცეფციას ვქმნით. ჩვენ მუდმივად ორიენტირებულები ვიქნებით სტუმრებს საუკეთესო განწყობა, გამოცდილება და ლამაზი მოგონებები შევუქმნათ. სასტუმრო გათვლილია ბიზნეს მოგზაურებზე, ტურისტებზე, მილენიალებსა და ადგილობრივ სეგმენტზე, რომელიც ეძებს ახალ, განსხვავებულ გარემოს, სადაც სასიამოვნოდ დაიმუხტება“, - აღნიშნავს ელენე ოთარაშვილი.





აღსანიშნია, რომ სასტუმროს შენობა მთლიანად ეკო-მეგობრული და ენერგოეფექტური, ე.წ. „მწვანე შენობაა“. სახურავზე კი სადაც ტერასა-ბარი განთავსებული, ერთგვარი სუბტროპიკული კუნძული მოეწყობა. 



სასტუმროს გენერალური მენეჯერის ინფორმაციით, საინვესტიციო კომპანია Block Group-ს საქართველოს ბაზარზე ოპერირების 28-წლიანი ისტორია აქვს. რაც შეეხება საერთაშორისო ბრენდ Golden Tulip-ს, ის მსოფლიოს წამყვანი მულტიბრენდული სტუმარმასპინძლობის ჯგუფის - Louvre Hotels Group-ის სტრატეგიული ბრენდია, რომელიც ინდუსტრიაში ახალი ინოვაციური მიდგომების დანერგვაზეა ორიენტირებული. ამჟამად ეს მზარდი ჯგუფი 1 600 სასტუმროს 54 ქვეყანაში მართავს. თავად Golden Tulip კი ჰოლანდიური ბრენდია, რომელიც 1962 წელს შეიქმნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები