მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს გასაყიდი უძრავი ქონება 18%-ით გაძვირდება - "თიბისი კაპიტალი"

638edb7a6bf7c
თათია ჩაფიჩაძე
07.12.22 00:00
2960
თიბისი კაპიტალის ინფორმაციით, 2022 წლის 10 თვეში უძრავი ქონების ბაზარზე ყველა მთავარი ინდიკატორი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. როგორც თიბისი კაპიტალის უფროსმა ასოცირებულმა მკვლევარმა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განახლებული კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, გასული წლის ოქტომბერთან შედარებით ქირის ფასი 120%-ით, ხოლო გასაყიდი უძრავი ქონების ფასი 28%-ით არის გაზრდილი.

მათი გათვლებით, 2023 წელს ქირის ფასი დამატებით კიდევ 20-25%-ით, გასაყიდი უძრავი ქონება კი 18%-ით გაძვირდება.

„საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი, როგორც თბილისში, ისე მთელ საქართველოში 2022 წელს ძალიან პოზიტიური ტენდენციებით ვითარდება და ეს ყველა მთავარ ინდიკატორს ეხება, ეს იქნება გაყიდვების სტატისტიკა, გაქირავების, თუ გასაყიდის ფასი. ოქტომბრის მონაცემებში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაქირავების ფასში უპრეცედენტო ზრდაა, კერძოდ 120%-ით დოლარში.

გასაყიდ ფასში გვაქვს 28%-იანი ზრდა, ხოლო გაყიდვების რაოდენობაში რომელიც კვ.მ-შია გაზომილი, 34%-იანი ზრდაა. ეს ტენდენცია დაიწყო წლის დასაწყისში, მეორე ნახევარში დაჩქარდა და ველოდებით, რომ მომავალშიც გაგრძელდება. კერძოდ 2023 წელს, სადაც დამატებით 18%-იან ზრდას ველოდებით გასაყიდ ფასში, ქირის შემთხვევაში 20-25%-იან ზრდას და გაყიდვების რაოდენობაც პოზიტიურად განვითარდება. გარკვეულ კორექციას ბაზარზე 2024 წლიდან ველოდებით , რომელიც თავდაპირველად სავარაუდოდ გაქირავების ფასში დაიწყება და შემდგომ უკვე გასაყიდ ფასზე და გაყიდვების რაოდენობაზე აისახება“ - განაცხადა მჟავანაძემ.

მას ასევე განმარტა, რომ ქირის ფასში ყველაზე მაღალი ამონაგები გარეუბნებზე მოდის.

„კვლევაში უბნები 27 უბნად არის ჩაშლილი, რაც კვლევას უფრო მეტ სპეციფიკას სძენს. პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება ყველა უბანში, როგორც გასაყიდ ისე გასაქირავებელ ფასში. თუმცა არის მნიშვნელოვანი სხვაობა, თუ გასაყიდ ფასში ზრდა დამოკიდებული არ არის უბნის ლოკაციებზე, გასაქირავებაში ვხედავთ, რომ პროცენტულად უფრო მეტად არის გაზრდილი გარეუბნებში გასაქირავებელი ბინის ფასი. ამიტომ ქირის ამონაგები ამ უბნებში ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ცენტრალურში. ასევე თუ შევადარებთ ლარსა და დოლარში არსებულ დეპოზიტებზე არსებულ საპროცენტო განაკვეთებს, უძრავი ქონების ფლობა, როგორც დაზოგვის უფრო ხელსაყრელი საშუალება, უფრო მიმზიდველი გახდა“ - აღნიშნავენ თიბისი კაპიტალში.

ორგანიზაციის კვლევის მიხედვით საცხოვრებელი უძრავი ქონების 90% თბილისსა და ბათუმზე მოდის, დარჩენილი 10% კი სხვა ქალაქებზე ნაწილდება. მნიშვნელოვანი ჩამორჩენის მიუხედავად თიბისი კაპიტალში აცხადებენ, რომ გარკვეული აქტივობა რუსთავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავში შეინიშნება.

რაც შეეხება ტრანზაქციებში ახალ აშენებული და მეორადი ბინების რაოდენობას, 2022 წლის 10 თვის მონაცემებით 81% მეორად ბინებზე მოდის.

„ახალი ბინების შემთხვევაში წლიური ზრდა ტრანზაქციებში გვაქვს 10%, მეორადი ბაზრის შემთხვევაში გაყიდვები 27%-ით არის გაზრდილი. ეს ადასტურებს ჩვენს ჰიპოთეზას იმისა, რომ ბინების შეძენა ხდება საინვესტიციო მიზნებისთვის რადგან უკვე გარემონტებულ ბინებს იყენებენ გასაქირავებლად. ასევე ბაზრის 81% 2022 წლის 10თვეში მოდის მეორად ბინებზე და მხოლოდ 19% მოდის ახალაშენებულ ბინებზე,“ - განაცხადა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას მჟავანაძემ.