მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წლიდან წამლებზე რეფერენტული ფასები დაწესდება - რას ნიშნავს ეს?

636b98dd85d57
ვიქტორია მღებრიშვილი
09.11.22 16:15
1486
2023 წლიდან, წამლებზე რეფერენტული ფასები დაწესდება. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს მთავრობის სხდომაზე მიიღეს.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს კანონის პროექტში „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ ცვლილებები შევა, რომლის მიხედვით სახელმწიფო მედიკამენტების ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს ადგენს, რომელზე ძვირადაც მედიკამენტის რეალიზაცია დაუშვებელი იქნება, რაც მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა.

"რეფორმის მიზანი ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა, სამართლიანი ფასებისა და კონკურენტული და გამჭვირვალე ფარმაცევტული ბაზრის უზრუნველყოფაა. წინასწარი გათვლებით, რეფერენტული ფასების დაწესება, საშუალოდ, 40%-ით გააიაფებს წამლების ღირებულებას", - აცხადებენ მთავრობაში.

პირველ ეტაპზე, რეფერენტული ფასები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, ეტაპობრივად კი ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება.

ამასთან, როგორც გავრცელებულ რელიზშია ნათქვამი, 2022 წლის მარტიდან თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნამ 60-80%-ით შეამცირა საქართველოში მედიკამენტების ღირებულება. "შედეგად, წლიურად, ქვეყნის 100 ათასამდე მოქალაქე, დაახლოებით, 200 მილიონ ლარამდე თანხას დაზოგავს, რეფერენტული ფასების დაწესება კი წამლების ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გააუმჯობესებს", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საკითხის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა და აღნიშნა: „იანვრიდან, პირველ ეტაპზე ეს მხოლოდ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებს შეეხება, რომელიც 1 100 დასახელების არის. მედიკამენტების ბაზარი რომ წარმოვიდგინოთ ეს ცვლილება 200 მლნ ლარის მედიკამენტებს შეეხება. შემდეგი ეტაპი ყველა დარჩენილ სარეცეპტო მედიკამენტებზე გავრცელება იქნება. ეს დაახლოებით ვფიქრობ, მეორე კვარტლიდან იქნება და ამის შემდეგ ყველა მედიკამენტზე გავრცელდება. შესაბამისად მომდევნო წლის ბოლომდე ჩვენ მოსახლეობას მედიკამენტების ღირებულებაზე, რეფერენტული ქვეყნების მიხედვით, ექნება მაქსიმალურად გამჭვირვალედ დაწესებული ზედა ზღვარი და უკვე გაცილებით ნაკლები თანხის გადახდა მოუწევთ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის: საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე 10 საკითხი განიხილეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები