მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის განცხადებით, სახელმწიფო ახალი თაობის მედიკამენტებს პირდაპირ მწარმოებლებისგან შეიძენს

649971f657167
შოთა ტყეშელაშვილი
26.06.23 15:07
614
საქართველოს მთავრობა წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის კანონში ცვლილებების შეტანას გეგმავს - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა. ცვლილებების შედეგად, სახელმწიფოს ინოვაციური მედიკამენტების შეძენა ტენდერის გარეშე, პირდაპირ მწარმოებელთან მოლაპარაკების გზით შეეძლება. საუბარია ისეთ წამლებზე, რომელთაც სახელმწიფო სხვადასხვა სამედიცინო პროგრამის ფარგლებში ყიდულობს. 

"განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს კანონების პროექტები „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

ცვლილებების შესაბამისად, სახელმწიფო, ინოვაციური ფარმაცევტული პროდუქტების შეძენას სპეციალური პირობებით, მწარმოებელთან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით შეძლებს.

ინოვაციურ მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, მედიკამენტების სპეციალური პირობებით შესყიდვა, მართული შესვლის შეთანხმების (Managed Entry Agreement) მექანიზმის გამოყენებით მოხდება, რაც სპეციალურ (ფასდაკლებულ) ფასად მედიკამენტების შესყიდვას გულისხმობს.

სხდომაზე აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიღება დადებითად იმოქმედებს ინოვაციური ორიგინალური ფარმაცევტული პროდუქტის მომხმარებლებზე, გაიზრდება წვდომა ინოვაციურ მედიკამენტებზე და გაუმჯობესდება სახელმწიფო ფინანსების ხარჯვის ეფექტურობა. აქვე, ხაზი გაესვა, რომ შედეგად, მკურნალობის დაფინანსება მეტი პაციენტისთვის იქნება შესაძლებელი ან გაიზრდება დაფინანსებული მედიკამენტების რაოდენობა მკურნალობის კურსის გათვალისწინებით.

მართული შესვლის შეთანხმება (MEA) მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკაა, მათ შორის, ამ მექანიზმს იყენებს ევროკავშირის თითქმის ყველა წევრი ქვეყანა,"- ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ჯერჯერობით უცნობია, რა ღირებულების წამლების შეძენას გეგმავს მთავრობა ამ გზით, ასევე ჯანდაცვის რომელი პროგრამების ფარგლებში მოხდება ამ წამლების შეძენა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები