საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, 2024 წელს ჯანდაცვის სამინისტროს დამატებით 65 მლნ ლარი გამოეყოფა და ჯამური ბიუჯეტი 7.8 მლრდ ლარი იქნება.
უწყების გაზრდილ ბიუჯეტსა და მის გადანაწილებაზე პროექტების მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.
მან ახალი პროგრამა დააანონსა, რომლის მიხედვითაც ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერები ამ დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ.
"ეს თანხები გადავანაწილეთ შემდეგნაირად, მინდა ახალი ინიციატივები ვაცნობო საზოგადოებას - გაიზარდა ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება და მომდევნო წელს, პენსიონერები მთელი წლის განმავლობაში უფასოდ მიიღებენ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს. ეს არის დაახლოებით 400 000 პენსიონერი და ეს რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია. ჩვენ, გარდა იმისა, რომ პენსიონერებს გავუზარდეთ პენსია და 500 ლარამდე უკვე აიწია პენსიამ, 110 ლარი იყო 2012 წელს და გახდა 500 ლარამდე, ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერები უფასოდ მიიღებენ მედიკამენტებს 2024 წელს და ჩვენ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ", - განაცხადა პრემიერმა.
მისივე ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივით, ონკოლოგიური პაციენტების ადრეული კვლევების დაფინანსება დაიწყება, რაც საკმაოდ დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული.
"მედიკამენტებზე მინდა ვთქვა, რომ ჩვენს მიერ გატარებულ საკმაოდ ეფექტიანი ღონისძიებების შედეგად, ჩვენს მოქალაქეებს ჯიბიდან გადახდები ჯამურად 300-დან 400 მილიონ ლარამდე დაეზოგებათ, რაც ძალიან დიდი შეღავათია ჩვენი მოქალაქეებისთვის. მედიკამენტები გაიაფდა, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა სამინისტრომ და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესს კიდევ უფრო მეტად გავაკონტროლებთ და გავაუმჯობესებთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.