ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენაა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი დავიდა კონკრეტული შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბათუმში ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ექსპრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებას ეხებოდა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პირველ აგვისტოს გამოქვეყნებულ თავის მე-5 წერილში ირაკლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძის მმართველობის პერიოდში არაერთი ადამიანის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით არსებულ პასუხგაუცემელ კითხვებზე ისაუბრა. ყოფილმა პრემიერმა თავის წერილში ლაზარე ჯორბენაძეზე ისაუბრა, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ირაკლი კობახიძემ მისი წინამორბედის წერილებს სასაცილო და ტრაგიკული უწოდა და განაცხადა, რომ გარდაცვლილი ლაზარე ჯობენაძის მეშვეობით გავრცელებული ტყუილები ძალიან მარტივად გაშიფვრადია.
„ერთადერთი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, ეს არის სასაცილო და ტრაგიკული. უფრო მეტ სიღრმეში არ შევალ, იმიტომ, რომ ეს ადამიანი ჩემამდე იკავებდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას და ეს მაკავებს იმისგან, რომ რაიმე სიღრმისეული კომენტარი გავაკეთო ამ წერილებთან დაკავშირებით და მეორე, იმდენად არასერიოზულია ამ წერილების შინაარსი, რომ ესეც არ მაძლევს სერიოზულად რაიმე კომენტარის გაკეთების საშუალებას.
ვინც ავრცელებს ასეთ სიყალბეს, ის დგას ამის უკან. ეს არც არის დამალული, მარტივად არის გამჟღავნებული. არიან ძალები, რომლებსაც მაინცდამაინც კარგი რეპუტაცია არ აქვთ და ძალიან სამწუხაროა, რომ კონკრეტულად, კონკრეტული მედიასაშუალებაა. ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენაა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი დავიდა კონკრეტული შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, არავითარი - არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა და საერთოდ არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით რაიმე ხელშესახები პროგრესი.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია, რომ დაიძრას აღნიშნული პროცესი და მიღწეულ იყოს პროგრესი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, თუმცა გასული წლების განმავლობაში არავითარი ცვლილება არ განხორციელებულა და, შესაბამისად, არავითარი შეთანხმება არ ყოფილა დემარკაცია - დელიმიტაციის კუთხით.
„ეს იყო მარტივი ტყუილი და სპეკულაცია. განსაკუთრებული კომენტარების გაკეთება არც ღირს ამ თემასთან დაკავშირებით. მე, ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ არავითარი ცვლილება ამ წლების განმავლობაში საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით არ განხორციელებულა. არავითარი ცვლილება არ განხორციელებულა არც ერთ ქვეყანასთან მიმართებით. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, რომ დავძრათ ეს პროცესი, მივაღწიოთ პროგრესს და პროგრესი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მიღწეული ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, თუმცა ხაზს გავუსვამ იმას, რომ არავითარი ცვლილება არ განხორციელებულა. შესაბამისად, არავითარ შეთანხმებას არ მოწერია ხელი ამ გასული წლების განმავლობაში დემარკაცია - დელიმიტაციის კუთხით. დანარჩენი ყველაფერი არის მარტივი ტყუილი და სპეკულაცია, რაც ძალიან მარტივად გამომჟღავნდა.
რაც შეეხება ზოგადად დემარკაცია-დელიმიტაციას, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთს, არავითარი არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა და საერთოდ არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით რაიმე ხელშესახები პროგრესი. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არის მარტივი, ტყუილი სპეკულაციები, რაც მარტივად გამომჟღავნდა,“- აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის საუბრობდა კონკრეტულ ხელშეკრულებაზე, თუმცა მსგავსი ხელშეკრულება საიდუმლოდ ვერ ფორმდება.
„მთავრობის ყველა გადაწყვეტილება, მთავრობის ყველა აქტი არის ღია და გამჭვირვალე. ვერც ერთი ასეთი შეთანხმება საიდუმლოდ ვერ გაფორმდება. აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივი ტყუილი გაავრცელებინეს ამ კაცს, არის ტრაგიკული პიროვნება, რომელმაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ამასთან დაკავშირებით არის მისი ოჯახის წევრის ჩვენება და ა.შ. ადამიანზეა საუბარი, რომელიც ბინაში იყო, როდესაც ეს ფაქტი მოხდა. აქედან გამომდინარე, ძალიან მძიმეა ამ თემაზე საუბარი. კაცი გარდაცვლილია და უნდა ვილაპარაკო იმაზე, რომ ტყუილი დააწერინეს, არ არის ეთიკური ამ ყველაფერზე საუბარი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




























