მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სუროგაციის გამკაცრებაზე კანონპროექტის განხილვა კიდევ ერთხელ, 3 თვით გადაიდო

სუროგაცია

კანონპროექტის საპარლამენტო განხილვა, რომელიც უცხოელებისთვის საქართველოში სუროგაციას აკრძალავს, კიდევ ერთხელ გადაიდო.

საუბარია 2023 წელს ინიცირებულ ცვლილებებზე სუროგაციის კანონის შეცვლის შესახებ, რომელიც პირველ ეტაპზე დაჩქარებულად განიხილებოდა და ამოქმედების ვადად იმჟამინდელი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი 2024 წლის 1 იანვარს ასახელებდნენ.

ერთპარტიული პარლამენტის ბიუროს 5 მაისი გადაწყვეტილებით, წამყვან, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს კანონპროექტის განხილვის ვადა 2025 წლის 6 მაისიდან 3 თვით გაუხანგრძლივდა. შესაბამისად, არაერთხელ გადავადების ფონზე, ამ ეტაპზე პარლამენტში სუროგაციის გამკაცრებაზე კანონპროექტის განხილვა კვლავ დაპაუზებულია.

კომიტეტმა ბიუროსთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ კანონპროექტების განსახილველად მომზადების მიზნით მიმდინარეობს კონსულტაციები და სწორედ ამიტომ, მიზანშეწონილია განხილვის ვადა გაგრძელდეს სამი თვით.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი სუროგაციისა და ინვიტრო განაყოფიერების წესების გამკაცრების შესახებ პარლამენტს 2023 წლის 14 ივნისს წარედგინა და თავდაპირველად დაჩქარებულად განიხილებოდა, თუმცა შემდგომ მისი განხილვა გადაიდო. პარლამენტში წარდგენამდე ერთი კვირით ადრე, მაშინდელმა პრემიერმა დააანონსა, რომ მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიხედვით, უცხოელი წყვილებისთვის საქართველოში სუროგაცია აიკრძალებოდა და ეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნებოდა დაშვებული. ცვლილებების პაკეტი „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ კანონთან ერთად კიდევ არაერთ კანონში ითვალისწინებს ცვლილებებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სუროგატული დედის მშობიარობა/საკეისრო კვეთის ხარჯები აღარ ანაზღაურდება - დადგენილებას, რომელიც ძალაში გასული წლის 29 თებერვალს შევიდა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები