მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წლის კრიპტო ზამთარი

63ac207603826
დავით ძიძიკაშვილი
31.12.22 11:10
952

კრიპტო ბაზარი წლების განმავლობაში განიცდიდა აღმავლობასა და ვარდნებს, მაგრამ 2023 წელი შეიძლება იყოს ყველაზე დიდი დაღმავლობის წელი. თუ გამოვრიცხავთ თაღლითობის, სკანდალების და გაკოტრებული კრიპტო კომპანიების მიერ გამოწვეულ მიკრო შოკებს, ნორმალიზებული კრიპტო საბაზრო კაპიტალის ღირებულება (market cap) შეიძლება დღეს მინიმალურ დონეზე $1-$1,5 ტრილიონ დოლარამდე შემცირებულიყო, მხოლოდ გლობალური რეცესიისა და სხვა ნეგატიური ეკონომიკური ფაქტორების გამო. თუმცა, გაუთვალისწინებელმა სკანდალებმა და შოკებმა, და ზოგიერთი ბირჟის ლიკვიდურობის პრობლემებმა, სხვა არაეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად, შექმნა მასიური უარყოფითი ეკონომიკური შოკი, რამაც კიდევ უფრო დაწია კრიპტო ბაზრის ქვედა ზღვარი 1 ტრილიონ დოლარზე ქვემოთ.

ცნობილმა კრიპტო კომპამანიებმა Three Arrows, Voyager, Celcius, BlockFi, Hodlnaut და Vauld-მა უკვე გამოაცხადეს გაკოტრება ფინანსური პრობლემების გამო. აგრეთვე სხვა კრიპტო გიგანტები როგორიცაა Genesis და DCG, ფინანსური პრობლემების გამო გაკოტრების წინაშე დგანან. ამ კორპორაციების მთავარი ფინანსური პრობლემაა ლიკვიდურობა - მათ არ გააჩნიათ სათანადო ნაღდი ფულის აქტივები. იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ ჩამოთვლილმა კრიპტო კომპანიებმა შეწყვიტეს არსებობა, ასეთ შოკებს კრიპტო ბაზარი მარტივად გაუძლებს, გადაიტანს და ეს მხოლოდ დროებით უარყოფით ეფექტს გამოიწვევს. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში, დროთა განმავლობაში, მათ სხვა კორპორაციები ჩაანაცვლებენ და მათი გაკოტრებით კრიპტო სამყარო მხოლოდ დროებით რყევებს განიცდის.

FTX/Alameda Research-ის ფინანსურ თაღლითობაში მხილება და გაკოტრება 2022 წლის ყველაზე მწვავე რყევად შეიძლება ჩაითვალოს კრიპტო სამყაროში. მოგეხსენებათ FTX კორპორაცია სამ ბენკმენ-ფრიდმა (SBF) დააფუძნა 2019 წელს, როგორც კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟა. 2022 წლის FTX შეფასებული იყო $32 მილიარდ დოლარად. 2022 წლის ნოემბრის დასაწყისში როდესაც გასაჯაროვდა Alameda Research-ის ფინანსური ანგარიშების ბალანსი და დეტალები CoinDesk-ის ჟურნალის მიერ, რამაც ბევრი მოულოდნელი დეტალი გამოაშკარავდა, ისეთი როგორიცაა: ბალანსის აქტივებში FTT კრიპტოვალუტა, რომელიც $5 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. Alameda Research-ი 2017 წელს დააფუძნა SBF-მა, რომლის მეშვეობითაც ის შეძლებდა კრიპტო ვაჭრობა ეწარმოებინა და ეს კორპორაცია გამოეყენებინა თავისი პირადი იდეების განხორციელებაში („crypto-heavy quant trading operation“) კვანტური სავაჭრო ოპერაციების მეშვეობით. დოკუმენტების თანახმად FTX და Alameda Research შორის არ არსებობდა ურთიერთობა, გარდა იმისა, რომ ისინი ერთი ჯგუფის შვილობილი კომპანიები იყვნენ.

დასაწყისში Alameda Research-ის ძირითადი ფინანსური შემოსავალი კრიპტოვალუტის ვაჭრობიდან (ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები) მოდიოდა. Alameda-მ აგრეთვე დაიწყო სესხებით ვაჭრობა - ანუ კრედიტში აღებული თანხებით ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებში მონაწილეობა, რამაც უფრო გაუზარდა შემოსავლები. მაშინ, როდესაც კრიპტო ბაზარი და ბიტკოინის ფასი იზრდებოდა, Alameda-ს არ გააჩნდა პრობლემა საკრედიტო ფულადი და კრიპტო სესხები დაეფარა და კრედიტორები დაეკმაყოფილებინა.

სწორედ ამ დროს წამოიწყოო SBF-მა იდეა - დაეარსებინა კრიპტო სავაჭრო ბირჟა, რომლითაც ის შეძლებდა უფრო გაეზარდა შემოსავლები ალამედასთვის. შესაბამისად, SBF-მა დააფუძნა კრიპტობირჟა FTX ბაჰამის კუნძულებზე.

2021 წელს ფინანსურ პრეზენტაციებში ინვესტორებთან SBF-ი ასახელებდა $1 მილიარდ წლიურ შემოსავალს FTX მომხმარებლების სავაჭრო საკომისიო გადასახადებისგან. ამ პლატფორმას აგრეთვე გააჩნდა საკუთარი კრიპტოვალუტა FTT. Alameda Research-ი ძირითადად FTT-ს ვაჭრობით იყო დაკავებული, რომ შემოეტანა ნაღდი ფული კრიპტო გაყიდვებით. შემდგომ ეტაპზე კი Alameda Research-მა დაიწყო FTT კრიპტო პორფოლიოს გირაოდ გამოყენება რომ სესხები მიეღო, რითიც ის შეძლებდა უფრო მსხვილი ფინანსური ოპერაციები და ინვესტიციები ეწარმოებინა. Alameda ფინანსური პრობლემების წინაშე დადგა სწორედ მაშინ, როდესაც კრიპტო ბაზარმა ქვედა ზღვრისკენ სვლა დაიწყო და bear market-ში გადავიდა. FTT კრიპტოს შემცირებული ფასით Alameda-ს გაუჭირდა კრედიტორების დაკმაყოფილება და პირველი დიდი პრობლემა შეექმნა კორპორაციას.

ამის შემდეგ გასაჯაროვდა ისეთი ფაქტები, სადაც გადაიკვეთა FTX/Alameda Research-ის მჭიდრო ფინანსური კავშირები, რაზეც აშშ-ის ფედერალურმა სამსახურმა დაიწყო გამოძიება. აღმოჩნდა, რომ ეს ორი კორპორაცია მოქმედებდა როგორც ერთი, მომხმარებლების თანხებს იყენებდა სავაჭროდ და რისკიან საინვესტიციო გარიგებებში მონაწილეობდა.

2022 წლის ნოემბრის ერთ კვირაში SBF-ის პირადი ქონება $16 მილიარდი დოლარიდან ნულამდე დაეცა. 2022 წლის დეკემბერში SBF აშშ ფედერალური საგამოძიებო უწყებების სარჩელის საფუძველზე დააკავეს ბაჰამაშში - $1.8 მილიარდის ოდენობის თაღლითობაზე და დამატებითი ბრალდებების სხვადასხვა სიმძიმის მუხლებზე, როგორიცაა ფულის გათეთრება საბანკო თაღლითობა, ფასიანი ქაღალდების თაღლითობა, შეთქმულება, ფულის გათეთრება და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების დარღვევები. SBF-მა შეძლო რეკორდული თანხის $250 მილიონი დოლარის თავდებში გადახდა და სასამართლოს პროცესს მშობლების $4 მილიონის ღირებულების სახლიდან დააკვირდება.

FTX/Alameda Research-ის გაკოტრებამ საკმაოდ მძიმე ეკონომიკური შოკი გამოიწვია, რომელმაც საერთო კრიპტო საბაზრო ღირებულება 2022 წლის ნოემბრის დასაწყისიდან $1.05 ტრილიონიდან $788 მილიარდამდე დაიწია, ხოლო შემდეგ დასტაბილურდა დაახლოებით $830 მილიარდის ზღვარზე ნოემბრის თვის ბოლომდე. ასეთი 20%-იანი ვარდნა საკმაოდ ძლიერი და მოულოდნელი იყო, მითუმეტეს ისეთი კორპორაციებისგან, როგორიც იყო FTX და Alameda Research, რომლებიც  კრიპტო სამყაროს გიგანტებად მოიაზრებოდნენ.

Binance-მაც შეუწყო ხელი სცენარის ასეთ განვითარებას, როდესაც CZ-მ (ჩანგპენგ ჟაო) მოულოდნელად განაცხადა FTX-ის კრიპტოს FTT-ის $529 მილიონის გაყიდვის შესახებ ნოემბერში. ამის შედეგად, FTT-ის ფასი კატასტროფულად დაეცა $25 დოლარიდან (5 ნოემბერი2022) $2.28-მდე (9 ნოემბერი 2022).

FTX/Alameda Research-ის გაკოტრება და სკანდალი კრიპტო კაპიტალიზაციისთვის და გრძელვადიან პერსპექტივაში, ზოგადად, კრიპტო ბაზრისთვის არ იქნება ზედმეტად მტკივნეული თუ მწვავე შოკი, რადგან თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებიდან გამომდინარე, თუ ერთი ორგანიზაცია გაკოტრდება და გაქრება ბაზრიდან, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაში აუცილებლად მოხდება მისი ჩანაცვლება და გარკვეულ დროში სხვა სავაჭრო ბირჟა აღმოცენდება, კრიპტო ბაზრის მომხმარებელთა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და კრიპტო ფინანსური სერვისების მისაწოდებლად. ამიტომაც გამოწვეულ ეკონომიკურ შოკს დროებითი ეფექტი ექნება, თუმცა დასჭირდება თვეები და შეიძლება წლებიც, რომ ბოლომდე აღდგეს ნდობა კრიპტო სავაჭრო ბირჟებისა და პლატფორმების მიმართ.

ზემოხსენებულმა გაკოტრებებმა, შესაძლოა, საკმაოდ მძიმე და გრძელვადიანი უარყოფითი შედეგი გამოიწვიოს შემდეგი სახით: იძულებითი სახელმწიფო რეგულაციები და ახალი კანონმდებლობა აშშ-სა და ევრო კავშირში, რომლებიც საკმაოდ მკაცრი და ხისტი იქნება, რათა ნებისმიერი მსგავსი კრიპტო ფინანსური ოპერაციები, რამაც დააზარალა მილიონობით ინვესტორი აღმოიფხვრას სამომავლოდ. ესეც მოხდება პოტენციური ინვესტორების დაცვის მიზნით. ასეთმა რეგულაციებმა შეიძლება შეაფერხოს ახალი კრიპტო პროექტების და ბირჟების დაფუძნება, განვითარება და არსებობა, რაც საბანკო სექტორს და უოლ-სტრიტს დიდ გამარჯვებას მოუტანდა, რადგან ისინი კრიპტოს კონკურენტად აღიქვამენ, რომელსაც შეუძლია მათი საბანკო მონოპოლია მომავალში რისკის ქვეშ დააყენოს. ასეთი გამარჯვებით უოლ-სტრიტისა და საბანკო სფეროს ლობისტები მაქსიმალურად შეეცდებიან სამომავლო რეგულაციებზე ზეგავლენა მოახდინონ და უმკაცრესი ბიზნეს გარემო შეუქმნიან კრიპტო სამყაროს. ეს იქნება იძულებითი რეგულაციები კრიპტო პროექტებზე და ტრანზაქციებზე, იძულებითი KYC (Know Your Customer) პროცედურებით ტრანზაქციის ყოველ ეტაპზე. აშშ-ის სენატორებმა ელიზაბეთ უორენმა და როჯერ მარშალმა 2022 წლის 14 დეკემბერს უკვე წარადგინეს საკანონმდებლო პაკეტი - Digital Asset Anti-Money Laundering Act of 2022, რითაც ისინი ცდილობენ კრიპტოვალუტით ფულის გათეთრება და ტერორისტების პოტენციური დაფინანსების წყაროები შეუჩერონ. სინამდვილეში კი ეს კანონმდებლობა თუ დამტკიცდა, ის საკმაოდ მკაცრ რეგულაციებს დაუწესებს კრიპტო პროექტებს აშშ-ში და აშშ მომხმარებლებისათვის.

იძულებითი რეგულაციები საკმაო რისკს წარმოადგენს კრიპტო სამყაროსთვის და მისი სამომავლო განვითარებისთვის, რადგან ეს ნაბიჯი სწორედ ის მთავარი მიზეზია რატომაც შეიქმნა ბიტკოინ პროექტი - სახელმწიფო სტრუქტურების და საფინანსო „ესთაბლიშმენტის“ გარეთ მყოფი სატრანზაქციო ერთეული, რომელსაც მისი მომხმარებლები შეინარჩუნებდნენ და განავითარებდნენ საერთო საჯარო ბლოკჩეინ სისტემით. ამიტომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა გარკვეულწილად აკონტროლონ და მოითხოვონ ინდივიდუალური მფლობელების პირადი ინფორმაცია, ეს მიჩნეულია საკმაოდ უარყოფით ნაბიჯად კრიპტო სამყაროს სამომავლო განვითარებისთვის. თუმცა უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ აქამდე კრიპტო პროექტები სახელმწიფო უწყებების რადარის ქვეშ ექცეოდნენ, რადგან განვითარების საწყის ეტაპზე იყვნენ, ხოლო როდესაც საერთო საბაზრო ღირებულება $1 ტრილიონს სცდება და უკვე ბევრად უფრო დიდ მოცულობაზეა საუბარი მომავალ წლებში, ის აუცილებლად მოხვდება სახელმწიფო უწყებების თვალში, რადგან საშემოსავლო და საგადასახადო ორგანოები ნებისმიერ სახელმწიფოში ყოველთვის ითხოვენ თავის წილ გადასახადს და ამ გადასახადებს აუცილებლად ამოიღებენ ნებისმიერი კანონიერი მეთოდით. შეუძლებელია $1-ტრილიონიანი ინდუსტრია მათი მხედველობის გარეთ დარჩეს დიდი ხნით. ეს უბრალოდ გარდაუვალი იყო.

დღეისათვის 2023 წლის კრიპტო ზამთარი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. აშშ-ის ზოგიერთი წამყვანი ეკონომისტის გათვლით, ეკონომიკური რეცესია 2023 წელს უფრო მწვავე იქნება და ეს აქციების ფასებს/სააქციო ბირჟასაც დაეტყობა, მათივე გათვლებით, 2024 წელს უნდა მოველოდოთ უფრო უკეთეს ეკონომიკურ და ფინანსურ პროგნოზებს.

კრიპტო სამყაროსათვის უარყოფითი პროცესები, რყევები დიდი სავაჭრო პლატფორმების გაკოტრებით დაიწყო 2022 წელს და გაგრძელდა წლის ბოლომდე. ხოლო უფრო რთული 2023 წელიც შესაძლო სცენარია და საკმაოდ რეალურ ალბათობას წარმოადგენს თუ დამატებითი გაუთვალისწინებელი რყევები გაგრძელდა დომინოს ეფექტის პრინციპით.

ვინ შეიძლება მომავალი მსხვერპლი იყოს? წელს უფრო ხმამაღალია კრიპტო წრეებში განცხადებები რომ შემდეგი მსხვერპლი შესაძლოა Binance-ის კრიპტო სავაჭრო ბირჟაც გახდეს და სტაბილური მონეტა USDT Tether - ტეზერი.

Binance დამფუძნებელმა, ჩანგპენგ ჟაომ განაცხადა, რომ მის ბირჟას საკმარისი რაოდენობის ნაღდი ფულის რეზერვი გააჩნია, თუმცა მან არ გაასაჯაროვა Binance-ის უმთავრესი ფინანსური დეტალები, როგორიცაა: საბალანსო ანგარიშები და მთლიანი ნაღდი ფულის რეზერვის მოცულობაც არ დაადასტურა. როდესაც CNBC-ის ჟურნალისტმა 15 დეკემბერს ინტერვიუს დროს ჰკითხა CZ-ს აპირებდა თუ არა ბაინანსში დიდი ოთხეულიდან (Deloitte, Ernst & Young (EY), KPMG, PricewaterhouseCoopers (PwC)) რომელიმეს მიწვევას აუდიტის ჩასატარებლად, CZ-მ საკმაოდ დაბნეულად უპასუხა ჟურნალისტს რომ „დიდ ოთხეულს არ გააჩნია სათადარიგო გამოცდილება რომ კრიპტო ბირჟას ჩაუტაროს აუდიტი,“ რაც გასაკვირია CZ-ს მხრიდან. ჩნდება ლოგიკური კითვა: რატომ არ ასაჯაროებს CZ ასეთ საჭირო ინფორმაციას? თუ ყველაფერი რიგზეა ფინანსურად, მაშინ რატომ ეწინააღმდეგება აუდიტს? იწვევს თუ არა ეს მოცემულობა ეჭვს Binance-ის ლიკვიდურობის პრობლემაზე? შესაბამისად შესაძლოა თუ არა რომ Binance-მაც FTX-ის ბედი გაიზიაროს უახლოეს მომავალში, თუ მასაც ლიკვიდურობის პრობლემები გააჩნია? ამას თუ დავამატებთ იმ ფაქტს რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში ბაინანსის უმსხვილესმა ორგანიზაციულმა მომხმარებლებმა მილიარდობით დოლარის აქტივები გაიტანეს ბირჟიდან, ჩნდება მყარი ეჭვი რომ Binance-საც შესაძლოა გარკვეული ფინანსური პრობლემები ჰქონდეს.

თუ დავუშვით იმ თეორიულ მოცემულობას, სადაც Binance გაკოტრდება, ამას არ ექნება ისეთი გრძელვადიანი მტკივნეული ეფექტი კრიპტო სამყაროსთვის, ისევე როგორც FTX/Alameda Research-ს შემთხვევაში. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა ყოველთვის ჩაანაცვლებს ერთ მოთამაშეს მეორით. ყველაზე სავალალო და უარყოფითი განვითარება მოვლენების იქნებოდა სტაბილური მონეტის USDT/Tether ტეზერის კოლაფსი და გაკოტრება. როგორც ცნობილია, სტაბილური მონეტების ფასი ხელოვნურად არის აშშ დოლარზე მიბმული 1-1-ზე გადაცვლის ფორმულით. ამით მომხმარებელს შეუძლია ვოლატილური კრიპტოს ტრანზაქციები და მოგება შეინახოს სტაბილურ ვალუტაში და ფასის ცვალებადობას აარიდოს თავი.

USDT/Tether კოლაფსი და ლიკვიდაცია თუ მოხდება, ეს ნამდვილად იქნება 2023 წლის კრიპტო ზამთრის ყველაზე საშიში მოცემულობა გრძელვადიანი უარყოფითი ეფექტებით. თუ USDT დაეცემა დოლარის ქვემოთ და ვერ შეძლებს 1-1-ზე დოლართან ვაჭრობას, ეს გამოიწვევს საკმაოდ უარყოფით ჯაჭვურ რეაქციას მთელი კრიპტო სამყაროსათვის. ასეთი მოცემულობა უპირველესად გამოიწვევდა ცენტრალიზებული თუ დეცენტრალიზებული ბირჟების და ბევრი ახალი კრიპტო პროექტის განადგურებას. სცენარის ასეთ განვითარებას კი, შესაძლოა, მოჰყვეს კრიპტო ბაზრის ძლიერი ვარდნა დღევანდელი $811 მილიარდის ზღვრის ქვემოთ, -20% -25% ფარგლებში უკვე ქვედა ზღვარი ახალ რეკორდულ ნიშნულზე დაიწევს, დაახლოებით, $600-$650 მილიარდის ფარგლებში. ასეთი უარყოფით ეფექტის აღმოფხვრას, ბაზრის სტაბილიზაციას და ნდობის სრულ აღდგენას საკმაო დრო დასჭირდება.

CZ დადებითად მიიღებდა USDT ტეზერის კოლაფსის ახალ ამბებს, რადგან ის განიხილავს USDT-ს და USDC-ს სტაბულურ მონეტებს, როგორც მის BUSD - Binance US სტაბილური მონეტის მთავარ კონკურენტებს. ტეზერის გაკოტრებით კი ბაინანსი კრიპტო ბაზრის უდიდესი წილის მონოპოლიზებას შეძლებს, რითაც გარდაქმნის Binance-ს კრიპტო მეგა-მონოპოლიად. 2022 წლის დეკემბერში Binance ფლობდა $13 მილიარდზე მეტ USDT ტეზერს, ამიტომ ჩნდება ლოგიკური კითხვა: აპირებს თუ არა CZ-მ გამოიწვიოს მასობრივი გაყიდვები და მოახდინოს ტეზერის „დემპინგი“ ისევე, როგორც მან FTT კრიპტოზე განახორციელა?

ის ფაქტიც ამყარებს ეჭვს, რომ მიუხედავად Tether USDT გუნდის მრავალწლიანი დაპირებებისა, რომ პროექტის გარე აუდიტს განახორციელებდა და მის ფინანსურ ინფორმაციას საჯაროს გახდიდა, Tether-ის გუნდი დღემდე სრულ საიდუმლოებაში განაგრძობს არსებობას და აუდიტს ყოველ ჯერზე რამდენიმე თვით მომავალში წევს. თუ Tether USDT ტეზერის ფინანსური მდგომარეობა მყარია, მაშინ რატომ მალავს გუნდი ამ ინფორმაციას და რატომ ცდილობს ყოველ ჯერზე გაურკვეველი ვადით მომავალში გადაწიოს აუდიტის დაპირების პროცესი?

თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ დღეს არსებული 20,000 კრიპტო პროექტიდან, ბევრ ისეთ პროექტს აღმოვაჩენთ, რომელთა ბლოკჩეინზე არ აღინიშნება არანაირი აქტიურობა ან გადარიცხვები, ანუ ასე ვთქვათ, მკვდარი კრიპტო პროექტებია, რომელიც ქაღალდზე არსებობს. ზოგიერთი კრიპტო პროექტიც, მიუხედავად იმისა, თუ რა ინოვაციასაც გვპირდებოდა, ვერ წარმოგვიდგინა რეალური შედეგები, ნელ-ნელა მეორე და მესამე ხარისხოვან პროექტების სიას ემატება... შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ გარკვეული რაოდენობის კრიპტო პროექტები, რომლებიც უკვე არ წარმოადგენენ ინოვაციას და არ გვთავაზობს სიახლეს, დღევანდელ Bear market-ის სტრესს ვერ გაუძლებენ და გაიცხრილებიან. ანუ ზოგადად ეს უარყოფითი საბაზრო შოკები ხელს შეუწყობს კრიპტო ბაზარზე არსებული არაფრისმაქნისი და არაფრისმომცემი კრიპტო პროექტებისგან ბაზრის განთავისუფლებას, გაწმენდას და ახალი რეალობის შექმნას. ის პროექტები, რომლებიც ნამდვილ ინოვაციას და სამომავლო პოტენციალს გვთავაზობენ, აუცილებლად გადარჩებიან და დარჩენილ კრიპტო ბაზრის წილსაც აითვისებენ მომავალში.

2023 წლის კრიპტო ზამთრი ბევრ საინტერესო სცენარს და ჰიპოთეზას გვთავაზობს. დღეს კრიპტოსამყარო განვითარების უფრო სერიოზულ ეტაპზეა და ის განაგრძობს უფრო სწრაფად ზრდას, ნამდვილად მჯერა, რომ კრიპტო პროექტები და ბლოკჩეინი ჩვენი მომავალი ციფრული ეკონომიკის განუყოფელი ნაწილი იქნება. 2022 უარყოფითი სკანდალებით და კრიპტო შოკებით იყო დატვირთული, რომელიც ჯერ არ დასრულებულა. დაველოდოთ 2023 წელს - ბევრი სიახლე გველის კრიპტო სამყაროს მომავალ წელს! ყველაფერია შესაძლებელი!


ავტორი: დავით ძიძიკაშვილი - Ph.D. კანდიდატი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, სადოქტორო კვლევის სფერო: ბლოკჩეინ ტექნოლოგია და კრიპტოპროექტები.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ემთხვეოდეს BMG-ის რედაქციის პოზიციას.