მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

400-მდე თანამშრომლის გაფიცვის მიუხედავად სოც.სააგენტოს ცენტრები მუშაობენ - მინისტრის მოადგილე

61e56e5eb9b33
მარიამ ვარადაშვილი
17.01.22 17:24
569
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განცხადებით, 400-მდე თანამშრომლის გაფიცვის მიუხედავად, მომსახურების სააგენტოს სერვის ცენტრები შეუფერხებლად მუშაობს. როგორც ბარკალაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გაფიცულ თანამშრომლებთან მოლაპარაკების პროცესშიც ცენტრები მოქალაქეების მომსახურებას გააგრძელებენ.

“მოგეხსენებათ, რომ დღეს თანამშრომელთა გარკვეული ნაწილი გაფიცულია და ხელფასის მატებას ითხოვენ. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანი არის ის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ის სოციალური სერვისები არ შეუწყდეს, რაც მათთვის მნიშვნელოვანია და ამის გარანტია დღეს გვაქვს. გვქონდა ძალინ მოკლევადიანი წყვეტა თბილისის ტერიტორიულ ერთეულებში, რაც აღდგა. დამიდასტურეს, რომ სამოცდაშვიდივე ტერიტორიულ ერთეულში განცხადებების მიღება მიმდინარეობს. ვიზრუნებთ იმაზე, რომ ამ მოლაპარაკებების პროცესში მოქალაქეებს განცხადებით მომართვის შესაძლებლობა ჰქონდათ”,-აცხადებს ბარკალაია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ხელფასების მატებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს 700-მდე თანამშრომელს ხელფასი ჯამში 40-60%-მდე მოემატებათ.

მისივე თქმით, პანდემიის გამო, რადგან სახელმწიფომ სოციალურად დაუცველთა გადამოწმება შეაჩერა, აგენტები მხოლოდ ფიქსირებულ ხელფასს, 250 ლარის ოდენობით იღებენ და ეს თითქმის ორი წელია ასე გრძელდება.

“სოციალურ აგენტთა შენარჩუნების მიზნით ფიქსირებულ ხელფასს ბუნებრივია ვუხდით. ორივე კომპონენტშია გათვალისწინებული ხელფასის მატება. ფიქსირებული ანაზღაურება გაიზრდება 250 ლარიდან 400 ლარამდე, ასევე გამომუშავების ნაწილშიც არის ზრდა. კერძოდ, დღეს თუ 6 ლარია 10 ლარამდე იზრდება დეკლარაციის შევსება. აქედან გამომდინარე, ორივე კომპონენტში მატება არის”,-აცხადებს ბარკალაია.

სოციალური მომსახურების სააგენტოს დაპირების მიუხედავად, რომ თებერვლიდან დასაქმებულებს ხელფასი გაეზრდებათ, თანამშრომლების ნაწილი დღეს, 17 იანვარს, მაინც გაიფიცა. როგორც BMG-ის სოციალურმა აგენტმა თეა ნარიმანიშვილმა განუცხადა, სანამ მათი მოთხოვნები სრულად არ შესრულდება სოციალური მომსახურების სააგენტოს 400-მდე თანამშრომელი, მათ შორის სოციალური აგენტები, უფროსი სოციალური აგენტები, სპეციალისტები, უფროსი სპეციალისტები, იურისტები და მთავარი სპეციალისტები პროტესტს გააგრძელებენ.