მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"41-ე დადგენილება - რეგლამენტი, რომელიც მშენებლობის ნებართვის მიღებას აფერხებს"

5e37ba827f8a7
კობა ყალიჩავა - თსუ-ის პროფესორი
03.02.20 10:20
9722
„საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წელს მიღებული შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები საქართველოს ახალ სამშენებლო კოდექსს და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. ის ართულებს ნებართვის მიღების პროცედურებს და ქმნის დაუსაბუთებელი უარების დამაფიქრებელ სტატისტიკას,“ - ასე აფასებს აღნიშნულ წესებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, ახალი სამშენებლო კოდექსის თანაავტორი კობა ყალიჩავა.

„41-ე დადგენილება ამერიკული მოდელური სამშენებლო ნორმის უხარისხოდ ნათარგმნი ქართულენოვანი ვერსიაა, რომელსაც შენობა-ნაგებობის პროექტირება/შეთანხმებისას უსაფრთხოების საკითხები უნდა უზრუნველეყო.

სინამდვილეში, დღეს ეს რეგულაცია ყველა მხარეს აზიანებს: დეველოპერს არა აქვს განჭვრეტადი გარემო, იზრდება მშენებლობის ფასი(რაც რეალურად ხარისხზე არ აისახება), არქიტექტორი ვერ ახორციელებს ხარისხიან მომსახურებას, მომხმარებელი პროცესისადმი კარგავს ნდობას, ხოლო ნებართვის გამცემი ორგანო იღებს თვითნებობის განუზომელ არეალს. შედეგად, ამ დოკუმენტით დღეს არქიტექტორთა მხოლოდ ის ვიწრო ჯგუფია „კმაყოფილი“, რომელთა შეფასებები „პრივილეგირებულად“ მიიღება საექსპერტო დასკვნის სახით. აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიცემული ფართო დისკრეციის ფონზე აფერხებს მშენებლობის ნებართვის მიღების პროცედურებს და მთლიანობაში ზრდის კორუფციულ რისკებს,“ - აცხადებს კობა ყალიჩავა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2019 წლის ბოლოდან ამოქმედებულია ახალი სამშენებლო კოდექსი, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასთან ერთად ამ მიმართულებით გარკვეულ ვალდებულებებს ადგენს.
„ახალი სამშენებლო კოდექსი ერთმნიშვნელოვნად მოითხოვს სამშენებლო ნორმების გადაწყობას ევროპულ სტანდარტებზე (78-ე მუხლი). მართალია, თბილისთან მიმართებით მოხდა კოდექსის ნაწილის (კერძოდ, ქალაქგეგმარების მარეგულირებელი ოცი მუხლის) 2029 წლამდე გადავადება, თუმცა შენობა-ნაგებობის მიმართ დადგენილ მოთხოვნებს (თავი IX) გადავადება არ შეხებია. ამიტომ, ამ ნაწილში კოდექსი სრულად ამოქმედებულია. სწორედ კოდექსი მოითხოვს ევროპულ სტანდარტებზე გადაეწყოს ის სამშენებლო წესებიც, რომელსაც დღეს „ამერიკანიზებული“ 41-ე დადგენილება ფარავს. ასოცირების შეთანხმებით კი, საქართველოში უნდა მოხდეს სამშენებლო პროდუქტის შესახებ 305/2011 და შენობათა ენერგოეფექტურობის შესახებ 2010/31 რეგულაციების დანერგვა. ეს უკანასკნელი კი, პირდაპირ თუ არაპირდაპირ ევროკავშირის ჰარმონიზირებული სტანდარტების გადმოღების ვალდებულებასაც გულისხმობს კონსტრუქციული პროექტირების, სახანძრო უსაფრთხოების, ინსოლაციის და ენერგოეფექტურობის მიმართულებით, რამაც ავტომატურად უნდა გამოიწვიოს 41-ე დადგენილების გაუქმება და მისი ჩანაცვლება ევროპული სტანდარტებით,“ - აცხადებს ექსპერტი.

მისი მოსაზრებით, „დაუშვებელია სამშენებლო ნორმების არქიტექტურული ნაწილი იყოს ამერიკული, ხოლო კონსტრუქციული - ევროპული (რაზეც ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს). მითუმეტეს, ამერიკული ნორმები აშშ-იც არ არის საყოველთაოდ სავალდებულო და ცალკეულ შტატში ის განსხვავებულად მოქმედებს".

გაუგებარია, საქართველოში რატომ უნდა იყოს ეს მოდელური სტანდარტი უცვლელად მიღებული. თანაც ტექნიკური რეგლამენტის სახით. ის სრულიად შეუთავსებელია ქართულ რეალობასთან, ეწინააღმდეგება ეკონომიკური თავისუფლების იდეას, ართულებს ნებართვის მიღების პროცედურებს და მაღალ კორუფციულ რისკებს ქმნის. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა იზრუნოს ამ პრობლემის მოგვარებაზე,“ - აცხადებს კობა ყალიჩავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები