მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ სახანძრო უსაფრთხოების წესების ნაწილის ამოქმედება გადაავადა

63ef7cb5d3c41
ანუკა ჯოხაძე
18.02.23 15:30
1052
მთავრობამ სამშენებლო სექტორისთვის 41-ე დადგენილებით გათვალისწინებული “შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ ტექნიკურ რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები 1 წლით გადაავადა. დამტკიცებული ცვლილებები მოიცავდა სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილებისა და მიდგომისათვის შენობა-ნაგებობასთან მისასვლელი გზის პერიმეტრის განსაზღვრას, აგრეთვე, მაღლივი შენობებისთვის სახანძრო-სამაშველო კაბინისათვის მოედნის მოწყობის სტანდარტის დადგენას.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, აღნიშნული რეგულაციები მნიშვნელოვან ზიანს აყენებდა სექტორს. მისი თქმით, 915-ე ქვეთავით განსაზღვრული სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილე­ბისათვის განკუთვნილი გზის პარამეტრები იმდენად დიდი იყო, რომ კერძო სექტორის საკუთრებაში არსებული ნაკვეთების 70% ამ პარამეტრებს ფიზიკურად ვერ აკმაყოფილებდა.

“უნდა შექმნილიყო შესაბამისი პირობები, ვგულისხმობ, შენობამდე მისასვლელ გზას, თუმცა ეს შემოთავაზებული მანძილი იმდენად დიდი იყო, რომ დღევანდელი მოცემულობით, 70-80% მიწის ნაკვეთები, რომელიც დღეს დეველოპერებს აქვთ, შეიძლება პოტენციურად გამოსადეგი გამხდარიყო და შეექმნა სირთულეები.

ამიტომ ჩვენი შეთავაზება იყო, რომ მოქმედება გადავადებული აღნიშნული დადგენილების და პარალელურად საუკეთესო პრაქტიკა, თანამედროვე სტანდარტები გვენახა, იმისთვის რომ გვენახა სხვა ალტერნატივები იმ მიდგომისა, რომელიც საგანგებო სიტუაციების სამსახურმა შემოგვთავაზა. არ ვამბობთ, რომ ეს არის ცუდი, მაგრამ უნდა ვეძებოთ ისეთ გადაწყვეტები, რომელიც არსებულ რეალობას შეესაბამება.”-აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.

გარდა სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილე­ბისათვის განკუთვნილი გზის პარამეტრებისა, გადავადდა 75 მეტრზე მაღალი შენობების სახურავზე ადამიანთა ევაკუაციის მიზნით შვეულმფრენისთვის შესაბამისი კაბინის მოედნის მოწყობის ვალდებულებაც.

ახალი სამშენებლო კოდექსის თანაავტორი, კობა ყალიჩავა ამბობს, რომ 41-ე დადგენილებას არაერთი ნაკლოვანება აქვს, რის გამოც ცვლილებების საჭიროება დღის წესრიგში დგება. მისი თქმით, 41-ე დადგენილება ამერიკული სამშენებლო ნორმის უხარისხოდ ნათარგმნი ქართულენოვანი ვერსიაა, რომელსაც შენობა-ნაგებობის პროექტირება/შეთანხმებისას უსაფრთხოების საკითხები უნდა უზრუნველეყო. თუმცა ყალიჩავას თქმით, აღნიშნული დადგენილება კერძო სექტორისთვის დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების წარმოქმნის წინაპირობა გახდა.

“ბოლო პერიოდში მივიღეთ წესების არა გამკაცრება, არამედ გართულება. გამკაცრება არის, როცა უსაფრთხოების თვალსაზრისით რაღაც შედეგი ექნება რეგულაციას. ამ შემთხვევაში 41-ე დადგენილებას ეს შედეგი არ აქვს. აქ უფრო არის პროცესების გართულება.

მთავარია, რაც დადგენილებაში წერია, ის ვალდებულება პროექტში შესრულებულად წარმოჩინდეს, შემდგომ ის იმუშავებს თუ არ იმუშავებს, ექნება ეფექტი თუ არა, ამაზე არავინ არ ფიქრობს. წლების მერე აღმოჩნდება, რომ ბიზნესს ტყუილად ვახარჯინებდით ამხელა თანხას და შეიძლებოდა უფრო მარტივად, ეფექტიანად და შედეგიანად ამ საქმის გაკეთება”, - ამბობს კობა ყალიჩავა.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აანონსებენ, ამ პერიოდში სამთავრობო უწყებებთან შეთანხმებით, შეირჩევა მაღალი რეპუტაცის მქონე საკონსულტაციო კომპანია, რომელიც შეიმუშავებს საქართველოს რეალობაზე მორგებულ ეროვნულ სტანდარტს, რომელიც თანხვედრაში იქნება და გაითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. ეს სტანდარტი კი თავის მხრივ, უსაფრთხოების დაცვას და ამავდროულად დეველოპერული საქმიანობის შეუფერხებელ წარმოებას უზრუნველყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები