მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ გვაქვს "მწვანე პასპორტი" იზოლაციის ვადის გასვლის შემდეგ? - განმარტება

61f77eb6bd5d1
თათია ჩაფიჩაძე
31.01.22 10:16
1791
17 იანვრიდან საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეებისა და მათი კონტაქტების იზოლაციისა და კარანტინის ვადები შემცირდა და ნაცვლად 14 დღისა, ახალი წესების მიხედვით ასიმპტომური, მსუბუქი შემთხვევებისთვის იზოლაციის ვადად 8 დღე განისაზღვრა, მძიმედ მიმდინარე შემთხვევებში კი პაციენტი ვალდებულია, იზოლაციაში 10 დღე გაატაროს.

მიუხედავად წესების ცვლილებისა, covid-პასპორტში პირი 14 დღის გასვლამდე არ "მწვანდება", რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროის განმავლობაში covid-გადატანილ მოქალაქეს იმ სივრცეში შესვლის უფლება არ აქვს, სადაც "მწვანე პასპორტი" მოქმედებს.

როგორც bmg-ს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განუმარტა, ამის მიზეზი 5 დღის განმავლობაში პირბადის ტარების რეკომენდაციაა. კერძოდ, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მოქალაქეს 8-10 დღის შემდეგ შეუძლია სამსახურში დაბრუნება, თუმცა იქ, სადაც მას პირბადის გამოყენება არ შეუძლია, მაგალითად რესტორანში, 14 დღეზე ადრე დაშვება გარკვეული რისკის მატარებელია.

„იზოლაციისა და კარანტინის შესახებ ახალი მოთხოვნების თანახმად, პირს შეუძლია იზოლაცია შეწყვიტოს 8 დღეში თუ სიმპტომები არ hქონდა ან 10 დღეში, თუკი გარკვეული სიმპტომები იყო გამოხატული;. ამის შემდეგ მკაცრი რეკომენდაციაა, 5 დღის მანძილზე ატაროს პირბადე. ამ წესის თანახმად, კოვიდით დაინფიცირების შემდეგ მოქალაქეს შედარებით ადრე (8 ან 10 დღეში) შეუძლია დაუბრუნდეს სამსახურს და ისარგებლოს ესენციური სერვისებით, მაგრამ იქ, სადაც მას პირბადის გამოყენება არ შეუძლია, მაგალითად, რესტორანში, 14 დღეზე ადრე დაშვება გარკვეული რისკის მატარებელია, ამიტომ დღევანდელი მდგომარეობით, "მწვანე საშვის" კრიტერიუმებში რჩება დიაგნოზის დადასტურებიდან 14 დღე", - განაცხადა გაბუნიამ.

17 იანვრიდან შეტანილი ცვლილებების მიხედვით, შეიცვალა კარანტინის წესებიც. კარანტინის ვადა იხსნება იმ შემთხვევაში, თუ: COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტირებული პირი არის ვაქცინირებული 2 დოზით და მეორე დოზის მიღებიდან გასულია 14 დღე, თუმცა არაუმეტეს 90 დღე; თუ პირს გაკეთებული აქვს ბუსტერდოზა; კოვიდგადატანილ პირს, ვირუსის დადასტურებიდან 60 დღის განმავლობაში. ყველა მათგანს აქვს ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია 10 დღის განმავლობაში. არავაქცინირებული პირებისთვის რჩება რეკომენდაცია კონტაქტის შემდეგ 8 დღის განმავლობაში იყვნენ კარანტინში და შემდეგ მე-9 - მე-12 დღეებში გამოიყენონ პირბადე.