მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

454 მილიონიანი შემოსავლის მიუხედავად, 2018 წელი "კარფურმა" 27-მილიონიანი ზარალით დაასრულა

5daf08886ecfa
შოთა ტყეშელაშვილი
22.10.19 19:14
17418
ჰიპერმარკეტების ქსელი “კარფური” საქართველოს ვაჭრობის სექტორში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა. ჰიპერმარკეტების ქსელს 2018 წელს ერთი ახალი სუპერმარკეტი შეემატა, ხოლო მისი მთლიანი გაყიდვები გასულ წელს 83.8 მილიონი ლარით გაიზარდა და მან 454.7 მილიონ ლარს მიაღწია.

ჰიპერმარკეტების ქსელ “კარფურის” იურიდიული სახელია “მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია". კომპანია არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში რეგისტრირებული იურიდიული პირის შვილობილია და UAE-ს ინვესტიციას წარმოადგენს. “მაჯიდ ალ ფუტიამს” ფრანგულ რითეილის გიგანტთან გრძელვადიანი ფრენჩაიზის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. 2018 წელს კომპანიამ ფრანჩიზში 2.4 მილიონი ლარი გადაიხადა.

დიდი ოთხეულის წევრი აუდიტორული კომპანია KPMG-ის მიერ მომზადებული დასკვნით, “კარფურისთვის” 2018 წელი ერთის მხრივ გაზრდილი შემოსავლით ხასიათდებოდა, რასაც ერთვოდა გაზრდილი ხარჯებიც - რაც გაზრდილ ფინანსურ და საოპერაციო ხარჯებს უკავშირდებოდა.

ფინნასური ანგარიშგების მიხედვით, გასულ წელს "კარფური" 17 მილიონ მომხმარებელს მოემსახურა.

თავად რეალიზებული პროდუქციის შესასყიდი თვითღირებულება კი, 2018 წელს 368 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2016 წელთან შედარებით 23%-ით მეტი იყო.

შესაბამისად, სხვაობამ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებასა (368 მლნ.) და მიღებულ შემოსავალს (454.7 მლნ.) შორის 86.2 მილიონი ლარი შეადგინა.

“კარფურის” საოპერაციო ხარჯები 2017 წელს 88.8 მილიონი ლარი იყო - აქედან, პერსონალის შენახვა 31.6 მილიონი ლარი დაჯდა, მაღაზიების საიჯარო გადასახადებმა 11.4 მილიონი ლარი შეადგინა, აქტივების ცვეთისა და გაუფასურებით მიყენებული ზარალი 11.5 მილიონ ლარს აღემატებოდა, ტექნიკური მომსახურების ცენტრის ხარჯი 6.9 მილიონი ლარი იყო, კომუნალური ხარჯები - 4.7 მილიონი, სარეკლამო ხარჯები კი - 3.5 მილიონი

საანგარიშო პერიოდში კომპანიის ფინანსური ხარჯები 24.4 მილიონ ლარს შეადგენდა. მთლიანობაში ხარჯებმა  შემოსავლებს 27 მილიონი ლარით გადააჭარბა.

შპს “მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია” 2011 წლის 23 დეკემბერს დარეგისტრირდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობა საქართველოში ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელის ფუნქციონირება და მართვაა. “მაჯიდ ალ ფუტიამი” არის შპს „Majid Al Futtaim Hypermarkets“-ის შვილობილი, რომელიც კომპანიის საწესდებო კაპიტალში ფლობს 100%-იან წილს. კომპანიის დაფინანსებისა და საკრედიტო დამოკიდებულების უმეტესობა შპს „Majid Al Futtaim Hypermarkets“-ის მართვის ქვეშ მყოფი ჯგუფიდან მოდის.