მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

500 ჩინელი სპეციალისტი მაგისტრალების მშენებლობაში ჩაერთვება, მაგრამ ჯერ კარანტინს გაივლის

5f437fd819365
თელარა გელანტია
24.08.20 12:50
1522
25 და 26 აგვისტოს საქართველოში ჩინური კომპანიების წარმომადგენლები ჩამოვლენ; მათი ნაწილი 21 და 23 აგვისტოს ჩამოფრინდა, - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე მოადგილეებთან ერთად ჩინური კომპანიების წარმომადგენლებს უკვე შეხვდა და რიკოთისა და ქვეშეთი-კობის მაგისტრალების მშენებლობის პროექტებში დამატებითი პერსონალის ჩართვის საკითხი განიხილა.

როგორც ირკვევა, საუბარია 500 ჩინელ სპეციალისტზე, რომელიც 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლის შემდეგ მაგისტრალების მშენებლობაში ჩაერთვება.

„საქართველოს საზღვარზე მათ PCR ტესტით შემოწმებას და საკარანტინე ზონაში გადაყვანას, ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების დაცვით, კომპანიები თავად უზრუნველყოფენ. 14 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, საკარანტინო სივრცის დატოვებამდე, პერსონალი განმეორებით გაივლის ტესტირებას და ექიმის დასკვნის საფუძველზე ჩაერთვება მიმდინარე სამუშაოებში. სულ, კარანტინის გავლა დაახლოებით 500 სპეციალისტს მოუწევს”, - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.
ჩინეთიდან ჩამოსული სპეციალისტების 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის ხარჯებს სრულად კონტრაქტორი კომპანიები დაფარავენ.

გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ კვალიფიცირებული პერსონალის ჩინეთიდან ჩამოყვანის მიზანია, არ შეფერხდეს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპი.

„მიუხედავად იმისა, რომ გლობალური პანდემიის პირობებში საქართველოში სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები არ შეჩერებულა, ზოგიერთი მათგანის ტემპი სპეციალური კვალიფიკაციის მქონე მუშახელის არასაკმარისი რაოდენობის გამო მნიშვნელოვნად შეფერხდა. სამუშაოს უფრო ეფექტურად წარმართვისთვის და მეტი პროგრესის მისაღწევად საჭირო გახდა დამატებითი კვალიფიცირებული პერსონალის ჩინეთიდან ჩამოყვანა.

საქართველოში, ბათუმის შემოვლითი გზისა და გრიგოლეთი-ქობულეთის პროექტებში უკვე ჩაერთნენ თურქი სპეციალისტები, რომლებმაც კარანტინი ყველა წესის დაცვით გაიარეს. ქართული მხარე ასევე განიხილავს სხვა კონტრაქტორი კომპანიების მოთხოვნებსაც, მიმდინარე საერთაშორისო პროექტებისთვის საჭირო სპეციალისტების მსგავსი პროცედურების დაცვით ჩამოყვანის შესაძლებლობის თაობაზე“, - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.