მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მშენებლობა განვადებით - „ახალი პროგრამით წელს ბიზნესს ₾1.5-2 მლრდ-ის პროექტებს შევთავაზებთ“

624aacb09fa68
ვიქტორია მღებრიშვილი
04.04.22 12:28
2352
„პროგრამით წელს ბიზნესს ₾1.5-2 მლრდ-ის პროექტებს შევთავაზებთ“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე, 14 თებერვალს სამშენებლო დარგის წახალისებისა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარების შესახებ დაანონსებული ახალი პროგრამის დეტალებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სამინისტროებმა დაახლოებით 3-5 წელში შესასრულებელი პროექტების სია უკვე წარმოადგინეს. ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ პროექტები საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა მათ შესახებ სრულად ინფორმაცია ხელმისაწვდომი 1 კვირაში, მას შემდეგ გახდება, რაც ლევან დავითაშვილი დარგის წარმომადგენლებთან საბოლოო შეხვედრებს გამართავს.

„ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისა და საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, სამშენებლო სექტორს შევთავაზეთ მოიზიდონ დამატებითი ფინანსური რესურსი დამატებითი დაკვეთების მისაღებად, საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაციის მიმართულებით. ამ საკითხზე ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით არაერთი შეხვედრა გაიმართა, ყველა სამინისტრომ გამოაგზავნა იმ ობიექტების ნუსხა, რომელიც იქნება ასაშენებელი ან რეაბილიტაციის რეჟიმში გასარემონტებელი. საკმაოდ მასშტაბური მოცულობა მივიღეთ, წელს კომპანიებისთვის დაახლოებით 1.5-დან 2 მლრდ-მდე გვექნება შესათავაზებელი. პროექტები წარმოადგინეს თავდაცვამ, ჯანდაცვამ, ინფრასტრუქტურამ, სოფლის მეურნეობამ, შსს-მ. ჩვენი ამოცანა იქნება, რომ ეს სამუშაოები, რომელიც 3-დან 5 წლამდე ვადაში უნდა განხორციელებულიყო, გადმოვწიოთ და მათი განხორციელება დავიწყოთ წელსვე. მაგალითად, მიხეილ ჩხენკელს 800 სკოლა აქვს გასარემონტებელი, რათა ყველა სკოლა ერთიან სტანდარტში მოვაქციოთ. ასევე, გეტყვით რომ წყალი ყველა ქალაქში 2025 წლისთვის 24-საათიანი უნდა ყოფილიყო. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ვადები გადმოვწიოთ და ეს პროექტები განვახორციელოთ.

ეს ძალიან კარგი შეთავაზებაა ბიზნესისთვის, ერთი მხრივ, მთავრობა საკუთარ პროექტებს განახორციელებს და მეორე - ბიზნესი ამით სარგებელს მიიღებს და დაჩქარდება ეკონომიკური ზრდა. ზოგადად ძალიან სასარგებლო ინიციატივაა და ამ პროექტებით ათასობით სამუშაო ადგილის შექმნაა გათვალისწინებული.

კვირის განმავლობაში ეკონომიკის მინისტრს საბოლოო შეხვედრები ექნება და მომავალ კვირას გვინდა გამოვაცხადოთ ეს პროექტები.

ბანკები თანახმა არიან, რომ აღნიშნული პროექტები დააფინანსონ და გამოყონ დამატებითი ფინანსები“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის: პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 14 თებერვლის მთავრობის სხდომაზე სამშენებლო დარგის წახალისებისთვის ახალი 500-მილიონიანი პროგრამის დაწყება დააანონსა, რომლის ფარგლებშიც მთავრობა ერთდროულად იქნება ახალი უძრავი ქონების მშენებლობის დამკვეთი და ამავდროულად სამშენებლო სექტორისთვის სესხების გარანტორი. ღარიბაშვილის თქმით, ამ გზით მთავრობა შემჭიდროებულ ვადებში 4-5 წლის გასაკეთებელს “ერთ წელში გააკეთებს”. აღნიშნული პროგრამის დეტალებზე სასაუბროდ კი 17 თებერვალს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი „ტექნოპარკში“ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ახალ ინიციატივასთან მიმართებით კერძო სექტორის მოსაზრებები მოისმინა.