მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 ივლისიდან ბანკებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის წესში ცვლილებები ამოქმედდება

60d5ed4103fd0
თელარა გელანტია
25.06.21 18:47
733
კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის დაცვის წესში ცვლილებები შევიდა. როგორც სებ-ის მიერ გავრცელებულ რელიზშია ნათქვამი, აღნიშნული ინიციატივა, ერთი მხრივ, ლარის დეპოზიტების ბაზარზე კონკურენციის გააქტიურებასა და ლარის დეპოზიტების წახალისებას შეუწყობს ხელს, მეორე მხრივ, თითოეული კომერციული ბანკის დოლარიზაციის დონეს ითვალისწინებს.

"შესაბამისად, ცვლილებების მიხედვით, უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა ცალკეული კომერციული ბანკისთვის ინდივიდუალურად, დეპოზიტების დოლარიზაციების მიხედვით, 10-დან 25%-მდე განისაზღვრება. კერძოდ, თუ ბანკისთვის დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი 40%-ს არ აღემატება, მაშინ სარეზერვო ნორმა 1 წლამდე ნარჩენი ვადიანობის მქონე უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის 10 პროცენტამდე შემცირდება. თუ დოლარიზაცია 70% ან მეტია, ის კვლავ 25% იქნება; ხოლო 40-70 პროცენტის შუალედში სარეზერვო ნორმა წრფივად დეპოზიტების დოლარიზაციის შემცირებასთან ერთად დაიკლებს.

რაც შეეხება 1-დან 2 წლამდე ნარჩენი ვადიანობის მქონე უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის, 40-70 პროცენტის დოლარიზაციის ფარგლებში, სარეზერვო ნორმა ანალოგიურად, წრფივი დაანგარიშების შესაბამისად 15-დან 10 პროცენტამდე შემცირდება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, სებ-ის შეფასებით, მაღალი დოლარიზაცია საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი სისტემური პრობლემაა, რომელიც მიუხედავად შემცირების დინამიკისა, ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია.

"დოლარიზაცია, გარდა იმისა, რომ ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი რისკია, ასევე ზრდის წნეხს სავალუტო ბაზარსა და ინფლაციაზე. აღსანიშნავია, რომ მაღალი დოლარიზაციის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური კრიზისების დროს ხდება, როდესაც საზოგადოებრივი დანახარჯები იზრდება.

სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა აპრილის თვეში დეპოზიტების ბაზარზე დედოლარიზაციის პროცესების შემდგომი ხელშემწყობი გადაწყვეტილება მიიღო.

კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის დაცვის წესში ცვლილებები 2021 წლის 6 ივლისიდან შევა ძალაში", - აცხადებენ სებში.