მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

€60 მილიონის სესხი ბათუმის წყლის ინფრასტრუქტურის ნაცვლად COVID 19-ის კრიზისზე დაიხარჯება

5f588fd8d9453
შოთა ტყეშელაშვილი
09.09.20 15:03
1154
2019 წლის ოქტომბერში საქართველოში გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ოფიციალური ვიზიტი გაიმართა. მისი ვიზიტის ეკონომიკური ნაწილის ფარგლებში, ხელი მოეწერა €60 მილიონი ევროს სასესხო შეთანხმებას, რომელიც ბათუმში “კომუნალური წყლის ინფრასტრუქტურის” განვითარება იგეგმებოდა. საქართველო პროექტისთვის საჭირო შეღავათიან საკრედიტო რესურსს გერმანიის განვითარების ბანკისგან (KFW) მიიღებდა.

მთავრობის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ საქართველოში COVID-19-ის ეკონომიკური კრიზისის დაწყების შემდგომ, მთავრობასა და KFW-ს შორის შედგა მოლაპარაკება, რომლის შედეგადაც ამ სასესხო ხელშეკრულების მიზნობრიობა შეიცვალა. განახლებული შეთანხმების თანახმად, ფინანსური რესურსი ბათუმის წყლის სისტემის ინფრასტრუქტურის განვითარების ნაცვლად, საქართველოში COVID-19-ის კრიზისზე დაიხარჯება.

ამ სესხის მსგავსად მიზნობრიობა შეეცვალა გაზსაცავის მშენებლობის პროექტსაც, რომლისთვისაც KFW-სთან 2018 წელს 150 მილიონი ევროს ხელშეკრულება გაფორმდა. უფრო კონკრეტულად კი მოდიფიცირება განიცადა აღნიშნული სესხიდან 120 მილიონი ევროს ტრანშმა. BMG-ის კითხვაზე თუ რა ბედი ელის გაზსაცავის პროექტს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უპასუხა, რომ პროექტი კვლავ პრიორიტეტად რჩება და ის მომავალში აუცილებლად განხორციელდება.

ჯამურად, KFW-სთან რეკლასიფიცირებული სესხების მთლიანი ოდენობა 180 მილიონი ევრო იქნება. თანხა ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხის სახით დაიხარჯება და ის პირდაპირ სახელმწიფო ხაზინაში მიიმართება. ახალი პროგრამის ფარგლებში KFW-სა და საქართველოს შორის შეთანხმება 7 აგვისტოს გაფორმდა.

180-მილიონიანი ევროს ხანგრძლივობა 13 წელი იქნება, მათ შორის 2 წელი საშეღავათოა, რაც ნიშნავს, რომ სესხის მომსახურება 2 წლის შემდგომ დაიწყება. სესხის საპროცენტო განაკვეთი კი EURIBOR-ზე დაფუძნებული ცვლადი განაკვეთი იქნება. მარჟის მიხედვით განაკვეთი EURIBOR+0.85%-ს შეადგენს.

ბათუმის კომუნალური წყლის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შესახებ:

პროექტის ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო: ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის გაფართოება და განვითარება; ჩაქვის წყალმომარაგების ახალი გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა; მეჯინისწყლის წყალმომარაგების სათავე ნაგებობის გაფართოება; წყალმომარაგების 5 000 კუბ.მ. რეზერვუარის მშენებლობა ინჯალოსთან არსებული რეზერვუარების მიმდებარედ; წყალარინების ქსელის მოწყობა ადლიის, აეროპორტის, კახაბრის, მეჯინისწყლის, დაბა ხელვაჩაურის, მახინჯაურისა და მწვანე კონცხის დასახლებებში. პროექტი 2020-2025 წლებში უნდა განხორციელებულიყო.