საქართველოში წყალბადზე მომუშავე ავტობუსები სავარაუდოდ, 2 წელში გამოჩნდება - ასეთია გეგმა, რომელსაც „მწვანე წყალბადის“ წარმოება/ მოხმარების საპილოტე პროექტი მოიაზრებს.
პროექტს, რომელიც საქართველოში განახლებადი ენერგიის მწარმოებელი სადგურის, ელექტროლიზის დანადგარისა და წყალბადზე მომუშავე 20 ავტობუსის შეძენას გულისხმობს, გერმანიის მთავრობა 23 მლნ ევროს გრანტით აფინანსებს.
„წარმოებული წყალბადის მომხმარებელი ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი იქნება, რომელსაც წყალბადზე მომუშავე ავტობუსები გადაეცემა“, - ამბობს „საქმის კურსთან“ ენერგეტიკული საკონსულტაციო კომპანია „მესის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბეგაშვილი და აღნიშნავს, რომ „პროექტის განხორციელებით საქართველო იქნება რეგიონში პირველი, რომელიც „მწვანე წყალბადის“ წარმოებას დაიწყებს. ამასთან, საპილოტე პროექტი შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას დააგროვოს გამოცდილება, აღზარდოს ახალი სპეციალისტები და ამ რბოლაში პირველი იყოს მინიმუმ ამ რეგიონში“.
მისი თქმით, პროექტი კომპლექსურია. გამოწვევაა წყალბადის ავტობუსების მიღებაც, რომელთა შეკვეთაზე უკვე რიგები დგას. ამიტომ, ვახტანგ ბეგაშვილი ფიქრობს, რომ რეალისტურია პროექტის 2 წლის ვადაში განხორციელება.
როგორ უნდა მოხდეს საქართველოში წყალბადის განვითარება - ამ კუთხით წყალბადის სტრატეგიის კონცეფციის დოკუმენტი უკვე შემუშავებულია. დოკუმენტი საკონსულტაციო კომპანია GOPA Intec -ის მიერ გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) დაფინანსებით შეიქმნა და მასში ასახულია ხედვა საქართველოში წყალბადის განვითარებასთან დაკავშირებით.
საქართველოს მწვანე წყალბადის წარმოება და მისი როგორც ენერგიის წყაროდ გამოყენება, ასევე ექსპორტი აქვს განზრახული. "მწვანე წყალბადი" ახალი ტექნოლოგია ნამდვილად არ არის და მასზე არაერთ ქვეყანა ათეული წლებია მუშაობს. წყალბადი მიიღება ელექტროლიზის საშუალებით. მისი წარმოებისთვის განახლებადი ენერგია- წყალი, მზე და ქარი მოიაზრება.