თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ავტობუსების დაზღვევაში 1 წლიანი ხელშეკრულება გლობალ ბენეფიტ ჯორჯიასთან გააფორმა. ხელშეკრულების ღირებულება 603 630 ლარია. როგორც სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, 2024 წელს ჯამში ავტობუსების საგზაო შემთხვევების შედეგად 6 მილიონი ლარის ზარალი მიიღო კომპანიამ, საიდანაც 4 მილიონამდე ავტობუსის მძღოლების ბრალეულობით იყო გამოწვეული.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამო დაზიანებული M3 კატეგორიის ავტობუსების შეკეთებისათვის მომსახურების ხარჯმა 2023-2024 წლებში შეადგინა:
2023 - 6 069 499 ლარი
მესამე პირების ბრალეულობა- 1 773 051 ლარი
ავტობუსის მძღოლის ბრალეულობა- 4 296 448 ლარი
2024 - 6 020 296 ლარი
მესამე პირების ბრალეულობა- 2 140 996 ლარი
ავტობუსის მძღოლის ბრალეულობა- 3 879 300 ლარი
დაზიანებული მუნიციპალური ტრანსპორტის შეკეთებაზე ჯარიმები ხშირად რამდენიმე ათას ლარს უტოლდება, რომლის გასტუმრებაც მძღოლებისთვის მძიმე ფინანსური წნეხია.
სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, რომ ავტოსადგზაო შემთხვევის დადგომისთანავე პროცესებში საპატრულო სამსახურთან ერთად უწყების წარმომადგენლები ერთვებიან და ზარალის ანაზღაურება ავარიაში დამნაშავეს ეკისრება. დაზღვევის პირობებში კი მძღოლის ბრალეულობით მიღებულ ზარალს სადაზღვევო ანაზღაურებს და სხვა შემთხვევაში ზარალის ანაზღაურება მესამე პირის ვალდებულება ხდება.
შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ მოქმედი წესების შესაბამისად, საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევის დროს M3 კატეგორიის ავტობუსის მძღოლი რეკავს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ში და ამასთან ერთად, შეტყობინებას ახდენს შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ცხელ ხაზზე. ცხელი ხაზი თავის მხრივ ინფორმაციას გადასცემს კომპანიის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამსახურის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების განყოფილების მორიგე უსაფრთხოების ინჟინერს, რომელიც გადის შემთხვევის ადგილზე და საპატრულო პოლიციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ადგენს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის აქტს სამართალდამრღვევი პირის მონაცემების მითითებით. შესაბამისად, სსშ აქტის საფუძველზე ზიანის ანაზღაურებას ვთხოვთ ბრალეულ პირს. (მესამე პირს ან/და ავტობუსის მძღოლს). ასევე, კომპანიის ცხელი ხაზი მძღოლის ბრალეულობის შემთხვევაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ატყობინებს სადაზღვევო კომპანიას. მძღოლის მიერ მესამე პირზე მიყენებულ ზიანს ანაზღაურებს სადაზღვევო კომპანია. (მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობა).
M3 კატეგორიის ავტობუსით მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, თუ გამოწვეულია კომპანიის მძღოლის ბრალეული ქმედებით, მის მიერ კომპანიის ან/და მესამე პირის მიმართ (იმ შემთხვევაში როდესაც მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში არ იფარება ზიანი), ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა განისაზღვრება მიყენებული ზიანის 20%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 და არაუმეტეს 5 000 ლარისა. იმ შემთხვევაში, თუ მიყენებული ზიანის ოდენობა არ აღემატება 500 ლარს, ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება ზიანის სრული ოდენობით."-აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
სატრანსპორტო კომპანიის მხრიდან გამოთხოვილი ინფორმაციით თანახმად, 2023-2024 წლებში ჯამში 4669 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან, მძღოლის ბრალეულობა დადასტურდა 2386 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში, მესამე პირის ბრალეულობა დადასტურდა 2283 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში.