მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7 თვეში ღვინის ექსპორტი მხოლოდ 3%-ით შემცირდა, რუსეთში კი გაიზარდა

6317490e6176b
მარიამ ვარადაშვილი
07.09.22 10:41
1740

2022 წლის იანვრიდან-ივლისის ჩათვლით საქართველოდან 121 მლნ დოლარის ღირებულების ღვინოა ექსპორტირებული. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 124 მლნ დოლარი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ წლიურად ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები მხოლოდ 3%-ით არის შემცირებული.

რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად, მიმდინარე წლის 7 თვეში ქართული ღვინის ექსპორტში ისევ რუსეთი ლიდერობს, სადაც ექსპორტზე 72 მლნ დოლარის ოდენობის ღვინო გავიდა. აღსანიშნია ისიც, რომ გასულ წელთან შედარებით ღვინის ექსპორტი რუსეთში 638 ათასით დოლარით არის გაზრდილი.

რაც შეეხება უკრაინას, გასულ წლებში ის ქართული ღვინის რიგით მეორე საექსპორტო ქვეყანა იყო, სადაც 2021 წელს 12.4 მლნ დოლარის ღვინო გავიდა. წელს კი, ეს მაჩვენებელი თითქმის 5 მლნ დოლარამდე შემცირდა.

სტატისტიკიდან ასევე ჩანს, რომ უკრაინის ბაზარი პოლონეთმა ჩაანაცვალა და ღვინის ექსპორტში ის 8.8 მლნ დოლარით მეორე ადგილს იკავებს. მესამე ადგილზეა ჩინეთი 8 მლნ დოლარით. საქსტატის მონაცემებითვე, ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილს 5 მლნ დოლარით ყაზახეთი იკავებს, ხოლო მეხუთეს 4.9 მლნ დოლარით უკრაინა.  

2021 წელს საქართველოდან 234 მლნ დოლარის ღვინის ექსპორტი განხორციელდა და ქვეყნის მთლიან ექსპორტში მისმა წილმა 6% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ შარშან ღვინის ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებელზე გავიდა, თუმცა რუსეთს ქართული ღვინის ექსპორტში კვლავ დომინანტური პოზიცია ეკავა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წლის მონაცემებით, განხორციელებული ექსპორტის საერთო რაოდენობაში რუსეთის ბაზარზე ექსპორტის წილმა 57% შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია როგორც ემბარგომდე (როცა 87% რუსეთის ბაზარს ეკავა), ისე ემბარგოს გაუქმების შემდეგი წლების გათვალისწინებით.

რაც შეეხება უკრაინას, მისი წილი გასული წლის მონაცემებით, 10%-ს შეადგენდა, გასულ წელს უკრაინაში საქართველოდან 12 921 321 მლნ ბოთლი ღვინო გავიდა.

თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, დასავლეთ ევროპაში ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ქვეყანა გერმანიაა, სადაც ექსპორტის 59% მოდის, მეორე ადგილზე კი შვედეთია.