რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 28 აგვისტოს ღამით კიევის ოლქში მდებარე ბელოჰოროდკის თემზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც "Нова пошта"-ს საწყობები და მიმდებარედ, სვიატოპეტრავსკში განთავსებული საწარმოო სიმძლავრეები დააზიანეს. როგორც ირკვევა, დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ბუჩას რაიონში ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთმა განმეორებითი დარტყმების ტაქტიკა გამოიყენა. კერძოდ, ბელოჰოროდკის სოფლის საბჭოს თავმჯდომარის, ანტონ ოვსიენკოს განმარტებით, პირველი დარტყმიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, როდესაც მაშველები ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ, იმავე ადგილზე კიდევ ორი დრონით მიიტანეს იერიში. საჰაერო თავდასხმის შედეგად 30 მსუბუქი ავტომობილი დაიწვა, აფეთქების ტალღამ კი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მინები ჩაამსხვრია. სულ ოლქის ხუთ რაიონში 14 საწყობი, 16 კერძო სახლი, 3 მრავალბინიანი კორპუსი და 16 სატრანსპორტო საშუალება დაზიანდა.
ცნობისთვის, რუსულმა არმიამ 27 აგვისტოს უკრაინის ლოგისტიკურ ცენტრებზე მასშტაბური იერიში განახორციელა, რის შედეგადაც "Фора"-ს, Comfy-ს, "Дом игрушек"-ისა და Roshen-ის ქსელური ობიექტები დააზიანა.




























