მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აჭარა ტექსტილი" 500,000 ცალ პირბადეს დაამზადებს

5e70a5d88795d
ვიქტორია მღებრიშვილი
17.03.20 17:04
14717
ტექსტილის მწარმოებელი საწარმო „აჭარა ტექსტილი“ 500 000 ცალ მრავალჯერადი გამოყენების პირბადეს დაამზადებს, - ამის შესახებ BM.GE-ის აჭარა ტექსტილის ფინანსურმა დირექტორმა გია ლომინაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროში უწყების და სექტორის წარმაომდგენელებს შორის გამართულ შეხვედრაზე იმ საკითხებზე ისაუბრეს, თუ როგორ შეძლებენ კომპანიები პირბადეები ადგილობრივად აწარმოონ.

„შეხვედრას ესწრებოდა  ტექსტილის მწარმოებელი რამდენიმე კომპანია, ასევე ფარმაცევტული კომპანია, რომელიც პირბადისთვის საჭირო ნედლეულის იმპორტს ახდენს ბაზარზე; ეკონომიკის სამინისტროს ჩართულობით და ლუგარის ლაბორატორიის ჩართულობით პირბადის კონკრეტული ნიმუში უნდა შევიმუშაოთ, რომლის წარმოება საქართველოში არსებულ ტექსტილის საწარმოებს შეუძლიათ.

ჩვენმა საწარმომ რამდენიმე ვერსია შევთავაზეთ ეკონომიკის სამინისტროს; გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის კრიტიკული სიტუაცია, არა მხოლოდ კერძო სექტორისთვის, არამედ - ქვეყნისთვის, ჩვენ მზად ვართ ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა გავითვალისწინოთ ამ მდგომაროებაში და გამოვთქვით მზაობა უსასყიდლოდ გარკვეული რაოდენობის პროდუქცია შევუკეროთ და დავუმზადოთ საქრთველოს მოსახლეობას. ამისთვის კი კომპანიის მხრიდან დაახლოებით, 300 ათასი ლარი ფინანსური რესურსი იქნება ჩადებული, რითაც 500 000 ცალი მრავალჯერადი გამოყენების პირბადის შეკერვას შევძლებთ“, - განაცხადა გია ლომინაძემ.

„აჭარა ტექსტილის“ ფინანსური დირექტორმა პირბადებიის წარმოების ქართულ რეალობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში ამისთვის საჭირო ნედლეული და დანადგარები არ არსებობს, ამიტომ პირბადებიის წარმოება საკერავი მანქანებით, ხელით მოხდება.

„ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისეთი პროდუქცია, რომელზეც სპეციალიზებულები არ ვართ, ჩვენ არ გვაქვს ის ნედლეული და დანადგარები, რომლითაც მზადდება პირბადეები, ამიტომ ხელით საკერავი მანქანებით მოგვიწევს ქსოვილის პირბადეების შეკერვა. ეს იქნება მრავალჯერადი გამოყენების, გარეცხვადი.

ჩვენ ეს ნიღბები უნდა ვაწარმოოთ მარლისგან, რომელიც შესაბამის ორგანოებში შემოწმება-დადასტურების პროცედურებს გაივლის, მისგან დავამზადებთ ნიმუშს და დღეს მივაწვდით ეკონომიკის სამინისტროს, თუ დამიდასტურებენ, ხვალვე შემიძლია წარმოების დაწყება“, - განმარტა ტექსტილის მწარმოებელი კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა.

გია ლომინაძემ აღნიშნა, რომ ჯერ არ იცის, როგორ მოხდება პირბადეების რეალიზება და ამ საკითხზე მთავრობა მუშაობს, მან ასევე დასძინა, რომ მათი კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, „აჭარა ტექსტილი“ წარმოებულ პირბადეებს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს.

„რეალიზაციას რაც შეეხება, კონკრეტული მიმართულება არ გვაქვს, ამ საკითხებზე მიმდინარეობს მუშაობა; ნაწილს ეკონომიკის სამინისტრო შეიძენს - როგორც გვითხრეს, ნაწილს აფთიაქები შეიძენენ, მაგრამ აფთიაქებსაც ექნებათ გარკვეული ლიმიტი მოგების დადების, იმისთვის, რომ გაკონტროლებული იყოს ფასები, თუმცა როგორ მოხდება ყოველივე, ჯერ უცნობია“, - განაცხადა ლომინაძემ.

„აჭარა ტექსტილის“ ფინანსურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ საწარმო ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით მუშაობს.

„ამ დროისთვის საწარმოში დასაქმებულთა მხოლოდ 60% მუშაობს, იმიტომ რომ ჩვენ გავითვალისწინეთ ის რეკომენდაციები, რომელსაც ჯანდაცვის ორგანიზაციები იძლევიან, შესაბამისად, რისკ ჯგუფის თანამშრომლებით გავუშვით სახლში - ესენი არიან ორსულები, თუ ქრონიკული დაავადების მქონე თანამშრომლები. ჩვენ მთელ პერიმეტრზე გვაქვს თერმოკამერები და თანამშრომლები მხოლოდ ამ კონტროლის შემდეგ დაიშვებიან ტერიტორიაზე, რაც მინიმუმამდე ამცირებს საწარმოს ტერიტორიაზე სიცხიანი ადამიანის მოხვედრას. ასევე ხდება სიცხის კონტროლი დისტანციური თერმომეტრებით წარმოების პროცესშიც. აღჭურვილი ვართ ყველა დამცავი საშუალებით, ეს იქნება ხელის სადეზინფექციო ხსნარები თუ ტერიტორიის შესაწამლი პრეპარატები. ადრე თუ კვირაში ერთხელ ხდებოდა ტერიტორიის დეზინფიცირება, ახლა უკვე ყოველდღიურ რეჟიმში ვაწარმოებთ ამას“, - განაცხადა გია ლომინაძემ.