ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს კორონავირუსის ვაქცინების შესყიდვის საქმეზე ევროპის მთავარი პროკურატურისთვის პირისპირ ჩვენება ამ დრომდე არ მიუცია.
POLITICO-ს ინფორმაციით, საქმეში ჩართული ანონიმური წყარო ადასტურებს, რომ ევროკავშირის უმაღლეს ხელმძღვანელსა და ფარმაცევტულ გიგანტ Pfizer-ის აღმასრულებელ დირექტორ ალბერტ ბურლას შორის გამართული მოლაპარაკებების მოკვლევაში შესამჩნევი პროგრესი არ შეინიშნება.
ევროპის მთავარმა პროკურორმა ლაურა კოდრუცა კოვეშიმ POLITICO-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის თანამდებობის პირების მხრიდან უწყების გამოძახების უგულებელყოფის არაერთ შემთხვევას უკვე შეეჯახა.
მისი განმარტებით, ზოგიერთ პოლიტიკოსს თავი კანონზე მაღლა მდგომი ჰგონია, თუმცა კოვეში აღნიშნავს, რომ უწყებაში დაბარების შემთხვევაში გამოცხადება ყველასთვის სავალდებულოა. პროკურორმა ინტერვიუში დასძინა, რომ როდესაც გამოძიებაში გავლენიანი პოლიტიკური ფიგურები ერევიან, პროკურატურას საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება განსაკუთრებით ურთულდება.
POLITICO-ს ინტერვიუს უკვე გამოეხმაურა ოფიციალური ბრიუსელი. ევროკომისიის პრესსპიკერმა თომას რენიემ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა, რომ უწყება ფაქტების დასადგენად ევროპის პროკურატურასთან აქტიურად თანამშრომლობს. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს პროცესი უშუალოდ პრეზიდენტის სახელითა და სრული მხარდაჭერით მიმდინარეობს. რენიეს განმარტებით, ფონ დერ ლაიენი მზადყოფნას გამოხატავს, ყველა ღია შეკითხვას საკუთარი მოვალეობებისა და სამუშაო გრაფიკის ფარგლებში უპასუხოს.
შეგახსენებთ, Pfizergate-ის საქმე თავდაპირველად ბელგიის სამართალდამცავებმა აღძრეს, 2024 წელს კი გამოძიება EPPO-მ გადაიბარა. საქმის მასალების თანახმად, პროკურატურა სამხილების განადგურების, კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტის საკითხებს იძიებს.
























