მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pfizer-მა $2.2 მილიარდის ამოსაღებად პოლონეთისა და რუმინეთის საჰაერო ნავიგაციის გადასახადები დააყადაღა

Pfizer

ამერიკულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა Pfizer-მა $2.2 მილიარდის ოდენობის დავალიანების ამოსაღებად პოლონეთისა და რუმინეთის საჰაერო ნავიგაციის გადასახადები სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დააყადაღა.

როგორც ირკვევა, Pfizer-მა დააბლოკა Eurocontrol-ის ის სატრანზიტო ანგარიშები, რომლებითაც საჰაერო სივრცის გამოყენებისთვის გადახდილი მოსაკრებლები ვარშავასა და ბუქარესტში ირიცხებოდა.

აღსანიშნავია, რომ დაკისრებული ვალდებულებებიდან პოლონეთის წილი €1.3 მილიარდ-ს ($1.5 მლრდ.) შეადგენს, რუმინეთის დავალიანება კი €600 მილიონს ($695 მლნ.) აღწევს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამერიკულმა მხარემ ივლისში მიღებული სააღსრულებო გადაწყვეტილება 90 მილიონზე მეტი დოზა ვაქცინის შესყიდვაზე მთავრობების უარის შემდეგ აამოქმედა.

საუყრადღებო ფაქტია, რომ საჰაერო ნავიგაციის მოსაკრებლების გაყინვამ ორივე ქვეყნის საავიაციო უწყებებში მძიმე ფინანსური კრიზისი შექმნა. პოლონეთის საჰაერო ნავიგაციის სააგენტო PANAS-ის ბიუჯეტში დაბლოკილი რესურსი საერთო შემოსავლების 80%-ზე მეტს შეადგენს.

სააგენტოს თანამშრომელთა ხელფასებისა და კიბერუსაფრთხოების ხარჯების დასაფარად მთავრობისგან გადაუდებელი დახმარების მიღება თანხების ამოწურვამდე 24 საათით ადრე მოუწია. პარალელურად, რუმინულმა სამსახურმა Romatsa-მ 1,700 თანამშრომელს ხელფასი 20%-ით შეუმცირა და მომწოდებლებთან კონტრაქტის პირობები შეცვალა.

ორივე ქვეყნის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ საფრენი აპარატების გადამისამართებისა და NATO-ს სამხედრო მისიების კოორდინაციის შეფერხებას კონტინენტის უსაფრთხოებაზე უარყოფითი გავლენა ექნება. PANAS-ის ხელმძღვანელმა მაგდალენა იავორსკა-მაცკოვიაკმა განაცხადა, რომ საავიაციო გადასახადები კომპანიების კუთვნილებაა და ვაქცინების სამთავრობო დავასთან კავშირში არ არის.

ცნობისთვის, დავა 2021 წელს ევროკავშირის მიერ 27 წევრი სახელმწიფოს სახელით გაფორმებულ მასშტაბურ ხელშეკრულებას უკავშირდება. როგორც ირკვევა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პოლონეთმა 63 მილიონი დოზის მიღებაზე ფინანსური რესურსების სიმწირის გამო უარი თქვა, რასაც მოგვიანებით რუმინეთიც შეუერთდა. Pfizer-მა სახელმწიფოებს ხელშეკრულების დარღვევის გამო უჩივლა. მრავალწლიანი სასამართლო დავა კი მიმდინარე წლის აპრილში სამედიცინო გიგანტის გამარჯვებით დასრულდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები