რუმინეთის პოლიციამ და ორგანიზებულ დანაშაულთან მებრძოლმა უწყება DIICOT-მა, ქვეყნის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, კალინ ჯორჯესკუ თაღლითობის ბრალდებით დააკავა.
პროკურატურა ულტრანაციონალისტ პოლიტიკოსს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ჩამოყალიბებასა და ადგილობრივი ბიზნესმენის მოტყუებაში ადანაშაულებს. გამოძიების თანახმად, ჯოჯრესკუ და მასთან ერთად ბრალდებული პირები დაზარალებულს უცხოური საბანკო რესურსების მოზიდვას ფულადი გარანტიების სანაცვლოდ ჰპირდებოდნენ, რეალურად კი მის თანხებს ითვისებდნენ. შედეგად, მეწარმემ დაპირებული დაფინანსება ვერ მიიღო, მისმა ფინანსურმა ზარალმა კი €1.1 მილიონს ($1.2 მილიონი) გადააჭარბა.
აღსანიშნავია, რომ რუმინეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის წინააღმდეგ კიდევ ორი სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს. გამოძიება პოლიტიკოსს ძალადობრივი გადატრიალების დაგეგმვასა და ფაშისტური იდეოლოგიის გავრცელებას ედავება. თავად ჯორჯესკუ ბრალდებებს უარყოფს და მიმდინარე პროცესებს „პოლიტიკურად მოტივირებულად“ მიიჩნევს.
DIICOT-ის სათავო ოფისის წინ, სადაც ჯორჯესკუ დაკითხვაზე გადაიყვანეს, მისმა ათეულობით მხარდამჭერმა საპროტესტო აქცია გამართა.
ცნობისთვის, კალინ ჯორჯესკუმ 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხმების 23% მოულოდნელად მიიღო და პირველ ადგილზე გავიდა. იმავე წლის დეკემბერში საკონსტიტუციო სასამართლომ კენჭისყრის შედეგები სრულად გააუქმა. სასამართლომ ჯორჯესკუს კამპანიასა და რუსულ საინფორმაციო ოპერაციებს შორის არსებული კავშირების გამო, პოლიტიკოსს არჩევნებში ხელმეორედ მონაწილეობა აუკრძალა.
























