პოლონეთის მთავრობამ საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში სამუშაოდ შესვლის წესები მკვეთრად გაამკაცრა. საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის მიერ 10 აგვისტოს ხელმოწერილი განკარგულება შაბათს შევიდა ძალაში და ის უშუალოდ დასაქმების მიზნით პოლონეთში შემსვლელ პირებს ეხება.
რა იცვლება და ვის ეხება ახალი წესები?
- ტურიზმი და მოკლევადიანი ვიზიტები: საქართველოს მოქალაქეებს კვლავ შეუძლიათ პოლონეთში უვიზოდ მოგზაურობა ტურისტული ან სხვა ნებადართული მოკლევადიანი ვიზიტების ფარგლებში;
- სამუშაო ვიზა: ამიერიდან პოლონეთში დასაქმების მიზნით შესასვლელად საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის აღება სავალდებულო ხდება;
- ძველი წესების მოქმედება: პირები, რომლებიც პოლონეთის ტერიტორიაზე 15 აგვისტომდე შევიდნენ, ძველი რეგულაციებით ისარგებლებენ;
- სამუშაო ნებართვის მქონეები (22 აგვისტოდან): მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება 22 აგვისტოდან ამოქმედდება — საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც პოლონური სამუშაო ნებართვა (work permit) აქვთ, აღარ ექნებათ უფლება იმუშაონ უვიზო რეჟიმის ფარგლებში ყოფნისას (მათ მაინც დასჭირდებათ შესაბამისი ვიზა).
პოლონეთის მთავრობის განცხადებით, აღნიშნული სამი ქვეყნის მოქალაქეები უვიზო მიმოსვლას სისტემატურად იყენებდნენ იმისათვის, რომ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გვერდის ავლით დაეწყოთ მუშაობა.
ოფიციალურმა პირებმა შეზღუდვების დაწესების მიზეზებად არალეგალური დასაქმება და ექსპლუატაცია, შავი ბაზრის ზრდა, ტრაფიკინგი და მიგრაციული რისკების სიმწვავე დაასახელეს.
ეს ნაბიჯი პოლონეთში არალეგალურ მიგრაციასა და უცხოურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ფართო კამპანიის ნაწილია. გასულ წელს პოლონეთის სამართალდამცავებმა ქვეყნის მასშტაბით ჩაატარეს ოპერაციები და დეპორტაციის პროცედურები, სადაც საქართველოს მოქალაქეებიც ფიგურირებდნენ. მათ შორის, დეკემბერში პოლონეთმა საქართველოს 10 მოქალაქის დეპორტაცია განახორციელა, რომლებიც, ხელისუფლების შეფასებით, საფრთხეს უქმნიდნენ საზოგადოებრივ წესრიგსა და სახელმწიფო უსაფრთხოებას.




























