პოლონეთმა რუსეთის ექსკლავ კალინინგრადის საზღვართან მასშტაბური უსაფრთხოების ოპერაცია დაიწყო.
ქვეყნის პოლიციის მთავარი კომენდანტის, მარეკ ბორონის განცხადებით, ვარმია-მაზურიისა და პოდლასის რეგიონებში დამატებითი საპოლიციო და კონტრტერორისტული ქვედანაყოფები, ასევე ელიტური სპეციალური დანიშნულების რაზმ GROM-ის სამხედროები განლაგდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, პოტენციური დივერსიებისა და შეიარაღებული პროვოკაციების პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებები სულ მცირე 8 ნოემბრამდე გაგრძელდება.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ღამით საზღვრის სიახლოვეს საეჭვო მოძრაობა, მათ შორის ფარნებით გადაადგილებული პირები შენიშნეს. მან აღნიშნა, რომ ადგილზე ძალების სწრაფმა მობილიზაციამ შესაძლო პროვოკაციული ქმედებები აღკვეთა.
ტუსკის თქმით, მოკავშირეთა დაზვერვის მონაცემები ევროკავშირის წინააღმდეგ მოსალოდნელ დივერსიებზე, მათ შორის ქვეყნის ტერიტორიაზე შეიარაღებული პირების შეღწევის საფრთხეზე მიუთითებს.
უსაფრთხოების ღონისძიებების კოორდინაციისთვის, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად პოლიციის მთავარ შტაბ-ბინაში სპეციალური სამეთაურო ცენტრი უკვე ამოქმედდა.
ინფორმაციისთვის, უსაფრთხოების ზომების გამკაცრება ევროპაში რუსეთის მხრიდან გახშირებულ ჰიბრიდულ საფრთხეებს უკავშირდება. ბოლო თვეებში პოლონეთში მომხდარ დივერსიულ აქტებში, მათ შორის სამხედრო საწარმოში გაჩენილ ხანძარსა და Starlink-ის საკომუნიკაციო სადგურზე თავდასხმაში, ოფიციალურმა ვარშავამ პირდაპირ მოსკოვი დაადანაშაულა.
























