მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აღსრულების ეროვნული ბიურო: 2019 წელს მორიგებით დასრულებული 13 ათასამდე საქმე

5e2a8dc6f018f
BM.GE
24.01.20 10:23
1030
აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ბოლო რამდენიმე წლის მსგავსად, 2019 წელსაც აღსრულების ეროვნული ბიუროს მთავარ სტრატეგიას კვლავ მხარეთა ინტერესების დაცვა და დავების მორიგებით დასრულება წარმოადგენდა. გასული ერთი წლის განმავლობაში, სააღსრულებო ბიუროებისა და აღსრულების პოლიციის სამმართველოს მიერ მორიგებით დასრულდა 12 500-ზე მეტი საქმე.

„მორიგებით დასრულებული საქმეების მაჩვენებელი კატეგორიების მიხედვით შემდეგია:
• სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ და სისხლის ჯარიმების შემთხვევაში, მორიგების/განწილვადების მაჩვენებელმა შეადგინა 8 849 ერთეული, რაც საქმეთა საერთო ოდენობის 71 პროცენტს შეადგენს;
• ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის კატეგორიაში სულ დასრულებული 522 საქმიდან, მორიგებით დასრულდა 512 შემთხვევა, რაც 98 პროცენტს შეადგენს;
• 2019 წლის მანძილზე შეწყდა 342 აუქციონი და შესაბამისად, არ მოხდა ქონების რეალიზაცია;
• აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დარეგულირებული ალიმენტის რაოდენობამ შეადგინა 3 752 ერთეული“, – აცხადებენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

ამასთან, 2019 წლის განმავლობაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების, სააღსრულებო ბიუროების მიერ ჯამში დასრულდა 186 070 სააღსრულებო წარმოება.

„მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებულ საქმისწარმოებაზეც. 2019 წლის განმავლობაში სერვისზე მოთხოვნამ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია წინა წლებთან შედარებით. ასევე მაღალია დასრულებულ საქმეებს შორის მორიგებითა და ნებაყოფლობით გადახდის მაჩვენებელიც.

საანგარიშო პერიოდის ფარგლებში გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურმა დაასრულა 30 663 საქმე. მათ შორის მორიგება (მორიგება განხორცილდა 3 794 შემთხვევაში) და ნებაყოფლობითი გადახდა (10 დღეში გადახდილია 195 შემთხვევაში) განხორციელდა 3 989 შემთხვევაში.

გამარტივებული საქმისწარმოება მოქალაქეს საშუალებას აძლევს, სასამართლოს გარეშე, სწრაფად და ნაკლები დანახარჯით, დაიკმაყოფილოს ფულადი მოთხოვნა. აპლიკანტს შეუძლია, მიმართოს გამარტივებულ საქმისწარმოებას იმ შემთხვევაშიც, როდესაც რესპონდენტს (მოვალეს) აქვს ფულადი დავალიანება, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც დოკუმენტურად დადასტურებულია.

გასულ წლებთან შედარებით, კიდევ უფრო განვითარდა და გაიზარდა მოქალაქეთა კონსულტაცია. მინიმუმამდე შემცირდა მოლოდინის რეჟიმი. მოქალაქეების მეტი კომფორტისთვის, შესაძლებელია რიგის წინასწარი დაჯავშნა. 2019 წლის განმავლობაში მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილებამ 333 118 ათასამდე მოქალაქეს გაუწია კონსულტაცია. მათ შორის:

• შემოვიდა და კონსულტაცია გაეწია 287 452 მოქალაქის სატელეფონო ზარს, რაც რამდენიმე ათასი ერთეულით მეტია გასულ წელთან შედარებით;
• პირდაპირი კონსულტაცია გაეწია 43 586 მოქალაქეს;
• პასუხი გაეცა ელექტრონული ფოსტით მიღებულ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან 2 080 შეკითხვას.

იზრდება ცნობადობა და შესაბამისად, მოთხოვნა, ფაქტების კონსტატაციის სერვისზე. 2019 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა 1 600-მდე ფაქტის კონსტატაცია. სერვისი გულისხმობს ნებისმიერი ფაქტის დაფიქსირებას (ფოტო-ვიდეო გადაღებას), რომელიც ბუნებაში არსებობს და შესაძლოა, დროთა განმავლობაში აღარ არსებობდეს. ფაქტის კონსტატაცია არის უნიკალური ევროპული სერვისი, რომელიც წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას სასამართლოში.

მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო კორპორაციის (IFC) კვლევის - ,,Doing Business 2020"-ის თანახმად, აღსრულების ხარისხით მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის საქართველო მე-12 ადგილზეა, ხოლო გადახდისუუნარობის საქმისწარმოების კუთხით 64-ე ადგილზე. ბიზნესის კეთების რეიტინგის ერთ-ერთ შემადგენელ კომპონენტს ქვეყანაში ხელშეკრულებების აღსრულების მაჩვენებლის გამოთვლა წარმოადგენს. აღსრულების ეროვნული ბიუროს ერთ-ერთ საუკეთესო პოზიციაზე ყოფნა კი მნიშვნელოვნად დაკავშირებულია სააღსრულებო სისტემის გამართულობაზე. მსოფლიო ბანკის მიერ რეიტინგის გამოთვლის კომპონენტებს სასამართლო გადაწყვეტილებების დროული, ხარისხიანი, ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე აღსრულება წარმოადგენს, რაც აღსრულების ეროვნული ბიუროს ფუნქციაა.

აღსრულების ეროვნული ბიურო მოწოდებულია აღასრულოს კანონი და ამავდროულად, მისი მოქნილი სოციალური პოლიტიკით, დავები მორიგებით დაასრულოს“, – აცხადებენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.