17.მაისი .2021 23:00

აკვაკულტურის ნებართვა 20 წლამდე ვადით გაიცემა - მთავრობის დადგენილება

აკვაკულტურის ნებართვა 20 წლამდე ვადით გაიცემა - მთავრობის დადგენილება
views 339
უკან

საქართველოს მთავრობამ აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების თაობაზე დადგენილება დაამტკიცა. დადგენილების პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოში მომზადდა და მისი მიზანია, აკვაკულტურის სექტორში წარმოებით დაინტერესებულ პირთათვის იმ დოკუმენტების ნუსხისა და ინფორმაციის განსაზღვრა, რომელიც აუცილებელია აკვაკულტურის ნებართვის გასაცემად.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, აღნიშნული დადგენილება უზრუნველყოფს საქართველოს შავი ზღვის კონტინენტური შელფის, ტერიტორიული ზღვის და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და შიდა წყალსატევების (ტბები, წყალსაცავები, ტბორები, მდინარეები, ნაკადულები, არხები და სხვა წყლის პროდუქტების მოშენებისთვის ვარგისი წყალსატევები) აკვაკულტურის მიზნებისათვის სარგებლობის რეგულირებას და მათ რაციონალურ და ეფექტიან გამოყენებას, წყლის ორგანიზმების (თევზი, წყლის მცენარეები და სხვა) მოშენებას (კულტივირება, გამოზრდა, გამრავლება) აკვაკულტურის კონსტრუქციების გამოყენებით.

დადგენილებით, აკვაკულტურის ნებართვის გაცემა შესაძლებელი იქნება 20 წლამდე ვადით, განახლების შემდგომი შესაძლებლობით. ნებართვა გაიცემა აუქციონის წესით, გარდა კერძო საკუთრების ან სახელმწიფო საკუთრების მიწაზე აკვაკულტურის წარმოების შემთხვევისა, რომელზედაც, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ დაინტერესებულ პირთან იჯარის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა პირდაპირი წესით.

დადგენილება განსაზღვრავს აკვაკულტურის ნებართვის მფლობელის სანებართვო პირობებს, რომელიც უზრუნველყოფს აკვაკულტურის დარგის მდგრად განვითარებას, გარემოს დაცვასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, ყოველივე ეს კი ხელს შეუწყობს ქვეყანაში შემოსავლების ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას და, შესაბამისად, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას.

აკვაკულტურის ნებართვას არ საჭიროებს მცირე ზომის (საოჯახო მეურნეობები 50 მ3 მოცულობის) აკვაკულტურის წარმოების განხორციელება.

რაც შეეხება აკვაკულტურის კონსტრუქციების გარეშე ტბებსა და სხვა წყალსატევებზე ბუნებრივი საკვების ხარჯზე აკვაკულტურის მეურნეობის წარმოების მიზნით ნებართვების გაცემას, აღნიშნული მოწესრიგდება ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის შესახებ ცალკე დადგენილებით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა