მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ დროისთვის ფქვილის ფასის სუბსიდირება ბიუჯეტს 1,7 მლნ ლარი დაუჯდა

601965d776bc6
ელენე გოგბერაშვილი
02.02.21 20:00
1050
საქართველოს მთავრობამ იმისთვის, რომ ე.წ სოციალურ პურზე ფასი შეენარჩუნებინა, 1 დეკემბრიდან ხორბლის ფქვილის სახელმწიფო პროგრამა აამოქმედა. როგორც მთავრობას აქვს გაცხადებული, სუბსიდირების მექანიზმი, რომლისთვისაც 10 მილიონი ლარია გათვალისწინებული, 4 თვის განმავლობაში იმოქმედებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართათვის ორეტაპიანი ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. პირველ ეტაპზე შესაბამისი კონტრაქტი 6 მომწოდებელთან გაფორმდა.

სატენდერო პირობების მიხედვით, წისქვილკომბინატები ვალდებულნი იყვნენ, ორი თვის განმავლობაში პურის საწარმოებისთვის ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილი ფიქსირებულ 53 ლარად მიეწოდებინათ. ამ შემთხვევაში სუბსიდიის მოცულობა 10 ლარს შეადგენდა.

მას შემდეგ, რაც ფქვილი გაძვირდა და წისქვილკომბინატები ალაპარაკდნენ იმაზე, რომ 10 ლარიანი სუბსიდია საკმარისი აღარ იყო, სახელმწიფომ სუბსიდიის 15 ლარამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ამ პირობით დაიგეგმა მეორე ეტაპის ტენდერიც.

Bm.ge-ისთან საუბარში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ ტენდერში წინადადებების მიღება დასრულდა. რამდენიმე კომპანიას დამატებითი დოკუმენტაციის წარსადგენად დრო ხვალ ეწურებათ, შესაბამისად, რამდენ კომპანიას, რა მოცულობებზე გაუფორმდება ხელშეკრულება, ორ დღეში გახდება ცნობილი.

რაც შეეხება პირველი ეტაპის ტენდერს, როგორც გიორგი ჯიბლაძე ამბობს, პროგრამის ფარგლებში უკვე ათვისებულია 1,7 მილიონი ლარი, თუმცა კონტრაქტორ კომპანიებს ჯერ კიდევ აქვთ დრო, მოითხოვონ სუბსიდია, შესაბამისად, პირველ ეტაპზე რა მოცულობის თანხები გაიხარჯება, საბოლოო სურათი ჯერ სამინისტროს არ აქვს.

ჯიბლაძე ამბობს, რომ პროგრამისთვის გამოყოფილი 10 მილიონი ლარი გაზრდილი სუბსიდიის პირობებშიც საკმარისი იქნება, რადგან ტენდერის პირველ ეტაპზე ათვისება გათვალისწინებულზე ნაკლებია.

„მეორე ეტაპზე პირობები იგივეა. ყოველთვიურად გათვალისწინებულია მაქსიმუმ 10 ათასი ტონა ხორბლის ფქვილის სუბსიდირება ანუ ჯამში 20 ათასი ტონა 2 თვეზე. მაქსიმალური სუბსიდიის პირობებში ხარჯვა 6 მილიონზე მეტი ვერ იქნება, თუმცა დარწმუნებული ვარ, ბევრად ნაკლები იქნება, რადგან წინა პრაქტიკამ აჩვენა, რომ მოთხოვნა დიდი არ არის“, - ამბობს ის.

კითხვაზე, რატომ იყო მოთხოვნა ნაკლები, ვიდრე ეს გათვალისიწნებული იყო, გიორგი ჯიბლაძე გვპასუხობს, რომ „პროგრამა ორიენტირებულია ე.წ სოციალურ მოხმარების პურის მომხმარებლებისთვის, რომელთა დაკმაყოფილება სრულად მოხდა. მოთხოვნა თუ გაიზრდება, გაიზრდება მიწოდებაც“.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, პროგრამის მოქმედების ბოლო ვადა 31 მარტია, თუმცა თუ მთავრობა საჭიროდ ჩათვლის, პროგრამა შეიძლება გაგრძელდეს.

ცნობისთვის: პირველ ეტაპზე სუბსიდირებულ ფქვილს პურის 52 მწარმოებელი მოიხმარდა. 28 იანვრიდან მათ კიდევ 9 კომპანია დაემატა.