„ბენეფიციარი ხარ და რა თქმა უნდა, აუცილებელია“ - ეს არის ალბათ პირველი შეფასება, როდესაც სუბსიდირების აუცილებლობაზე ვსაუბრობთ, თუმცა თხილის დარგში ამ მექანიზმის არსებობას ლოგიკური ახსნა აქვს“, - მიიჩნევს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჭითანავა.
სუბსიდირება - მასტიმულირებელი მექანიზმი თუ ჭაობი, რომლისგან თავის დაღწევაც რთულია
„სუბსიდირებას ჩვენ დარგში ლოგიკური ახსნა აქვს. პირველი ფაქტორია ის, რომ ქვეყანაში ჩვენი მოსახლეობის 7% არის მეთხილე ფერმერი და ამ 7%-ის მიერ წარმოებული პროდუქციის 80% გ ძირითადად ევროკავშირის ბაზარზე გადის. ფაქტობრივად, მოსახლეობის 7% არის ფოკუსირებული მოერგოს ევროკავშირის სტანდარტებს, რასაც ჯერ ვერ ვაკმაყოფილებთ. ფაქტია, რომ ქვეყანაში 70 000 ჰექტარი თხილის ბაღები გვაქვს გაშენებული, საიდანაც შარშან მხოლოდ 40 ათასი ტონა მოსავალი მივიღეთ და კარგ სეზონზე 55 ათას ტონას ვერ ვცდებით. ეს იმას ნიშნავს, რომ 1 ტონა თხილს კი ვერ ვიღებთ 1 ჰა-ზე, როდესაც არის პრეცედენტები, რომ 1 ჰექტარზე მოსავალი 3 ტონა იყოს. ამიტომ სექტორს მხარდაჭერა სჭირდება, რომ მოსავლიანობა გაიზარდოს 1.5-2.5 ტონამდე მაინც. მეორე ფაქტორია სარეალიზაციო ბაზრებზე არსებული ვითარება. ეს პროდუქცია იყიდება ევროკავშირის, აზიის და აშშ-ს ბაზარზე. ყველა სხვა ქვეყანას, რომლებიც ჩვენთან ერთად გადიან ამ ბაზრებზე ( თურქეთი, აზერბაიჯანი, იტალია...) გააჩნია ძალიან ძლიერი სუბსიდირების მექანიზმი. ჩვენ გამონაკლისი ვერ ვიქნებით. როგორც კი ეს მექანიზმი მარტო ჩვენ ჩაგვეხსნება არაკონკურენტულ ვითარებაში აღმოვჩნდებით“, - მიიჩნევს მერაბ ჭითანავა.
როგორ უნდა თქვა უარი დარგმა სუბსიდირებაზე?
სუბსიდირება უნდა იყოს საშუალება დარგის გაჯანსაღების და წმინდა კომერციული ურთიერთობების მექანიზმების ამოქმედებისთვის - ამბობს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე. მისი თქმით, ამ კუთხითაც აქტივობები უკვე დაწყებულია.
„ამაზე მუშაობა მიდის. ხდება სხვადასხვა მექანიზმების ამუშავება: სასაწყობე ბარათები, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ფერმერების ცნობიერების ზრდა, რომელიც მისცემს ფერმერს მისცემს საშუალებას რაოდენობის და ხარისხის ზრდის საშუალებით გაზარდოს შემოსავალი და კონკურენტუნარიანი გახდეს და ასევე მდგრადი განვითარების პრინციპებით, მიკვლევადობით დაიმკვიდროს ბაზარზე პოზიცია. ასევე ისე განვითარდეს სხვა ფინანსური, წმინდა კომერციული მექანიზმები, რომ ჩანაცვლდეს სუბსიდირება. ამისთვის რაღაც პერიოდი დაგვჭირდება. მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ საშუალოდ მინიმუმ 5 წელია საჭირო, რომ დარგი განვითარების რაღაც წერტილამდე მივიდეს. თუმცა ყოველთვის ვამბობ, რომ აუცილებელია ფერმერებმა გამოიყენონ ეს შესაძლებლობები, იმიტომ რომ თუ ჩვენ შედეგს ვერ დავდებთ, მხარდამჭერი სტიმულიც დაიკარგება“, - აღნიშნავს მერაბ ჭითანავა.
აღსანიშნავია, რომ მთავრობამ თხილის სექტორის დამატებითი მხარდაჭერა დააანონსა, რომლის ფარგლებში ამჯერად, სახელმწიფო მსხვილი ფერმერების მოკლევადიან სესხებზე პროცენტს დაასუბსიდირებს. პროგრამით დაფინანსდება 3 ჰა მეტი ფართობის თხილის ბაღებში მოსავლის მოყვანის ყველა ხარჯი - 1 ჰა-ზე არაუმეტეს 3000 ლარის ოდენობით. სესხის მოცულობა კი, 5000 -დან 300 000 ლარამდეა, ამ ტიპის სესხებზე სახელმწიფო 12 თვის განმავლობაში სესხის პროცენტიდან 8%-ის თანადაფინანსებაში შევა.