მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინის მარკეტინგული ხარჯების სუბსიდირების პროგრამაზე წელს 26 განაცხადი შევიდა - კომპანიები

ქართული ღვინო

ღვინის მარკეტინგული ხარჯების სუბსიდირების პროგრამის მიმართ წელს ინტერესი გაიზარდა. „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში“ ჩართვის სურვილი 26-მა კომპანიამ გამოთქვა.

როგორც BM.GE-ის ღვინის ეროვნულ სააგენტოდან აცნობეს, სახელმწიფო თანადაფინანსების მიღების სურვილი შემდეგმა კომპანიებმა დააფიქსირეს:

  • შპს ჯიველი;
  • შპს ვილა მოსავალი;
  • შპს გიუაანი;
  • სს თელიანი ველი;
  • შპს ვაზისუბნის მამული;
  • სს კორპორაცია ქინძმარაული;
  • შპს კონჭო და კომპანია;
  • შპს კახეთი კომპანი;
  • შპს გლობალ ეფექტი;
  • შპს ქართული ღვინოები;
  • შპს მუკუზანი ღვინის სარდაფი;
  • შპს ქართველი;
  • შპს მეღვინეობა ჩელთი;
  • ი/მ თამარ მილორავა;
  • შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა;
  • შპს დავით მიხელიძის საოჯახო მარანი;
  • შპს რთველისი;
  • შპს ბი ჯი ვაინს;
  • შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია;
  • შპს ესტეიტ;
  • შპს ცხრა მუხა;
  • შპს მარანი ზოდი;
  • შპს ყვარლის სარდაფი;
  • შპს მარეული;
  • შპს ასკანელი ძმები;
  • შპს ღვინის კომპანია შუმი.

„აქედან, პროგრამის მეორე ეტაპზე გადავიდა 21 კომპანია. პროგრამით განსაზღვრული პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო, შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდა 5 კომპანია: შპს ქართველი, ი/მ თამარ მილორავა, შპს დავით მიხელიძის საოჯახო მარანი, შპს მარანი ზოდი, შპს მარეული“, - განმარტავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

„ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, შესაბამისი ანაზღაურების გაცემა 2025 წლის 1 მარტიდან იმ კომპანიებზე დაიწყება, რომლებიც აღნიშნული პროგრამით განსაზღვრულ პირობებს სრულად დააკმაყოფილებენ.

BM.GE-ის კითხვაზე - გაიზარდა თუ არა წელს ღვინის კომპანიების მხრიდან აქტივობა, ღვინის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ გაზრდილია, როგორც პროგრამით დაინტერესებული კომპანიების რაოდენობა, ასევე თანადაფინანსებული ექსპორტირებული ღვინის მოცულობები და ხარჯიც.

„2023 წელს თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსება მოხდა 416,707 ლიტრ ექსპორტირებულ ღვინოზე, პროგრამით ისარგებლა ხუთმა კომპანიამ, ხოლო დღეის მდგომარეობით, ბენეფიციარებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, 26 კომპანიის მარკეტინგული ხარჯების დაფინანსებაზე საექსპორტო ღვინის მოცულობა შეადგენს 5,560,090 ლიტრს.

გასული წლის მონაცემების მიხედვით, თანადაფინანსების მოცულობამ შეადგინა 243,281.28 ლარი, ხოლო მიმდინარე წლის მონაცემების მიხედვით, ხელშეკრულების საერთო ჯამური ღირებულება შეადგენს 1,365,471.32 ლარს იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები სრულად დააკმაყოფილებენ ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრულ პირობებს“, - განმარტავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს ღვინის მეწარმეებისთვის საექსპორტო ბაზრებზე ხარჯების სუბსიდირების პროგრამაში ცვლილებები შევიდა. პროგრამის მიხედვით თითოეულ ბენეფიციარზე კონკრეტულ საექსპორტო ბაზრებზე წლის მანძილზე სახელმწიფოს მიერ გასაცემი ანაზღაურების მაქსიმალური მოცულობა განახევრდა და დღეისთვის 300 000 ლარს შეადგენს. შესაბამისი განკარგულება მთავრობის ვებგვერდზე 13 ივნისს გამოქვეყნდა. პროგრამაში კიდევ ერთი ცვლილება შეეხო მარკეტინგული ხარჯების გასაწევ რეგიონებს, რომლებიც აზიის, ევროპის და სხვა რეგიონების სახით ჩამოყალიბდა. აღსანიშნია ისიც, რომ „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ არ მოიცავს საქართველოში, სუამისა და დსთ-ის რეგიონებში მარკეტინგული ხარჯების ანაზღაურებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები